მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?

მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, მათ შორის ნაღმოსან "დეფენდერის“ მარშრუტის თაობაზეც, ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს“ (ავტორი - პოლ ადამსი), რომელშიც ლაპარაკია ბოლო დღეებში ფართოდ გახმაურებულ საერთაშორისო ინციდენტზე. შეგახსნებთ, ანექსირებული ყირიმის მახლობლად ბრიტანეთის სამხედრო გემს და რუსეთის ხომალდებს შორის ინციდენტი 23 ივნისს მოხდა. რუსეთმა ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმნილ ვერსიას:

"დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რაც სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის - ნაღმოსან "დეფენდერისა“ და საერთოდ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ვრცელ ინფორმაციას შეიცავდა, ინგლისის კენტის საგრაფოში, ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს.

დოკუმენტების ერთ-ერთ პაკეტში, კერძოდ, განიხილება რუსეთის სავარაუდო რეაქცია ნაღმოსნის გავლაზე ყირიმის ნაპირთან, სევატოპოლთან ახლოს, შავ ზღვაში. ამ ადგილს რუსეთი თავის ტერიტრიულ წყლებად მიიჩნევს, რაც არ არის აღიარებული მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ, რომელიც ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

დოკუმენტების სხვა ნაწილი შეიცავს ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სავარაუდო ყოფნის შესაძლებლობას და ამასთან დაკავშირებული გეგმების განხილვას მას შემდეგ, რაც ნატო, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ ქვეყანაში სამშვიდობო ოპერაციას დაასრულებს.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დოკუმენტების პოვნასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. ამასთანავე, უწყების წარმომადგენელმა მხოლოდ ის თქვა, - რომ სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა კონფიდენციალური დოკუმენტები მართლაც დაკარგაო და ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

სველი დოკუმენტების შეკვრა, თითქმის 50 გვერდი, კენტის საგრაფოში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს, სამშაბათს, დილით ადრე, ანუ შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის წინ. დოკუმენტების მპოვნელმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ბი-ბი-სის ოფისში მაშინ დარეკა, როცა მიხვდა, თუ რა დელიკატური ხასიათის მასალებისგან შედგებოდა ნაპოვნი დოკუმენტების პაკეტი.

ბი-ბი-სი ვარაუდობს, რომ დოკუმენტები, რომლებიც გაშიფრულ ელექტრონულ მიმოწერას შეიცავს, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოფისიდან არის გატანილი. იმ მასალების მიხედვით, რომლებიც ნაღმოსან "დეფენდერს“ ეხება, აშკარა ხდება, რომ მისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ "უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიან ცურვად“ არის წარმოჩენილი, სახომალდო არტილერიით და ვერტმფრენით, განხორციელებული იქნა იმ მოლოდინით, რომ რუსეთს შეიძლებოდა აგრესიულად ეპასუხა.

ოთხშაბათს, 20-ზე მეტმა რუსულმა თვითმფრინავმა და სანაპირო დაცვის ორმა რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანული ხომალდის "დეფენდერის“ მოძრაობა კონტროლქვეშ აიყვანეს და მას ყირიმთან ახლოს 19 კილომეტრის მონაკვეთზე აკვირდებოდნენ.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბრიტანული ხომალდის კურსის მიხედვით რუსული გემების მიერ გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა, თუმცა ეს ფაქტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ უარყო, - არავითარი სროლა არ მომხდარაო.

როგორც ნაპოვნი დოკუმენტებიდან ჩანს, "დეფენდერთან“ დაკავშირებული ოპერაცია კოდური სახელწოდებით "Op Ditroite", ორშაბათს უმაღლეს დონეზე იქნა განხილული, რომლის დროსაც ილაპარაკეს რუსეთის შესაძლო რეაგირებაზე ყირიმის ნაპირებთან ახლოს ბრიტანული გემის გამოჩენასთან დაკავშირებით.

"რას ვგულისხმობთ ჩვენ სავარაუდო "გულთბილ მიღებაში“? - ასეთი კითხვაა დასმული მუდმივი შტაბის წარმომადგენლის მიერ (ეს შტაბი არის შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ერთობლივი სამუშაო ორგანო, რომელიც გეგმავს და აკონტროლებს ყველა სამხედრო ოპერაციას). ერთ-ერთ მასალაში, რომელიც სხდომისათვის იყო მომზადებული, აღინიშნება, რომ რუს სამხედროებს შეუძლიათ თავდაცვით ტაქტიკიდან უფრო აქტიურ და ენერგიულ მოქმედებაზე გადასვლა.

შტაბში განიხილავდნენ "დეფენდერის“ ორ სავარაუდო მარშრუტს და სავარაუდო პასუხის სამ ვარიანტს რუსეთის მხრიდან - "უსაფრთხო და პროფესიულიდან“ "არაუსაფრთხო და არაპროფესიულამდე“. არჩევანი ისეთ კურსზე შეაჩერეს, რომელიც დახასიათებული იყო როგორც "უსაფრთხო და პროფესიული მარშრუტი ოდესიდან ბათუმში“. დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ ასეთი ვარიანტი იმის დემონსტრირების ნებას იძლეოდა, რომ ბრიტანეთი ყირიმის ახლოს არსებულ ტერიტორიულ წყლებს უკრაინის კუთვნილებად მიიჩნევს.

იყო სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად, რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან იქნებოდა აცილებული, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა ბრიტანეთს "შეეშინდა და გაიქცა“. ასეთი სიტუაცია მოსკოვს საშუალებას მისცემდა ეთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყირიმის ნაპირების წყლებს დე ფაქტოდ რუსეთის კუთვნილებად აღიარებს.

როგორც ნაპოვნი დოკუმენტებით ირკევევა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოპერაციას გულდასმით გეგმავენ და რომ ამასთან დაკავშირებით ყველა შესაძლებელი რისკების გაანალიზება ხდება.

ბრიტანელი ჩინოვნიკები განიხილავდნენ იმასაც, რომ თუ როგორ ვერსიას გაავრცელებდა რუსული მხარე ყირიმის ნაპირებთან "დეფენდერის“ გავლის შემდეგ.

"ჩვენს ნარატივს სოლიდური საფუძველი აქვს“, - ნათქვამია დოკუმენტებში. გარდა ამისა, როგორც ოპერაციის ავტორები იმედოვნებდნენ, ნაღმოსნის ბორტზე ბი-ბი-სისა და გაზეთ "დეილი მეილის“ ჟურნალისტების ყოფნა დამატებით შეასრულებს "დეფენდერის“ მოქმედების დამადასტურებელ დამოუკიდებელი ფაქტის როლს.

როგორც კენტში ნაპოვნი დოკუმენტებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება ნაღმოსნის ცურვის შესახებ სწორედ ასეთი კურსით ბრიტანეთის მთავრობის მიერ იქნა მიღებული, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, შესაძლო რისკების მიუხედავად.

უნდა ითქვას, რომ ავტობუსის გაჩერებაზე შავი ზღვის ინციდენტთან დაკავშირებული ნაპოვნი მასალები მონიშნული იყო გრიფით "ოფიციალურად კონფიდენციალური“, რაც საიდუმლოების დაცვის საკმაოდ დაბალ დონეს ნიშნავს, თუმცა ავღანეთთან მიმართებით დოკუმენტებს სხვა გრიფი ჰქონდა - "მხოლოდ ბრიტანეთის საიდუმლოებასთან დაშვებული პირებისათვის“.

უეჭველია, ბრიტანული სამხედრო გემი დიპლომატიური მიზნების მისაღწევად იქნა გამოყენებული, მაგრამ ძირითადი ამოცანა, როგორც ჩანს, "რუსული დათვის გაჯავრებაში“ არ გამოიხატებოდა. საქმე შეეხებოდა ნავიგაციის თავისუფლებას და აშკარა საჯარო მხარდაჭერის დაფიქსირებას უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

გაეროს მიერ 1982 წელს მიღებული საზღვაო სამართლის კონვენციის თანახმად, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უცხოური გემის გავლა კანონიერად მიიჩნევა, თუ ეს ფაქტი არ ვნებს აღნიშნული ქვეყნის მშვიდობას, წესრიგს და უსაფრთხოებას. თითქმის მთელი მსოფლიოსათვის "აღნიშნული ქვეყანა“ უკრაინაა და არა რუსეთი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას კომენტარი "ფეისბუქში“: "სინამდვილეში ლონდონმა პროვოკაციისა და სიცრუის მორიგი დემონსტრირება განახორციელა საკუთარი მოქმედების მისაჩქმალავად. აგენტი "007“ უკვე ის აგენტი აღარ არის, როგორიც იყო“... ახლა კი ერთი კითხვა-გამოცანა ბრიტანეთის პარლამენტს: რისთვისაა საჭირო "რუსი ჰაკერები“, თუ საიდუმლო დოკუმენტების პოვნა ბრიტანეთის ავტობუსების გაჩერებაზე შეიძლება?“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