ავტორი:

"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტ ზურა ბაკურაძის დაღუპვაზე რომ უნდა დამეწერა, რატომღაც რამაზ ჩხიკვაძის აზდაკის სიტყვები ჩამესმა - "...ჩვენს კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი... ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ..." ყოველდღიურად იმდენი ტკივილი და უბედურება ტრიალებს ირგვლივ, რომ სისხლი და ცრემლიც დაშრა და... სიტყვებიც.

ძვირფას, საყვარელ ხალხზე სულ წარსულში, მოგონებებით გვიხდება ლაპარაკი და წერა... ალბათ, მართლაც ძალიან უსუსურები ვართ ადამიანები ჩვენი გეგმებით, ნატვრებითა და ოცნებებით, რადგან უკვე წამიც არ სჭირდება მის გაფანტვას...ამ ახალგაზრდა კაცსაც ჰქონდა თავისი გეგმები და ოცნებები, ვისზეც ახლა კვლავ მოსაგონარის დაწერა მიწევს...ანსამბლ "ქართული ხმების" ბიჭებს - დათო არჩვაძესა და დათო კიკაბიძეს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობდი, "უნივერსიტეტი" რომ ერქვათ და მე კი - რადიოში ვმუშაობდი, ანსამბლის სოლისტ ზურა ბაკურაძესა და მის ძმას - გივის კი შედარებით მოგვიანებით შევხვდი.

თბილი და მშვიდი ადამიანი ჩანდა, ღიმილიანი და თავაზიანი. კონცერტებსა და საღამოებზე ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ცოტა უფრო ხანგრძლივად ბორჯომში მოგვიწია ურთიერთობა - კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის შემოქმედებით საღამოზე. ბიჭებთან - დათოებთან ვერ დავრეკე, ან მე რა უნდა მეკითხა და ან მათ რა უნდა ეპასუხათ, ამიტომ ისევ ნატოსთან და ჩემს მეგობარ და კოლეგა მაიკო ღუღუნიშვილთან ვამჯობინე დაკავშირება. ნატოს რომ მივუსამძიმრე, - შოკში ვარ, ჯერ ვერაფრით აღვიქვამ ზურას სიკვდილსო, გაბზარული ხმით მითხრა.

- რამდენი გეგმა ჰქონდა. მან და მისმა ძმამ - გივიმ რაჭაში მიწები იყიდეს, კარტოფილი მოაშენეს. ღადაობდა ხოლმე - რაჭულ-სვანური კარტოფილი მექნებაო. ძმები ხშირად იყვნენ რაჭაში, ცხენებით დადიოდნენ, ზურა ფოტოებს იღებდა და დებდა ხოლმე "ფეისბუკში". ძალიან უყვარდა იქაურობა და... ბედისწერად კი ექცაო...

მაია ღუღუნიშვილი, ჟურნალისტი, ზურა ბაკურაძის მეგობარი:

- ზურა ადრე ანსამბლ "რუსთავში" მღეროდა და მერე გადავიდა "ქართულ ხმებში". ჩემი ჟურნალისტობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მიწევს ხელოვან ხალხთან შეხვედრა, მით უმეტეს - "ქართული ხმების" ბიჭები ჩემთვის მხოლოდ რესპონდენტები არასდროს იყვნენ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. ზურა თავისი პასუხისმგებლობით მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო, უკარგესი და უთბილესი, დინჯი რაჭველი. გაბრაზებული, აგრესიული ან ნაწყენი, არც მახსოვს. ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო. დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს და ვახლობლობდით...

ვერც კი წარმომიდგენია, მასზე წარსულში ლაპარაკი. როგორ შეიძლება, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ "ფეისბუკზე" პოსტავდა და ვიღაცას დაბადების დღეს ულოცავდა, უეცრად ასე, ტრაგიკულად გაქრა. უკეთილშობილესი, ძალიან შრომისმოყვარე იყო და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალიან პასუხებისმგებლიანი. მენეჯერის თვისებები ჰქონდა, ორგანიზატორის ბუნება და ამიტომაც შესანიშნავად უძღვებოდა ბავშვების ანსამბლს. მეუღლე და მამაც - საუკეთესო იყო. მეუღლე ჰყავს მოცეკვავე - ულამაზესი და უსაყვარლესი გოგო ნათია კობახიძე და ორი შვილი - ქალ-ვაჟი. რამდენიმე დღის წინ გააზიარა "ფეისბუკზე", რომ მისმა ვაჟმა ბაღი დაამთავრა და სექტემბრიდან სკოლაში მიდის...

მარიკა ქაცარავა, მუსიკოსი და კინორეჟისორი, ზურა ბაკურაძის უახლოესი მეგობარი:

- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ხანგრძლივი შემოქმედებითი ურთიერთობაც გვქონდა - "ქართული ხმებთან" იყო თუ მის ბავშვთა ანსამბლთან. როგორი იყო ზურა? - ძალიან თბილი, მუდამ კარგ ხასიათზე და გამორჩეულად მოწესრიგებული. ეს ბავშვებთან ურთიერთობაშიც იგრძნობოდა - ანსამბლის ყველა ბავშვი თვალებში შეჰყურებდა. არც კი ვიცი, რა გითხრათ - ყოველმხრივ საუკეთესო ადამიანი - მეგობრობაშიც, ოჯახშიც, ბავშვებთანაც, საქმეშიც. ყველაფერთან ერთად, ძალიან სერიოზულიც იყო, მაგრამ...

მეუღლესთან ერთად

ხშირად ხუმრობდა კიდეც, თუმცა, ხომ არიან ადამიანები, საკუთრივ, თავისი ხუმრობები რომ აქვთ, ზურა ასეთი ასეთი კი არ იყო, სწორედ სერიოზულ სიტუაციაში უცებ ისეთ ხუმრობას მოარტყამდა, ეს იუმორი ყველაფერს სჯობნიდა. მუშაობის დროს როგორი იყო? - უნიჭიერესი. ყოველთვის ზუსტად იცოდა ყველაფერი, რა უნდოდა ან რა არ უნდოდა. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ეს ძალიან იშვიათია, უმრავლესობას აკლია ეს სიზუსტე. რა სჭირდებოდა სიმღერის ჩაწერისას, ამოსუნთქვა იყო თუ ნებისმიერი რამ, რაც სიმღერიაში სჭირდებოდათ - ბიჭებთან იყო, დიდ ანსამბლთან, ბავშვებთან თუ თავის სოლოში, აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით დალაგებული ჰქონდა. იმიტომ ვამბობ - ძალიან მოწესრიგებული ტიპი იყო.

ჯერ კიდევ შოკია მისი ამბავი, სულ რაღაც საათ-ნახევრის წინ გამაგებინეს. სხვათა შორის, ამ პანდემიიდან გამომდინარე კარგა ხანია, არ მინახავს. მერე მათაც ჰქონდათ კოვიდი, ოჯახში. დედაც "კოვიდის" გართულებებით გარდაეცვალა ორი კვირის წინ. რაჭაში დაკრძალეს. ამიტომაც აღმოჩნდა იქ. თანაც, მასა და მის ძმას - გივის მეურნეობა ჰქონდათ რაჭაში, ონის რაიონში და ძალიან ახარებდა ეს ამბავი. უყვარდა იქაურობა, ცხენებითაც დადიოდნენ, სანადიროთაც.

ბიჭებმა შემატყობინეს მისი დაღუპვის ამბავი. მგონი, შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით. ასეთი რა ადგილი იყო, არ ვიცი, მაგრამ მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია. მისი არყოფნით რა დამაკლდება? ძმაკაცი, განუყრელი მეგობარი, რომელსაც ყველანაირ საიდუმლოს ვანდობდი, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო ლაპარაკი. შემოქმედებითათაც ძალიან დამაკლდება - გარდა იმისა, რომ თავის სიმღერას წერდა ხოლმე, ერთმანეთისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობდით. ერთი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა... მისი გარდაცვალება ყველასთვის და საქართველოსთვისაც ძალიან დიდი დანაკლისია.

  • რედაქციის სახელით ვუსამძიმრებ ზურას ოჯახს, "ქართული ხმების" ბიჭებს და ყველა ახლობელს მის გარდაცვალებას! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ

"ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით" - ივანე ჩხაიძე