ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.

როგორც მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.

"ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.

კორონავირუსის პანდემიამ მართლაც მკვეთრად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, კარდინალურ ცვლილებებთან ადაპტაცია დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მონდომება და გამძლეობა. თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებით.

მთელი გულით გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევთ თავს გამოცდებს და თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, აქტიური და შესაძლებლობებით სავსე პერიოდი დაიწყება. შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, დაეუფლებით სასურველ პროფესიას. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში!

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?

თბილისის რომელ უბნებს და რა დროით შეეზღუდება ელექტროენრეგია - რას აცხადებენ "თელასში"