აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

ამ ბოლოხანს მეტისმეტად მოვუხშირე ზემო იმერეთში სტუმრობას - ზედიზედ სამჯერ ვიყავი და აშკარად ემოციებიც გადაჭარბებულად მომეძალა. პირველად მამისეულ საჩხერეს და სოფელ გამოღმა არგვეთს მივაშურე, სადაც ეთნომუზეუმი და მარანი "ჭურისთავი“ სტუმრებს ელოდა და მინდოდა, მეც მომესმინა მათი შთაბეჭდილებები. მიხარია, ყველა აღფრთოვანებული რომ ტოვებს "ჭურისთავს“...

კერის აღორძინება კი ამ ეზოში ბავშვობა გატარებული და შემდეგ დედაქალაქში გაზრდილი გოგონას, დღეს უკვე ქალბატონის, ჩემთვის ბავშვობიდან სანიმუშო ადამიანის - მეღვინე და მეურნე მაია-მარიამ ხარშილაძის დამსახურებაა, ცხადია, თავისი ოჯახის წევრების თანადგომით. ალბათ, დამერწმუნებით, რომ მეღვინე ქალს იშვიათად შეხვდები ჩვენში, მან კი სწორედ ეს გზა აირჩია. პატარაობიდან ინტერესიანი იყო, უფროსების მოყოლილსაც ხშირად უგდებდა ყურს და იმახსოვრებდა, უმაღლესი განათლება ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის აქვს, მეღვინეობამ რომ გაიტაცა, მემკვიდრეობით გადმოცემულ ცოდნას, სახელმძღვანელოებსა და ინტერნეტში ამოკითხული და სხვადასხვა სასწავლო კურსზე მიღებულიც დაამატა, გზადაგზა ახლაც ეცნობა სიახლეებს, თავადაც დაუგროვდა გამოცდილება და ეკოლოგიურად სუფთა ღვინისა და არყის დამზადება დაიწყო.

წლებია, მეუღლესთან - ნუგზარ ჩხეიძესთან ერთად სოფლად გადასახლდა და მთელ დროს მამა-პაპისეულ კერაზე მუხლჩაუხრელად, შრომაში ატარებს. სახლსაც დაეტყო მისი ხელი და საოჯახო მეურნეობასაც საფუძვლიანად გაუძღვა. ეგ კი არა, შარშან, ზაფხულში მან და ნუგზარმა საკუთარი ხელით ეზოში ფანჩატურიც კი ააშენეს! თბილისში გაზრდილ მაიასა და მის მეუღლე ნუგზარს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ და ორივე ისე გაიტაცა სოფლის მეურნეობამ, კანტიკუნტად თუ ჩამოირბენენ ქალაქად. რამდენიმე წლის წინ მისი სოფლად გადასახლების მიზეზების ძიება დავიწყე და უყოყმანოდ გამომიცხადა, - ამის მიზეზი, უპირველესად, ფესვები და ის სიყვარულია, რაც ამ სოფელში, ამ ეზოში მაქვს განცდილი და რაც დღემდე მომყვება. გადავწყვიტე, ამეღორძინებია და გამეცოცხლებია აქაურობა - ასე, უფრო ახლოს ვარ ადამიანებთან, ვინც ყველაფერი გააკეთა, მე ასეთი რომ ვყოფილიყავი; ამით, თითქოს, ვალსაც ვუხდი მათ, რადგან ის, რაც აქ ძალიან მიყვარდა და ძვირფასი იყო ჩემთვის, მინდა, ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს. მაშინ ეს კერა მუდამ იარსებებს. ახლა ჩემი შვილები - სალომე, თაკო და მიშო უკვე დიდები არიან, უჩემოდაც უძღვებიან თავის ოჯახებსა და საქმეებს, შვილიშვილებიც, მეტ-ნაკლებად, წამოიზარდნენ, ამიტომ მშვიდად ვარ. თუ ვჭირდები ხოლმე, რასაკვირველია, სასწრაფოდ ჩავდივარ თბილისში, მაგრამ ეს უკვე იშვიათად ხდებაო.

  • აღორძინებული მარანი და ტრადიციები

მაიამ და ნუგზარმა ეზოში უძველესი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის მარანი ააღორძინეს, ძველი ჭურების გვერდით ახალიც ჩაყარეს, კიდევ უფრო დიდი "ასაკის“ ბეღელი შეაკეთეს და ეთნომუზეუმად აქციეს, ეზო გაალამაზეს, ნარგავები შემატეს, სახლსაც დააშენეს, გააფართოვეს და მისი მეორე სართულიდან პირდაპირ გაჰყურებ ულამაზეს მთებს, ერთ-ერთის წვერზე - გორიჯვარს, წმინდა გიორგის სახელობის უძველეს ტაძარს და კლდეებზე შეფენილ მოდინახეს ისტორიულ ციხეს - გეგონება, ხელის გაწვდენაზეა და იქიდან გიხმობსო... იმწამს აკაკი წერეთლის ლექსი გაგახსენდება: "ღრუბლებში ამაღლებულა,/ როგორც ოცნება კაცისა,/ შორიდან ასე გგონია,/ არც მიწისაა არც ცისა./ მოდი, ნახე და იცანი,/ არც შენ ინანებ არც ისა“...

