ავტორი:

"6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა

"6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა

"6665 ადამიანის საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ" - ასე მიმართა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას წარადგინა ასევე პრემიერ-მინისტრის ძვირადღირებული საათის ფოტო. დეპუტატის თქმით, აღნიშნული საათის ფასი 300 000 ლარია.

"1 ლარი და 50 თეთრი, ბატონო ირაკლი, იცით რას აღნიშნავს, ან 73 თეთრი? - თუ არ იცით მე გეტყვით, რომ ასიათასობით თანამოქალაქეს ეუბნებით, რომ ყოველდღიურად ერთ ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ.

ბატონო ირაკლი, აქ არის დამრგვალებული თქვენი ერთი თვის ხელფასი, 30 000 ლარი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული.

425 670 ლარი - რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი ეს ციფრი? - ეს თანხა თქვენ გადაიხადეთ ორ ავტომობილში - თქვენ და თქვენმა მეუღლემ. პოლიციელი, ჯარისკაცი კი 71 წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს, რომ ზუსტად თქვენნაირი ავტომობილი იყიდოს.

300 000 ლარი და 6 665 ადამიანი - ალბათ, ვერ მიხვდებით რას ნიშნავს. 6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი, ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, "რადიო თავისუფლებამ“ ჩაატარა ჟურნალსიტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ამ გამოძიების მიხედვით, ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, რომელთაგან თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

ნახეთ ლევან ხაბეიშვილის პარლამეტში გამოსვლა: