ავტორი:

"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს

"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს

გუშინ, 30 ივნისს წალკაში, აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაუპირისპირდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე, 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე წალკაში დააკავეს და ის ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება.

"როგორც გამოძიებით დადგინდა, გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, "ტვპირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

"დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, დაკავებული გოჩა აფრასიძე ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციას მამა-შვილი, ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეეწირნენ.

24 მარტის სპეცოპერაციის დროს, გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან - ვამეხ აფრასიძესთან ერთად, სამართალდამცველებმა ოჯახის მამა, ევგენი აფრასიძეც მოკლეს, რომლის ცხედარიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ამასთანავე, ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი - შმაგი აფრასიძის მეუღლე. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი, 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ მათ სასჯელი გაუნახევრა, საბოლოოდ კი, ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

ეცერის სპეცოპერაციის შემდეგ, აფრასიძეების დაზარალებული ოჯახი სვანეთში აღარ დაბრუნებულა. დედა - დოდო აფრასიძე ოთხ შვილიშვილთან ერთად წალკის რაიონში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. გიორგი აფრასიძე, სოფელ წინწყაროს გამგებელი მისი ერთ-ერთი ვაჟის - შმაგის შვილია.

ambebi.ge დოდო აფრასიძეს დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:

“არაფრის კურსში არ ვიყავით, ასეთ რამეს არც ველოდით, ისე დაიწყო აქ ხალხის შეკრება. გროვდება ხალხი და ჩვენ აზრზე არ ვართ. მერე დავინახეთ "ტვპირველის" მანქანა. აქ დასახლდა ერთი გოგო, ნინო (გვარი არ მახსოვს), შემოგზავნილი ყოფილა, რომელმაც დაიწყო "ნაციონალების" შეგროვება სოფელში და გამოიყვანა მათი ბანდა. ეს ქალი შემოდგომას მოვიდა წინწყაროში, დასასახლდა, ძროხები გაიჩინა და მათ დასდევს, არ ვიცი, რას წარმოადგენს.

პროტესტი იმით დაიწყეს, მიწები არ არის სწორად განაწილებული, ყველაფერი აფრასიძეებს აქვთ მიტაცებულიო. ჩვენ ერთი გოჯი მიწაც არ გვაქვს სოფელში, მთაში მივდივართ, იქიდან მოგვაქვს თივა, იქ დავხანით მიწაც. ესენი არიან პროვოკატორები და გამოგვიწვიეს. გიორგი ჩემი შვილიშვილია, გამგებელი, შმაგის შვილი. თურმე ამ ქალს გამგებლობა უნდა და მიწებიც.

ის დამემუქრა, შენს შვილს დავაჭერინებო და ასეც მოიქცა. იმ დროს იქ არ ვიყავი და გოჩა თურმე ჟურნალისტს ეხვეწებოდა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ტყუილები, მომისმინე და თავიდან ბოლომდე სიმართლეს აგიხსნიო. მაინც არ მოუსმინა, ის ნინო აქეზებდა თურმე. გინების მეტი იქ არაფერი მომხდარა, მერე გოჩამ მიკროფონის "გუბკა“ დააგდო და გოგონას მოხვდა, 2 გრამიც არ არის. მერე მე მომადგნენ და ეზოში რომ შემოვიდნენ, ამაზე გავმწარდი. არ მინდა მე "ნაციონალები" ჩემს ეზოში. როგორ გაბედეს "ნაციონალებმა" აფრასიძეების ოჯახის ეზოში შემოსვლა?! ამან გამაცოფა, ჩავედი და მივუთითე, იქედან წასულიყვნენ. ჟურნალისტმა კი პირზე მომაბჯინა მიკროფონი, გამგეობის სახლი ესააო? იმ ნინომ მოიყვანა ისინი.

სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ძველი გამგეობის შენობაა, ნასახლარი იყო. როცა უსახლკაროდ დავრჩით, მაგ შენობაში შევედით, გავაკეთეთ, სიბინძურე იყო, შევარემონმტეთ და შევსახლდით, რადგან ქუჩაში ვიყავით დარჩენილები. შენობას სახურავიც არ ჰქონდა, სინკარების მეტი არაფერი იყო, ვაივაგლახით გავაკეთეთ. რას გვედავებიან? გიორგი დღედაღამ მუშაობს და ყველას ხელს უმართავს. რომელ მიწებზეა ლაპარაკი, რას გვაბრალებენ, რა აქვს მისაკუთრებული? ბანკიდან სამჯერ გამოვიტანეთ სესხი, მთაში მიწა რომ დაგვეხნა. იქ არის14 ჰექტარი, იმის მერე კი 300 ჰექტარი და დახნან, რატომ არ ხნავენ?

იმ საშინელების შემდეგ ძლივს წყნარად ვცხოვრობდით, არ ვიცი, ახლა რა იქნება... გოჩას ციხეში გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მკვლელმა "ნაციონალებმა" ოჯახი გამინადგურეს. ღმერთმა ყველას აშოროს და, აბა, ეზოში ვინმეს შვილის და მეუღლის მკვლელი შეუვიდეს, ნეტა რას იზამს, იმას თავს დაუხრის ვინმე? გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არა არის სრულ ჭკუაზე, მის თვალწინ დახვრიტეს მისი ძმა. სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელი გოჩას თმაში სწვდა, თავი ააწევინა და ისე დახვრიტა ომეხი. გოჩაც მკვდარი ეგონათ, ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. მერე ერთი ექიმი გამოჩნდა და იმან თქვა, - ცოცხალიაო და ქუთაისში გადააფრინეს. კიდევ კარგადაა. არ ვიცი ახლა რა იქნება...“