რაც შეეხება მარანს, მასზე აჯობებს, თავად მაიამ გვიამბოს:

- ეზოში ბევრი სიძველე შემოვინახეთ და სწორედ ამ სიძველეებმა გამიტაცა - ჭა, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ, მუხის ძველი ბეღელი, რომელიც დაზიანებული და სარესტავრაციო იყო, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ შევაკეთეთ და გავალამაზეთ. სამწუხაროდ, ყველა ნაგებობამ ვერ გაუძლო წლებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი რამ შემოგვრჩა - ისტორიული, მართლაც უძველესი მარანი, თავისი საწნახლებითა და ჭურებით.

ჩემი ბაბუის - ვასილ ხარშილაძის მამა არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო და შვილს კარგი განათლებაც მისცა. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუამ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. არგვეთში სწორედ ის იყო პირველი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი. ამიტომაც მას მწერლად მოიხსენიებდნენ და იმხანად სოფელში ყველა დოკუმენტს ის ადგენდა. სხვათა შორის, მისი ვექსილები და სხვადასხვა საქმიანი მიმოწერები დღემდე შენახული გვაქვს.

ბაბუა ვასილის ოჯახი ყოველთვის კარგ ღვინოს აწარმოებდა. საერთოდ, აქ, ზემო იმერეთში, ვაზის ძველი ჯიშებიდან რამდენიმეა გავრცელებული და მათ შორისაა - ძველშავიც (ძელშავი). ზუსტად ვერ გეტყვით, რა პერიოდიდან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მისი ზვრები ძალიან დიდი ხნის წინათაც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს. სხვა ჯიშებიც გვქონდა, ოღონდ - თეთრი: ციცქა, ცოლიკაური და ქვიშხური. საერთოდ, ოჯახში ღვინის კულტურა უპირატესი იყო. ამის დასტურია ეს ჩვენი უძველესი და უნიკალური მარანი, სადაც ორი, ასევე, უძველესი, საკმაოდ კარგად შემონახული საწნახელი დგას: ერთი - თხილის, მეორე - ცაცხვის. ორი და თანაც - სხვადასხვა ხის საწნახელი იშვიათობაა აქაურ ოჯახებში, მით უფრო - თხილის. ხის საწნახლები, თურმე, დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი და მის დასამზადებლად საუკეთესო ხედ ცაცხვს მიიჩნევდნენ. ძველი იმერლები სასაწნახლე ხეს წინასწარ არჩევდნენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიდნენ და ერთ წლამდე ადგილზე ტოვებდნენ. მერე ნაჯახით გათლიდნენ, გულს ამოუღებდნენ და, საბოლოოდ, დასამუშავებლად სახლში მიიტანდნენ ხოლმე.

ჩვენი მარანი სახლიდან მოშორებით დგას და ესეც დასავლეთ საქართველოს, უფრო კი - იმერეთს ახასიათებს. ჩვენს მარნებში ქვევრები (იმერეთში - ჭურები) ღია ცის ქვეშაა განლაგებული და მას ჭურისთავი ჰქვია. ეს ადრე ეზოს ყველაზე სუფთა ადგილი ყოფილა, სადაც საქონელი ვერ უნდა შესულიყო. ამიტომაც ჰქონდათ შემოღობილი. ქვევრებისთვის მზეს რომ არ დაეხედა და ღვინო არ წაეხდინა, ჭურისთავს, ტრადიციულად, კომშის, თხილის ან რცხილის ხეებით ჩრდილავდნენ. უმეტესწილად - კომშით, რადგან მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ქვევრებს დაზიანება არ ემუქრება.

ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენები თხილის საწნახელს რომ გაავსებდნენ, 11 კოკა (1 კოკა 40 ლიტრს უდრის) ყურძნის წვენი ჩამოდიოდა, ცაცხვის საწნახლიდან კი - 9 კოკა. ჩვენი მარნის წინ ახლაც გვაქვს უძველესი ქვევრები. ერთ-ერთზე ბაბუა ამბობდა, ეს 20-კოკიანი ჭური იმდენად ძველია, ჩემმა ბაბუამაც კი არ იცოდა, ვინ ჩააგდოო. ქვევრის სიძველეს მის გვერდით, სავარაუდოდ, საჩრდილობლად დარგული უზარმაზარი, დიამეტრით 1,5 მეტრის კაკლის ხეც ადასტურებდა. როგორც ჩანს, ჯერ ჭური ჩააგდეს და ამის შემდეგ დარგეს კაკლის პატარა ნერგი, რომელიც ძალიან კი გაიზარდა, მაგრამ ქვევრი არ დაუზიანებია. რამდენიმე წლის წინ ამ კაკალმა ნელ-ნელა ხმობა დაიწყო და, საბოლოოდ, სამი წლის წინ გახმა, ამიტომაც მოვჭერით. მარნის მეორე ნაწილში მე და ჩემმა მეუღლემ ახალი ქვევრები ჩავყარეთ, ოღონდ ის ძველებზე პატარებია.

დღეისთვის ძველებთან ერთად ამ ქვევრებსაც ვიყენებთ. ქვევრებიც მოვაპირკეთეთ და ზოგადად - მარანიც. აქ უძველესი ყურძნის ჯიშის - ძველშავის ღვინოს ვაყენებთ. ეს ჯიში გადაშენების პირას იყო და მინდა, მისი ზვრები გავაშენო, მეტი ძირი ჩავყარო. ციცკა-ცოლიკოურის ვაზიც გვაქვს და იმერულ თეთრ ღვინოს ვაყენებთ. კახურ ჯიშებზეც ვიფიქრეთ და მეგობრებთან ერთად კახეთში საფერავისა და კახური მწვანის ვენახი შევიძინეთ, დაკრეფილი ყურძენი იმერეთში ჩამოგვაქვს და ჩვენს მარანში იმერული წესით ვაყენებთ ღვინოს, უკვე დაღვინებული წვენს ქვევრებში ვინახავთ. ჭაჭისგან კი, ცხადია, არაყს ვხდით. რომელი წესით დაყენებული ღვინოც ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს ხოლმე, შემდეგი სეზონისთვის იმ წესით ვაყენებთ დიდ ქვევრში ღვინოს.

  • ეთნომუზეუმი უძველეს ბეღელში

ცოტა უცნაური კი არის ბეღელში ეთნომუზეუმის მოწყობა, მაგრამ როგორც მაია ამბობს, - მართალია, ბეღელმა საუკუნეებს გაუძლო, მაგრამ თავისი ძირითადი ფუნქცია მაინც დაკარგა - ჭირნახული, რასაც მასში ინახავდნენ, ვთქვათ, ხორბალი და ა.შ. დღეს აღარ მოგვყავს. ამიტომ ვიფიქრე, ჩვენი ოჯახის ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები სწორედ აქ გამომეფინა და ბეღელი ეთნომუზეუმად მექცია. აქ მაქვს ჩემი წინაპრების შამფურები, მარცვლოვანი კულტურების შესანახი ხის სათავსოები, მატყლის საჩეჩელი და თითისტარები, ძველი რადიოლა, ჩემთვის გამორჩეული ნივთი - სარწეველა საწოლი, რომელშიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი - დედა გაიზარდაო... ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნივთების, რაც ამ მუზეუმში შეგიძლიათ, ნახოთ.

ულამაზესია მაიას ეზო...

- საერთოდ, ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა, ყვავილები, ზოგადად - მცენარეები და ამგვარ გრძნობას მხოლოდ სოფელში თუ განიცდიო, - მეუბნება და მაინც უწინდელის სილამაზეს უსვამს ხაზს, - ბებიას, ვასილის მეუღლე ნინა იაკობაშვილს, ულამაზეს ყვავილებთან ერთად, ათასგვარი ჯიშის ხეხილი ჰქონდა გაშენებული. ეს ჯიშები თვითონ გამოჰყავდა, ამიტომ ეზო სავსე იყო ვაშლით, ატმით, მსხლით, ალუჩით, ტყემლით, ღოღნაშოთი, ბლით, ალუბლით და ა. შ. იმ ხეების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გახმა, თუმცა ეზოს გამრავალფეროვნება მეც დავიწყე - თიანეთის სოფელ საყდრიონიდან, ქალბატონი ევა ოთარაშვილისგან ჯუჯა კაკლის ნერგები წამოვიღე და ჩავყარე, ბევრნაირი ხეხილი და ათასგვარი ყვავილიც დავრგე. ცოტა ხანში, ალბათ, ბებია-ბაბუის ეზოს კვლავ ძველებურ სილამაზეს დავუბრუნებთ. ჩემი მეუღლე ძალიან მიდგას მხარში, როცა სცალიათ, შვილები და სიძე-რძალიც გვიერთდებიან. შვილიშვილები პატარები არიან და ხშირად მსტუმრობენ თბილისიდან. მათაც ნელ-ნელა ვაპარებ მიწის სიყვარულს - რაღაცებს ვავალებ ხოლმე და ისინიც ცდილობენ, დამეხმარონ. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევ და აქაურობას მათაც ძალიან შევაყვარებო.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე