თინა კანდელაკი სოციალური პროგრამის წამყვანი გახდა

თინა კანდელაკი სოციალური პროგრამის წამყვანი გახდა

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი რადიოსადგურ Вести ФМ-ზე ახალ ყოველკვირეულ პროგრამას გაუძღვება - ამის შესახებ ცნობა საპროდიუსერო კომპანია Апостол Медиа-ს პრესრელიზით გავრცელდა. შოუს პირველი გამოშვება, რომელსაც Аль­тер­наТИНА ეწოდება, ეთერში 22 სექტემბერს გავიდა.

თინა კანდელაკი, თითოეული პროგრამის შედეგის მიხედვით, სოციალური სფეროს აქტუალური პრობლემების გადაჭრის წინადადებათა სიას შეადგენს, რომელთაც განსახილველად შესაბამის უწყებებს გაუგზავნის. თინა საზოგადოებრივი პალატის წევრია და ამიტომაც, მისი მიმართვა ყველა სამინისტროში განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი. "ცოცხალ ჟურნალში" განთავსებულ ბლოგში ტელეწამყვანი აცხადებს, რომ Аль­тер­наТИНА-ს მთავარი სლოგანი იქნება ფრაზა - "ყველაფრის გადაწყვეტა შესაძლებელია!"

პროგრამა "Аль­тер­наТИНА"-ს თანაწამყვანები პოლიტიკოსები, მეწარმეები, ჟურნალისტები და მეცნიერები იქნებიან. პროგრამის პირველი გამოშვების სტუმრები ჟურნალ "რუსული Newsweek"-ის მთავარი რედაქტორი მიხეილ ფიშმანი, გაზეთ "კომერსანტის" მიმომხილველი ოლეგ კაშინი და კიროვის ოლქის გუბერნატორი ნიკიტა ბელიხი იყვნენ. პირველი გამოშვების განხილვის თემა ტურისტებისთვის რუსეთის მიმზიდველობის გაზრდის საკითხი იყო. უკვე ცნობილია, რომ მომდევნო გამოშვებებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემისა და უცხოეთის პასპორტების ინტერნეტის მეშვეობით მიღების საკითხს განიხილავენ.

საპროდიუსერო კომპანია Апостол Медиа ტელეარხ СТС-ზე ტელეპროგრამა "ინფომანიას" ამზადებს. თინა კანდელაკს სხვადასხვა დროს СТС-ზე რამდენიმე პროგრამა მიჰყავდა, ახლა კი ამ შოუს პროდიუსერია. როგორც ცნობილია, პოპულარული ტელეწამყვანი კიდევ რამდენიმე ტელეარხთან თანამშრომლობს. ამ დღეებში ცნობილი გახდა ისიც, რომ ანდრეი კოლესნიკოვისა და თინას ერთობლივი პოლიტიკური გადაცემა - "არარეალური პოლიტიკა", რომლის სტუმრები პოლიტიკასთან არაფრით არიან დაკავშირებულნი, ტელეარხ РЕН ТВ-დან НТВ-ზე გადავიდა და ეთერში ყოველ სამშაბათს გავა - ამის შესახებ განცხადება თავად ანდრეი კოლესნიკოვმა გააკეთა.

"ეს პროგრამის განვითარებას ნიშნავს, რაც ავტორებისთვის უდიდესი გამოწვევაა... ჩვენ გადაცემისთვის რამდენიმე საინტერესო სიახლე მოვიფიქრეთ", - განაცხადა ჟურნალისტმა, რომელიც პროგრამის НТВ-ზე გადატანის მიზეზების შესახებ არაფერს ამბობს.

ნატო მანჯავიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები