ავტორი:

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"

ალბათ, გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინ რომ დავწერეთ ქართულ-ბრიტანულ კოპროდუქციაზე, კინოფილმზე - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“, რომლის საპრემიერო ჩვენება როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და - დიდი წარმატებითაც. ახლახან ფილმის პრემიერა მოეწყო მოსკოვში და სწორედ რუსულ პრესასა და ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ მასზე. "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“ სარეჟისორო დებიუტია რუსული წარმომავლობის მწერლისა და მხატვრისთვის - ჟუჟა დობრაშკუსისთვის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მისივე დაწერილია სცენარიც. ფილმი შავ-თეთრია და გადაღებულია ქართულ ენაზე. მასში გადამღები ჯგუფიც ქართულია და - საშემსრულებლოც. რეჟისორმა ფილმში გადაიღო ქართველი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები: ანასტასია დევიდსონი, ანა ჩირაძე, ალექსანდრე გლურჯიძე, ნატუკა გულისაშვილი, გულიკო გურგენიძე, ანუშა ანდრონიკაშვილი, თაკო აბაშიძე და სხვ.

ფილმის სიუჟეტი საქართველოში, კერძოდ - სამეგრელოში ვითარდება და ძველ ტრადიციას შეეხება. ფილმში მოთხრობილია ერთი პროვინციული ოჯახის ამბავი. მის ანოტაციაში ვკითხულობთ: "გარდაიცვლება ბებია, რომელიც ძალიან თავისებური და მკაცრი ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვრებისეულ კვალს ტოვებს, რომელიც სააქაოსა და საიქიოს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ყველას ახსოვდეს, ვინ არის, საიდან მოდის, რისთვის ცოცხლობს და ცხოვრობს... ფილმის ცენტრალური პერსონაჟია შვილიშვილი - არიადნა (საინტერესოა, რომ მის ბებიას მედეა ჰქვია), რომელსაც ბავშობაში ძალიან ეშინოდა მკაცრი ბებიის. ამჯამად იგი უცხოეთში ცხოვრობს, მოდელია და გარდაცვლილი ბებიისთვის პატივის მისაგებად ევროპიდან საქართველოში ბრუნდება... ფილმში 21-ე საუკუნის იდეოლოგია უკანა პლანზე გადადის და ქალიშვილის მონაწილეობით ეკრანზე ძველი ტრადიცია ცოცხლდება... მას, როგორც ოჯახის უმცროს წევრს, ბებიის სულის მოსახსენებელი წესის შესრულებას დაავალებენ - საავადმყოფოდან, სადაც ბებია გარდაიცვალა, სოფლის სასაფლაომდე უნდა გაჭიმოს ძაფი, რატა ბებიის სული ცხედრის კვალს მიჰყვეს. ფილმის მთავარი გმირი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამ, მისი აზრით, მოძველებულ ტრადიციას, მაგრამ ბებია იმ ქვეყნიდანაც კი კარნახობს შვილიშვილს, რომ დავალება უნდა შეასრულოს...“

ჟუჟა დობრაშკუსი

რეჟისორი ჟუჟა დობრაშკუსი ამბობს, რომ იგი კარგად იცნობს სახელგანთქმული ქართული კინოს დიდებულ ტრადიციებს და დაურთავს, რომ საქართველო მითიური ადგილია, სადაც ერთდროულად შეიძლება დაინახო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ამიტომ შეარჩია მან ფილმის გადასაღებად ეს ქვეყანა და განმარტავს, რომ საიქიოსა და სააქაოს ამგვარად დაკავშირების კადრები რეალურ სინამდვილეს ასახავს: სამეგრელოში არის ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანის სული გარდაცვლილს აუცილებლად თან უნდა გაჰყვეს და ამაში მას გაჭიმული ძაფი ეხმარებაო...

"ბავშვობიდან ვოცნებობ მსახიობობაზე. 7 წლის ვიყავი, თეატრალურ კურსებზე რომ შემიყვანეს და, მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი. ეს ფილმი კი - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“ ჩემი დებიუტი არის კინოში და ამან კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მომიტანა“, - მითხრა ფილმში მთავარი პერსონაჟის - არიადნას როლის შემსრულებელმა, 17 წლის ჟღალთმიანმა ლამაზმა გოგონამ - ანასტასია დევიდსონმა. ვიდრე გავესაუბრებოდი, გვარიდან და არაქართული გარეგნობიდან გამომდინარე, უცხოელი მეგონა, ნაწილობრივ, ასეც აღმოჩნდა, მაგრამ ანასტასია ნამდვილად ქართველი გოგონაა, თბილისში ცხოვრობს, სწავლობს და სამოდელო სააგენტო "ნატალის“ მოდელიც გახლავთ.

- როგორ და სად აღმოგაჩინა რეჟისორმა?

- მესამე წელიწადია, რაც "ნატალის“ მოდელი ვარ. პირველად კი 15 წლის ასაკში, სწორედ იმ დღეს გამომიყვანეს თბილისის "ფეშენ უიკზე“, როდესაც მას ფილმის რეჟისორი, ქალბატონი ჟუჟა დობრაშკუსი დაესწრო. თურმე, თავისი სადებიუტო ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. მანამდე არც არავინ ჰყოლია შერჩეული და იქ მე მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის. წარმოგიდგენიათ, როგორ გამიმართლა? ჩვენების შემდეგ მითხრა, როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ არიადნას როლისთვის იდეალური ტიპაჟი იყავიო.

- ქასთინგი არ მოეწყო?

- დიახ, მოეწყო, მაგრამ არა - ჩემს შემთხვევაში. ფაქტობრივად, რეჟისორს მართლაც ერთი ნახვით მოვეწონე და ალტერნატიული ვარიანტი აღარც უძებნია.

- გამოდის, რომ ორმაგი დებიუტიც კი გქონდა - სამოდელო და სამსახიობო, თანაც - ბავშობის ოცნება აგიხდა...

- უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი. ბავშვობის ოცნებებისას წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის, რომ ოდესმე რომელიმე ფილმში მთავარ როლს შევასრულებდი. ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ვერც ვიჯერებდი. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ თან თავს ვიმშვიდებდი, რომ სწორედ იმას ვაკეთებდი, რაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ძალიან მინდოდა. სასწაული გრძნობა იყო, უკარგესი...

კადრი ფილმიდან

- ანასტასია, საკმაოდ დრამატული როლი გერგო, თანაც - მთავარი როლი. არც სხვისი როლის მორგებაა იოლი, მით უფრო - არაპროფესიონალისთვის და ბავშვისთვის. როგორი იყო შენი არიადნა, როგორ მიიღე და მოერგე მას?

- არიადნა ძალიან არ განსხვავდებოდა რეალური "მესგან“. ის გოგონა უცხოეთში ცხოვრობდა და თავის ოჯახთან, განსაკუთრებით კი - ბებიასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ბებია სულ ეუბნებოდა, რომ ის მათი შვილი არ იყო, რადგან ფიზიკურადაც და ბუნებითაც ძალიან განსხვავდებოდა ოჯახის წევრებისგან - ჟღალი თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები და ისედაც, მისგან ცხოვრებაში არაფერი გამოვიდოდა. არიადნამაც გადაწყვიტა, რომ ყველასთვის საპირისპირო დაემტკიცებინა და საზღვარგარეთ წავიდა. იქ მოდელობა დაიწყო და ბევრ წარმატებასაც მიაღწია...

- თითქოს, შენს ნამდვილ ცხოვრებას ჰგავს...

- მხოლოდ ნაწილობრივ, საქმიანობიდან გამომდინარე, თორემ მე და არიადნა ოჯახებით ძალიან განვსხვავდებით. მე ბავშვობიდან მაქვს ჩემი ოჯახის უდიდესი მხარდაჭერა, ამიტომ არიადნას საოჯახო ურთიერთობები და კონფლიქტები ჩემთვის სრულიად უცხო იყო. საქართველოშიც ხომ მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბებია გარდაიცვალა. არც განუცდია მისი სიკვდილი, მაგრამ ვალდებულებისა და ტრადიციების გამო მაინც გააკეთა ყველაფერი, რაც ევალებოდა.

- ძაფის გორგალით დიდი გზა გაიარა შენმა არიადნამ საავადმყოფოდან სასაფლაომდე...

- გზა დიდიც იყო და რთულიც, მაგრამ ვფიქრობ, ჩემმა გმირმა ეს მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით გააკეთა და ემოციებიც ნაკლებად ჰქონდა. დიდი წყენა აქვს გამოყოლილი ბებიისადმი და... პრინციპში, ბოლოს, თითქოს, პატიობს კიდეც, რადგან საზღვარგარეთ გამგზავრების წინ მაინც მიდის მის საფლავზე. ასე მთავრდება ფილმი.

- გადაღების ამბებიც მომიყევი - სად გქონდათ და როგორ გაართვი თავი?

- შემოდგომა იყო, ოქტომბერი და მხოლოდ საქართველოში ვიღებდით. რამდენიმე ლოკაცია გვქონდა - თბილისშიც და თბილისის გარეთაც. ძაფის წაღების კადრები ჭიათურაშიც გადავიღეთ, ლამაზი რომ გამოსულიყო, საგანგებოდ შეაჩიეს ადგილები. განსაკუთრებით რთული ღამის გადაღებები იყო. ხშირად ვიყავით გამოუძინებლები და ამიტომ გადაღების პერიოდშიც ხშირად ჩამძინებია, მაგრამ... იმდენად მიყვარდა და მომწონდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, რომ გადაღებების ერთმა თვემ ძალიან სწრაფად ჩაიარა. ბოლო დღე ემოციებით იყო სავსე და არასდროს დამავიწყდება. უკვე ყველაფერი მენატრება.

გადასაღებ მოედანზე

გადაღებამდე არავის ვიცნობდი, ყველანი მუშაობის პერიოდში გავიცანი და მართლა ერთ ოჯახად ვიყავით. ერთმანეთს ვეხმარებოდით და გამოცდილი მსახიობებისგან, მაგალითად - ანა ჩირაძისგან, რომელიც დედაჩემის როლს ასრულებდა, ბევრ რჩევასაც ვიღებდი. ჩემს ეპიზოდებში მხოლოდ რამდენიმე ვმონაწილეობდით და ამიტომ მთელ გადამღებ ჯგუფს არც ვიცნობ, არც ჩემს "პატარაობას“ შევხვედრივარ და არც "ბებიას“. ერთი-ორჯერ შევხვდი "ბაბუას“.. მახსოვს, სცენარი გადაღებამდე ერთი თვით ადრე უკვე ზეპირად ვიცოდი და შინაც ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ინტერნეტში ბევრი წარმატებული მსახიობის მასტერკლასი მქონდა ნანახი და მათი გამოცდილება გავითვალისწინე - თავიდან სარკის წინ გავდიოდი რეპეტიციებს, შემდეგ ვიდეოს ვიღებდი და მერე ვნახულობდი, "სხვისი“ თვალით რომ შემეფასებინა. პროფესიონალების გამოცდილებაც ძალიან გამომადგა და საკუთარიც - ბავშვობის თეატრალური კურსებიდან. არც პუბლიკის შიში გამჩენია - გადაღებას, ხომ, უცნობი ადამიანებიც ესწრებოდნენ და ჩემთვის ეს დაბრკოლება არ იყო. მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ძალიან სასიამოვნო იყო გადაღების პროცესი.

- შენს პარტნიორზეც მიამბე - ფილმში მის გმირს თემო ჰქვია. როგორი იყო თქვენი დუეტი?

- თემოს როლს სანდრო გლურჯიძე ასრულებს. ფილმში თემო ჩემთვის უცნობი ბიჭია, დედაჩემის ახლო მეგობარი, რომელიც გამომაყოლეს, საავადმყოფოდან სასაფლაომდე ძაფის მიტანაში რომ დამხმარებოდა. პირველად რომ ვხვდებით, ვეკითხები, ვინ ხარ-მეთქი და მპასუხობს, შენი ოჯახის მონა ვარო. გამოდიოდა, რომ როგორც მე ვიყავი ვალდებული, ძაფი ბოლომდე მიმეტანა, ისევე ევალებოდა თემოს, მე დამხმარებოდა. იგი ყველგან დამყვება და მეხმარება ძაფის გაშლაში, თან გზადაგზა ვეცნობით ერთმანეთს, თუმცა დიდად კარგი ურთიერთობა არ გვაქვს.

- ყველაზე მეტად რა ეპიზოდის გადაღება გაგიძნელდა?

- ერთ კადრში სიცილი ისტერიკულ ტირილში უნდა გადამსვლოდა და ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა მაინც გავართვი თავი და, როგორც მითხრეს, ძალიან კარგად გამომივიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფილმის რეჟისორი ჟუჟა დობრაშკუსი გადაღების ძალიან კმაყოფილი დარჩა და მისგან სწორედ ის მოვისმინე, რასაც ვნატრობდი, - დიდი ტალანტი გაქვს და თუკი სამსახიობო კარიერას აირჩევ, დიდი მომავალი გექნებაო.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა