ავტორი:

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

ექიმი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა. მან თავისი ხშირი და ემოციური სატელევიზიო თუ "ფეისბუქჩართვებით" განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას, რომელმაც გიორგი ფხაკაძე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ისე გაიცნო, თუმცა, როგორც ირკვევა, მას ბევრ მნიშვნელოვან პოზიციაზე უმუშავია და დღემდე მეტად საინტერესო ცხოვრებაც გაუვლია, რაზეც AMBEBI.GE-ის უამბო:

- დედით უკრაინელი, მამით ქართველი ვარ. ბავშვობიდან ლვოვსა და ქუთაისში ვსწავლობდი და არაერთი სკოლა გამოვიცვალე. ამას გარდა, მუსიკალურ სკოლებში ვსწავლობდი, ჭიდაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი, როდესაც უკრაინაში დედას ბალეტზე დავყავდი, ქუთაისში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, ჭადრაკით ვიყავი გატაცებული. ბავშვობა ძალიან დატვირთული მქონდა, სათამაშოდ დრო არ მრჩებოდა. ლვოვი და ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქებია. ხუთი წლის ასაკში მარტომ ვიმოგზაურე საქართველოდან უკრაინაში. ჩამსვეს თვითმფრინავში, ვიღაც კაცს მიმაბარეს და მე მივასწავლე იმ კაცს, როგორ მივეყვანე სახლამდე. ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ხუთი წლის ასაკიდან ბაზარში მარტო დავდიოდი. დედაჩემი ფულს მომცემდა და მე ვყიდულობდი. დამინახავდნენ, - რა საყვარელი ბავშვიაო და ისე მიკლებდნენ ფასებს... ჰოდა, მეც გემრიელად ვვაჭრობდი. ბავშვობიდან ვისწავლე ვაჭრობა, ხარისხის ცნობა. ყველა ყველს ვსინჯავდი, ვიდრე კარგ ყველს არ შევარჩევდი. თან ვიმახსოვრებდი, ვისთან როგორი იყო, მერე იმას ტვინს ვუბურღავდი, ვიდრე ფასს მაქსიმალურად არ დავაკლებინებდი. როცა საჭიროა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზეც ვვაჭრობ... მეუბნებიან, გიორგი რას შვრებიო? ვპასუხობ, - მაცადეთ! ქუთაისის მწვანე ბაზარი და ნიუ-იორკის მანჰეტენის ბაზარი ერთი და იგივეა, იქაც ფასებს ვაკლებინებ - მეთქი...

- თქვენს პროფესიულ არჩევანზე და ზოგადად, ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?

- სამედიცინოზე ჩაბარების ამბავი მე ვინ მკითხა, დედაჩემს უნდოდა თეთრი ხალათი მცმოდა. მამა ეუბნებოდა მზარეულებსაც კი აქვთ თეთრი ხალათიო, მართალი იყო, სჯობდა, მზარეული გამოვსულიყავი. დედა ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, ისე გამზარდა, ჩემზე ხელი არასდროს აუწევია, მაგრამ ისეთი მწარე ენა ჰქონდა, სჯობდა კარგად ვეცემე. როცა სწავლა არ მინდოდა, მეტყოდა, - რად გინდა სწავლა, აგერ ცოცხი და იმუშავე დამლაგებლადო. მეც ვტიროდი, არ მინდა "დვორნიკობა - მეთქი". სამედიცინოზე სწავლა არ მინდოდა, რადგან სისხლის ძალიან მეშინოდა. ერთხელ დედამ მაიძულა, ქათამი დამეკლა... ამ ქათამს ყელი ცოტათი წავაჭერი, მაგრამ ვერ მოვკალი, წამოხტა ეს სისხლიანი მამალი და გამომეკიდა, სამი წრე დავარტყი სახლს ყვირილით, მამალი სისხლისგან იცლება, მაგრამ გამწარებული მომდევს, მე დავრბივარ.

საბოლოო ჯამში, მაინც ჩავაბარე სამედიცინოზე. სახლში ყველა სიგარეტს ეწეოდა. დედა სულ მეუბნებოდა, - სჯობს შინ მოწიო სიგარეტი, მე საუკეთესო ხარისხის მაქვსო... ალბათ რომ არ მიკრძალავდნენ, ამიტომაც არასდროს არ გამჩენია მოწევის ინტერესი. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ პირველად დედამ მომცა პრეზერვატივი...

იმ დროს, სექსუალური თვალსაზრისით, მე ვიყავი ყველაზე განათლებული ბავშვი, ერთადერთი ვიყავი სკოლაში, რომელმაც იცოდა ბავშვი საიდან ჩნდება, რადგან დედაჩემმა მომცა წასაკითხად გინეკოლოგიის წიგნი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი. წავიკითხე, გავიგე და გადავედი შემდეგ ეტაპზე. სექსუალური განათლება მივიღე დედისგან.

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ?

- ჩემი ოცნება იყო, საღორიის საავადმყოფოში ქირურგად მემუშავა. თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ შაბათ-კვირას ჩავდიოდი ქუთაისში, იმიტომ რომ დედასთან ყოფნა ძალიან მიყვარდა. ქუთაისში შემთხვევით, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და იქედან წამოვიდა სხვადასხვა არასამთავრობოები ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 20 წლის ასაკში, უკვე "ენჯეოშნიკი“ და გავლენიანი ადამიანი ვიყავი. ეხუმრებით, გიორგი ფხაკაძის ორგანიზებით, ამერიკის ელჩი ჩამოვიდა ქუთაისში. წარმოიდგინეთ, 1999 წელს ეს რამხელა ამბავი იქნებოდა. რომ დავრჩენილიყავი საქართველოში, ალბათ მთავრობაში ამოვყოფდი თავს.

- არ გდომებიათ საქართველოს მთავრობაში მოსვლა?

- იყო ლაპარაკი, რომ 21 წლის ბიჭი იმერეთის იმჟამინდელი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის თანაშემწე ვყოფილიყავი. ჩემი რეკომენდაციით, ამერიკის საელჩო ხალხს ვიზას აძლევდა, წარმოგიდგენიათ, რამხელა ნდობა მქონდა... ზრდის მაქსიმუმს მივაღწიე და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ქუთაისში ვიყავი ერთადერთი, თბილისში ვიქნებოდი ერთ-ერთი. გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი და წავედი ნეპალში, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ. ფულიც მქონდა, ვიფიქრე, წავალ, დავისვენებ, თან მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვფიქრობდი. ნეპალი იმ დროს ძალიან ღარიბი და იაფი ქვეყანა იყო, საქართველოზე იაფიც კი. იქაურ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჰქონდათ კარგი პროგრამა, გადავწყვიტე წავსულიყავი. მაგ დროს ჟენევაში ვიყავი, დავურეკე დედას და ვეუბნები: - დედა, მე კატმანდუში მივდივარ ერთი წლით. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, ველოდები, ვაიმე ახლა რას მეტყვის, ალბათ გადაირევა, ატეხავს წივილ-კივილს და ამ დროს მეუბნება, - ხომ იცი, იქედან კამასუტრა წამოიღე და აქედან ბევრი პრეზერვატივი წაიყოლე... - ეს იყო დედაჩემის რეაქცია.

ყველა ჩემი მეგობარი მიდიოდა ამერიკაში, ევროპაში და მე წავედი ნეპალში. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ორი წელი ვიცხოვრე ნეპალში, დავწერე ჩემი პირველი წიგნი, რომელიც იქვე დაიბეჭდა, სხვათა შორის, ეს წიგნი გაეროს შრომითი ორგანიზაციის კატალოგშია შეტანილი. ჩემი ყველა კურსელი, ათი ადამიანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და მე ვიყავი ის, ვინც ჩემით ჩავაბარე. ამის შემდეგ ავდექი და ნეპალიდან ინდოეთში წავედი მატარებლით. უზარმაზარია ინდოეთი, მატარებელი სამი დღე გაუჩერებლად მიდიოდა, თავი ამოვყავი სამხრეთ ინდოეთში, მაშინ სოციოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა, სადოქტორო დავიცავი სამედიცინო ანთროპოლოგიაში, იშვიათი სპეციალობაა, საქართველოში არც მეგულება არავინ, ვისაც ეს ჰქონოდა დამთავრებული. ინდოეთში 4 წელი ვიცხოვრე, ჩემი მეორე სამშობლოა, ინდოეთში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თბილისში. ნეპალში ვმუშაობდი, როგორც ექიმი, ასევე ინდოეთში, ყველაზე ძვირადღირებულ საავადმყოფოში ვმუშაობდი, სასწრაფოს ექიმიც ვიყავი. უამრავი კვლევა და კურსი მაქვს გავლილი იქ. ყოველ შაბათ-კვირას ჩემი ნებით ვმუშაობდი ღატაკთა უბანში, საავადმყოფო მაძლევდა უფასო წამლებს, მეც ვყიდულობდი პრეპარატებს და ყოველ შაბათ-კვირას ვხდებოდი "თეთრი ექიმი“, რომელიც ერთ დღეს ვიყავი ძალიან ღარიბ უბანში, სადაც ზოგჯერ დღეში 80 ადამიანი მოდიოდა ჯანმრთელობის პრობლემებით... და მეორე დღესრასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ მივდიოდი სექსმუშაკებთან, ესენი იყვნენ ქალები, კაცები და ტრანსგენდერები. უფასო კონსულტაციებს და მცირე მანიპულაციებს ვუტარებდი.

- სომალიში როგორ მოხვდით?

- ბოლომდე დაცული არ მქონდა ინდოეთში სადოქტორო, როდესაც მეორე სადოქტოროზე ჩავაბარე ბუქარესტში, რადგან სტუდენტი ვიყავი, ექიმად მუშაობა არ შემეძლო, ვერ ვისვენებდი უმუშევრად, გავაგზავნე "სივები" და "იუნისეფმა" გამაგზავნა სომალიში, გლობალური ფონდის მონიტორინგზე. ეს პოზიცია ისეთი საშიში იყო, სომალიში კაციშვილს არ უნდოდა წასვლა, სამაგიეროდ მაღალი ხელფასი იყო, რადგან საშიში ზონა გახლდათ. ვიცოდი, რომ სომალიში ომია, მაგრამ დეტალურად რა ხდებოდა, არ ვიცოდი. ეს გიჟური გადაწყვეტილება მივიღე, ჩავედი და ყველაზე დიდი ხელფასი მე მქონდა. ვიყავი პირველი თეთრი ადამიანი, რომელიც ჩავიდა სომალიში მას შემდეგ, რაც იქ ამერიკელები დახოცეს.

- სომალიში თუ აღმოჩენილხართ სახიფათო მდგომარეობაში?

- საშიშროება ძალიან ბევრი იყო. მაშინ გიჟი ვიყავი, შიშის გრძნობაც არ მქონდა. იქ ყველანი არიან მეკობრეები. ძალიან სარისკო საქმეებს ვაკეთებდი, შუბლზე იარაღმიდებულმა სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მეკობრეებთან ვცხოვრობდი და იქ ვალაგებდი ჯანდაცვას. იმ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს კლავდა, დიდი ხოცვა დაიწყო. ვრეკავ, თვითმფრინავი მჭირდება და გამომიყავით - მეთქი. თვითმფრინავი ორ დღეში მოვაო. ორ დღეში ჩემს ძვლებსაც ვეღარ ნახავთ-მეთქი, წითელ ჯვარს ვეხვეწე, - არაო. ნარკობარონს ვესაუბრე, ეთიოპიიდან გემით ნარკოტიკი ჩამოჰქონდათ, იმანაც კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შენ ვერ გადაგიყვან, ნარკოტიკს - კი, ბატონოო. ვფიქრობდი, გემით გადამეცურა, რომ იემენში გადავსულიყავი. დავიქირავე გემი და მერე მითხრეს, - არ ქნა, თორემ შუა ზღვაში გადაგაგდებენო. მანქანით რომ წავსულიყავი, გზა ყველგან დანაღმული იყო. იქ რაღაც ისეთი მოხდა, რასაც ვერ გეტყვით, მოკლედ, გადავრჩი.

- ალბათ სომალიში დიდხანს არ დარჩენილხართ...

- მე ვარ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მეტადონის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამის შემდეგ ვიყავი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და სომხეთში, სომხეთში ისეთი ძლიერი რეფორმები გავაკეთე, სომხებს ახლაც ვახსოვარ. რუსეთში არ შემიშვეს. ამის შემდეგ ჯანმო - ში ვმუშაობდი, ჟენევაში, რამდენიმე წელი. ბევრი საინტერესო რამ გავაკეთე. მერე ბირმაში გამოჩნდა საინტერესო პოზიცია, იქ ვიყავი შიდსის და არალეგალური წამლების ექსპერტი...

ვმუშაობდი სომხეთში, მერე თბილისში, მერე ისევ დავბრუნდი ინდოეთში. ინდოეთში ვინც მუშაობს საჯარო სექტორში, ყველა გადის ჩემს მიერ შემუშავებულ კურსებს. რამდენიმე წელი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ერთ-ერთ ჩემს ჩამოსვლაზე საქართველოში, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა "ჩემი ოჯახის კლინიკაში“, ახლანდელ "ევექსში“ მრჩევლად მუშაობა და საბოლოო ჯამში აღმოვჩნდი "ალდაგში“. პარალელურად ვიყავი ინდოეთის მინისტრის მრჩეველი და თბილისშიც ჩამოვდიოდი თვეში ერთი-ორჯერ... გიორგი ფხაკაძეს ერაყში, მოსულის აღების დროს, არაერთი საველე ჰოსპიტალი აქვს გაკეთებული. მობილური ბრიგადებიც მომიმზადებია. ისლამისტები რომ ბომბავდნენ, მოსულთან ახლოს ვიყავი, მახსოვს, შევამოწმე ერთი სამედიცინო პოსტი, ცოტა ხანს უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ რატომღაც ვიჩქარე და მეორე პოსტის შესამოწმებლად წავედი და წამოვედი თუ არა, ის პოსტი აფეთქდა და ყველა გარდაიცვალა... მე გადავრჩი.

- ამასობაში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლი ააშენეთ, როგორი ისტორია აქვს თქვენს სახლს?

ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ - შუასაუკუნებრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც, სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე-სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედათა მონასტრად გადააკეთა.

1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი - გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალბინიანი "კომუნალკა“ გახდა. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.

გავყიდე ჩემი ულამაზესი სამსართულიანი სახლი წერეთლის 17-ში, ქუთაისში და ამ ფულით შევძელი ბოლო მეზობლის ერთი ოთახის ყიდვაც თბილისში. მერე რემონტი წლების განმავლობაში ვაკეთე. რაც ფული მიშოვია, ყველაფერი ამ სახლის კედლებში ჩავდე. სახლი ნახევრად დანგრეული იყო, ამის აღდგენა მოხდა 20 წლის რთული მუშაობით. ახლა ეს სახლი ჩემთვის საქართველოში ულამაზესი და ყველაზე საინტერესო სახლია. ამ სახლის საძირკველი მე-18 საუკუნისაა. საფრანგეთში, ძველი, ნაპოლეონის დროინდელი სახლი მაქვს.

- როგორ გახდით გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი?

- ამასობაში პარალელურად, არაერთი დიდი ორგანიზაცია მთავაზობდა მრჩევლობას. ყველაზე საინტერესო იყო, როცა ნიუ-იორკიდან, გაეროს გენერალური სამდივნოდან დამირეკეს და მკითხეს - თქვენ ხართ გიორგი ფხაკაძე? - დიახ, მე ვარ - მეთქი. თქვენ გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგნიშნათ თავის მრჩევლადო. მეუბნება, - საბუთებს მიიღებთ, მოაწერეთ ხელი, პრესრელიზი უნდა დავდოთ ორ საათში და მართლაც ორ საათში დაიდო პრესრელიზი. ძალიან დავიღალე, 4 დიდი და მნიშვნელოვანი ბორდის წევრი ვარ, პლუს ლექციები. გადავწყვიტე, რომ არ მინდა ცხრიდან ექვსამდე სამსახური. საფრანგეთში სახლი ვიყიდე და 42 წლის ასაკში პენსიაში გავედი.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, დაოჯახებული ხართ?

- ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება დრო. ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ბევრი ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ყველა კლასელს ქუთაისში ოჯახი დაენგრა. მე ოფიციალურად მაინც არავინ მომიყვანია, ასე გაშორება უფრო იოლია, იმათი შემყურე არ მინდა ცოლი. ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და არ უნდა იცოდეს, ვინ წევს ჩემს ლოგინში. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დღეს როგორ ვარ და ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. ლვოვში ერთი გოგო მომწონდა და დედა სულ მეუბნებოდა, - ცოლად ქართველი გოგო უნდა მოიყვანოო. ვნახოთ, იქნებ, ოდესმე მართლაც ქართველი ქალი მოვიყვანო ცოლად.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია