ავტორი:

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა დავით ნოზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, მეწყრული პროცესები დღეს დილით გააქტიურდა, რის შედეგადაც ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი დააზიანა.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნულ მონაკვეთზე გზა სამი მხრიდან ჩაიკეტა.

"დილიდანვე ჩართულები იყვნენ გეოლოგიის სამსახურის სპეციალისტები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. ასევე იყო ადგილზე სამშენებლო კომპანია „ჯეოგრუპის“ სპეციალისტები, რომელმაც ეს გზა დააგო და რომელსაც აქვს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში გზის მოვლა-პატრონობაზე, შესაბამისად ისინიც იმყოფებოდნენ.

დღეს დაათვალიერეს დაზიანებები და ნაპრალები, გაჩენილი ეროზიები, მოხდა მათი რეკომენდაციით გზის ჩაკეტვა აღნიშნულ მონაკვეთზე სამი მხრიდან - ეს არის ლისი-მუხათწყაროს მხარეს, მსხალდიდის მხარეს და ნაფეტვრებიდან ამოსასვლელი გზა. ხვალ კიდევ უნდა მივიდნენ ექსპერტები, რომ დააკვირდნენ, რადგან ეს მოქმედი მეწყერია. ხვალ უნდა განსაზღვრონ და დასკვნა დაწერონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა უნდა გაკეთდეს, დასკვნის შემდეგ სამშენებლო კომპანია შეიმუშავებს პროექტს და დაიწყებს გზის რეაბილიტაციას“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.