ავტორი:

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ესპანელი ფეხბურთელის, "ბარსელონას" ცენტრალური მცველის ჟერარდ პიკესა და მომღერალ შაკირას სასიყვარულო ურთიერთობა წლებს ითვლის. მათი ამბავი 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის Waka Waka-ს მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებისას, მადრიდში დაიწყო და უკვე ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში განვითარდა.

შაკირასა და პიკეს შორის 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - მომღერალი 44 წლისაა, ხოლო ფეხბურთელი - 34-ის. ამის გამო მათ ურთიერთობას საწყის ეტაპზე ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა წყვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. მათ დღეს ყველაზე მყარი ოჯახი აქვთ. ჰყავთ ორი შვილი. ამასთანავე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წყვილად მიიჩნევენ.

  • ამინდი და სიყვარული

"ფეხბურთის ფანი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ საერთოდ არ ვიცოდი, ის ვინ იყო, როდესაც გადასაღებ მოედანზე დავინახე, გავიფიქრე, ეს რა საყვარელი ვინმეა - მეთქი და შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ერთმანეთი გაეცნო“, - იხსენებს შაკირა.

პიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმ "სულელურ" შეტყობინებაზე, რომელიც შაკირას პირველად მისწერა. ფეხბურთელის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების სამხრეთ აფრიკაში ჩასვლამდე, იქ შაკირა ჩავიდა, რადგანაც გახსნის ცერემონიაზე უნდა ემღერა.

"ვიდრე მე ჩავიდოდი სამხრეთ აფრიკაში, ის უკვე იქ იყო, ამიტომ მივწერე და ვკითხე, თუ როგორი ამინდი იყო. ეს ჩვეულებრივი სულელური კითხვაა, რომელზეც ნორმალური პასუხი იქნებოდა, რომ ეთქვა - ჟაკეტი წამოიღე, ან რამე მსგავსი, მაგრამ ის გაუჩერელებად მწერდა და ყოველ წუთს მატყობინებდა, თუ როგორ იცვლებოდა ამინდი“, - იხსენებს პიკე.

  • ჩემპიონატის შემდეგ

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ჩემპიონობაზე არანაკლები ყურადღება მედიაში პიკესა და შაკირას სასიყვარულო ურთიერთობას ეთმობოდა. ისინი ერთად ჩნდებოდნენ პაპარაცების წინ და ყვითელი პრესის მთავარი თემა მათი ამბავი იყო.

თუმცა 2011 წელს განაცხადეს, რომ ერთად აღარ იყვნენ. დაშორებამ დიდხანს არ გასტანა.

მალე წყვილი პაპარაცებმა ბარსელონაში, ერთ-ერთი რესტორნის დატოვებისას შენიშნეს. იმავე წლის მაისში ბარსელონაში გამართულ კონცერტზე შაკირას პიკემ სცენაზე აკოცა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ისინი კვლავ ერთად იყვნენ.

2012 წელს, შვეიცარიაში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე პიკე საყვარელ ქალთან ერთად მივიდა. ამავე წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდა.

"გვსურს გითხრათ, რომ მე და ჟერარდი ჩვენს პირველ შვილს ველოდებით და ძალიან ბედნიერები ვართ ამით. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტად ეს უნიკალური მომენტი ვაქციოთ", - წერდა შაკირა ოფიციალურ ვებგვერდზე.

  • "ღმერთის არსებობა სიყვარულით მტკიცდება"

2013 წელს ELLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში შაკირამ ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე და რწმენაზე პიკესთან ურთიერთობამ:

"ვფიქრობ, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. მე დაკარგული მქონდა რწმენა. აგნოსტიკი გავხდი, რადგანაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვგრძნობდი სიყვარულს ისე და ისეთს, როგორსაც ველოდი და დავიწყე ფიქრი, რომ ღმერთი არ არსებობდა, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად შევხვდი ჟერარდს და უცებ მზემ გამოანათა", - ამბობდა მომღერალი.

  • პირველი შვილი და მშობლის პასუხისმგებლობა

2013 წლის 22 იანვარს შაკირასა და პიკეს პირველი შვილი მილან პიკე მებარაკი შეეძინათ - "მამის მსგავსად, ისიც დაბადებიდანვე "ბარსელონას" წევრი გახდა“, - დაწერა მშობიარობის შემდეგ შაკირამ "ინსტაგრამზე.“ მოგვიანებით, მომღერალმა Us Weekly-სთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი მამა იყო ფეხბურთელი.

"მადლობა ღმერთს, ის შესანიშნავი მამაა და სრულად ჩართული ბავშვის აღზრდის საკითხში, ის შესანიშნავია, ძალიან მეხმარება, ბავშვს უცვლის საფენებს, აჭმევს. ვერც კი წარმომიდგენია, ის რომ ასეთი არ იყოს, როგორ ვიცხოვრებდით", - ამბობდა შაკირა.

  • "სრულყოფილ ურთიერთობას ოფიციალური ქორწინება არ სჭირდება"

როდესაც ჟურნალ Glamour-ის ჟურნალისტმა შაკირას ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა დაქორწინებას, მომღერლისგან ასეთი პასუხი მიიღო - "იცით? ჩვენ უკვე გვაქვს ის, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კავშირი, გვაქვს სიყვარული ერთმანეთის მიმართ და გვყავს შვილი. ჩვენი ურთიერთობა უკვე ჩამოყალიბებულია. მაგრამ თუ ოდესმე ქორწინებასაც გადავწყვეტ, ჟერარდი იქნება ის ერთადერთი. რა საჭიროა ოფიციალური ქორწინება, როცა ისედაც ყველაფერი სრულყოფილადაა“, - თქვა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ როდესა პიკეს ჰკითხეს დაქორწინებაზე, მისი პასუხი ასეთი იყო - "რა თქმა უნდა, მომავალში აუცილებლად დავქორწინდებით".

60 Minutes-თან ინტერვიუში შაკირამ თქვა, რომ მას არ სურს საყვარელი ადამიანი უყურებდეს ისე, როგორც ცოლს - "არ მინდა, რომ ის ცოლად მიმიჩნევდეს, მინდა, რომ ყოველთვის ისე მიყუროს როგორც შეყვარებულს. მინდა ფიქრობდეს, რომ ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი გამოუვა და მისი ცხოვრება მის ქმედებებზეა დამოკიდებული.“

2015 წელს წყვილს მეორე ვაჟი - საშა პიკე მებარაქი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს "ფორბსმა" შაკირა და პიკე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან წყვილებს შორის შეიყვანა.

  • "ის ჩემთვის ყველაფერია"

პიკე ხშირად საუბრობს ხოლმე მედიასთან საყვარელ ქალზე და იმაზე, თუ როგორ აღმერთებს შაკირას - “ის საუკეთესო დედაა მსოფლიოში, შეუძლებელია მასზე უკეთესი ვინმე იყოს. გასაოცარი სიყვარული შეუძლია. შაკირას შესანიშნავი კარიერა აქვს, ძალიან ბევრი რამ იცის და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და სრულიად შემცვალა, ბედნიერ ადამიანად მაქცია. ის და ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია", - ამბობს ფეხბურთელი.

  • მილიონი სიმღერა პიკეს

შაკირა საყვარელ კაცს ხშირად უძღვნის სიმღერებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და რომ პიკე მილიონ სიმღერას იმსახურებს. "მე მას უკვე ბევრი სიმღერა მივუძღვენი, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკმარისი არაა... ის მილიონ სასიყვარულო სიმღერას იმსახურებს", - ამბობს მომღერალი.

"ცხოვრებაში ორი რამ მსურდა: კარგი კაცი და თეთრი ტრუფელი" - ამბობს შაკირა

მისი ცნობილი სიმღერა Me Enamoré-ც პიკეს ეძღვნება. მომღერალი ამბობს, რომ ამ სიმღერის დაწერის შთაგონების წყარო პიკესთან პირველი შეხვედრა და ის მომენტი, როცა მათი თვალები პირველად "შეხვდა" ერთმანეთს. "მან მე შემომხედა თავისი საოცარი თვალებით... ეს იყო მომენტი, რომელმაც ორივეს ცხოვრება შეცვალა“, - ამბობს მომღერალი.