ავტორი:

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს. მომღერალი და ტელეწამყვანი ბალერინა გახლდათ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ტრავმის შემდგომ სამუდამოდ დაემშვიდობა ბალეტს და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, როდესაც პირველი სიყვარული, სერგი ავარიით დაიღუპა.

წყვილს პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელი მეგობრობდნენ. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს.

  • წლების წინ “პროფილში” სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა. აი, რას წერს ამჯერად მომღერალი სოციალურ ქსელში.

"მისაღები გამოცდების ქარ-ცეცხლში ვტრიალებდი 2002 წლის ივნისში. სკოლა დავამთავრე სადაც სასწავლო 9 წელი არაადამიანურ შრომაში გავატარე, სადაც ყველა ჩემი პირველი ტრავმა მივაყენე თავს - ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური… პროფესია, რომელსაც 9 წლის მანძილზე გული, სული, მთელი ბავშვობა და საუკეთესო წლები შევწირე. 9 წლის მანძილზე ჩემი ბევრი მეგობრისგან განსხვავებით 9 საათზე მეძინა, მშიერი ვიყავი და დღეში 7-8 საათს ვარჯიშობდი.

ბნელ და ნავთის სუნიან თბილისში ჩემი დაზიანებების აღმდგენი ექიმიც არ არსებობდა. საზღვარგარეთ სწავლის და მკურნალობის პერიოდი ნისლიანი ამინდივით მახსენდება და მთრგუნავს. მძიმე ივნისი დადგა 2002 წელს. ბავშვობის ოცნებას საბოლოოდ წერტილი დავუსვი და სხვა პროფესიაზე შევაჩერე არჩევანი. თეატრალურ უნივერსიტეტში დრამისა და კინოს ფაკულტეტი კიდევ ერთი შანსი იყო თეატრთან დამეკავშირებინა ცხოვრება.

ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფეხს იმდენ ხანს ვითრევდი მომზადება ფაქტობრივად ვერ მოვასწარი. გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე სულ რამდენჯერმე დავესწარი მეტყველების გაკვეთილს ქალბატონ მანანასთან. მაისის ბოლოს ერთ-ერთმა მომავალმა სტუდენტმა თაბახის ფურცლები მომაწოდა. ჩემი საგამოცდო პროზა და ლექსი. სევდიანი იყო ყველაფერი რაც იმ ფურცლებზე ეწერა, მეც სევდიანი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილების გამო, ჩემი 9 წლის შრომიდან მხოლოდ იარები შემრჩა სხეულზე. მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ამხელა ტკივილი როგორ გადმომეცა მისაღებ გამოცდაზე.

ჭრილობა გულში დიდი მქონდა, მაგრამ პროზა თავის შინაარსით მას არ პასუხობდა. 2002 წლის ივნისში ერთმანეთს დაემთხვა ყველაფერი. მოსკოვში იურმალას შესარჩევმა ორმა ტურმა წარმატებით ჩაიარა და ეს მიხაროდა. თურმე მოგვიანებით გავიგებ, რომ ამაოდ. 27 ივნისს მისაღები გამოცდის პირველი დღე მელოდა. მოსკოვიდან დაბრუნებულმა გადავიკითხე რამდენჯერმე ჩემი საგამოცდო ლექსი და პროზა, თითქოს აკლდა რაღაც ემოცია. რაღაც ვერ ვიმეცადინე, არ შევიდა თავში. თან სერგუნაც თბილისში იყო და ბავშვებთან ერთად მეც შეკრებაზე მინდოდა.

ბაბუს სახლის უკანა ეზოში ერთი ჭერმის ხე დგას, კარგი ასაძვრომია და იქ ხშირად ვისხედით გოგოების შტაბი იყო. ჩემი ფურცლებით სამეცადინოდ ეზოში ჩავედი. სერგუნამაც შემომიარა ჭერმის ხესთან სანახავად, ასაკით ჩემზე ოდნავ უფროსი იყო და ხასიათიც მტკიცე ქონდა. ნერვებს ვუშლიდი ჩემი ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულებით რაღაც საკითხებში. ამაზე სხვა დროს ალბათ დავწერ.

25 ში სიცხემ ამიწია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ნაწყენი იყო საღამოს მილიონჯერ დარეკა… ბოლო ზარი ღამის 2:16 წთზე ან 13 ზე იყო შემოსული. იმ ღამეს სამყაროს ნჯღრევის ყველაზე დიდი ხმა გავიგე. ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ, ყვავმა რომ თვალები გკორტნოს, ვირთხებმა რომ ცოცხლად გჭამონ, წყლით რომ გგუდავდნენ, კანი რომ ფენებად აგახიონ და მზეზე დაგდონ, ნელა რომ ლპებოდე და ვერავინ გშველოდეს.

ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე, მაგრამ არ სკდები. მიწამ ჩაგიტანოს, ან ცამ აგიყვანოს. რაიმე ძალამ გინდა გამოგრთოს… არა! მაინც სუნთქავ, დადიხარ… გამოცდაზეც მიდიხარ და ორ კვირაში სცენაზეც.

იურმალა 2002… ჩემი სევდიანი საგამოცდო ფურცლები, რომელიც არ მიმეცადინია ძალიან კარგი ნამეცადინები აღმოჩნდა სამივე მისაღებ ტურზე, თურმე რომ გადაგხდება მერე თავისით ხდება. წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, იურმალა - ვერ.

სამყარომ ძალიან ადრე და დაუნდობელი მეთოდით დაიწყო ჩემი წრთვნა. არ ვიცი ბოლოს რა შედეგს ითხოვს, მაგრამ დღეს რომ ამას ვწერ ალბათ ახლოს ვარ მიზანთან. უკვე ოცი წელია 26 ივნისის დილა არარეალურ სიჩუმეში დგება… ცივა ჩემთან ყოველთვის ამ დროს… მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...“ - წერს ქრისტინე.