ავტორი:

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს
  • ფოტოკოლაჟი: ვლადიმირ პუტინი კარინ კნაისლთან, ქრისტიან კერნისა და გერჰარდ შრედერთან ერთად

ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" («Le Figaro») გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით: "როგორ აფართოებს ვლადიმირ პუტინი თავის ქსელს ევროპის გავლენიანი ადამიანებით“, განხილულია ევროპის სახელმწიფოების ყოფილი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების რუსულ სტრუქტურებში დასაქმების საკითხი (ავტორი - იზაბელ ლასერი).

"პირველი ფრანგული "მსხვილი თევზი“, რომელიც ვლადიმირ პუტინის ბადეში მოჰყვა, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსული ნავთობის კომპანიის "ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება. ეს კომპანია მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის. ფრანსუა ფიიონისადმი შეთავაზება რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილ მთავრობის დადგენილებაშია ასახული.

ბოლო დრომდე კრემლი, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს "ყიდულობდა“, "თევზჭერას“ ძირითადად ავსტრიისა და გერმანიის წყლებში ეწეოდა: დღეს ავსტრიელი ყოფილი მაღალჩინოსნები მრავლად არიან წარმოდგენილნი რუსულ პოლიტიკურ ეკონომიკური პროექტებში. მაგალითად, ყოფილი კონსერვატიული კანცლერი 2000-2007 წლებში ვოლფგანგ შიუსელი დღეს უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის "ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრია 2019 წლიდან. ალფრედ გუზენბაუერი, ყოფილი სოციალ-დემოკრატიული კანცლერი 2007-2008 წლებში, ამჟამად რუსეთის მთავრობისაგან უხვად დაფინანსებული ორგანიზაცია "ცივილიზაციათა დიალოგის“ თანამმართველია, რომლის მიზანს ევროპაში რუსული საგარეო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2014-2017 წლებში ჰანს-იორგ შელინგი 2018 წლიდან პროექტ "ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის კონსულტანტია. კიდევ ერთი სოციალ-დემოკრატიული ექსკანცლერი ქრისტიან კერნი კომპანია «RZD»-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. და ბოლოს, ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2017-2019 წლებში კარინ კნაისლი, რომლის ქორწილშიც ვლადიმირ პუტინი მასთან ერთად ვალსს ცეკვავდა, რუსული ნავთობის გიგანტის "როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა.

ვლადიმირ პუტინი კარინ კნაისლის ქორწილში

  • რატომ მაინცდამაინც ავსტრია?

"უეჭველია იმიტომ, რომ ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა, ნატოს წევრი არ არის, აქვს განვითარებული საბანკო და ენერგეტიკული სექტორები და რაც მთავარია, ლოიალურად ეპყრობა ავტორიტარულ რეჟიმებს“, - განმარტავს ექსპერტი ანტონ შეხოვცევი, რომელიც ამჯამად ვენაში ცხოვრობს და ერთ-ერთ კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, იგი ავტორია წიგნისა "შავი ტანგო“, რომელშიც განხილულია რუსეთისა და ევროპის ქვეყნების უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსების ურთიერთკავშირი.

"ავსტრიელებისათვის საგარეო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს: ისინი, თუ ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, მზად არიან ყველასთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით კი ჩინეთთან და რუსეთთან. კიდევ ერთი მომენტი: ავსტრიელები ბეჯითად ასრულებენ გერმანიის თხოვნებს რუსეთთან დაკავშირებით და იზიარებენ ბერლინის პოლიტიკურ კურსს მოსკოვთან მიმართებით“.

რუსეთში მიიჩნევენ, რომ გერმანია მოსკოვის პოლიტიკური კურსის, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელი უნდა იყოს. სწორედ გერმანიაში "დაიჭირა“ ვლადიმირ პუტინმა "ყველაზე დიდი თევზი“: 2005 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრედერი "ჩრდილოეთის ნაკადის“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრი გახდა, შემდეგ კი, 2017 წელს, კომპანია "როსნეფტის“ მმართველი ორგანოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

გერჰარდ შრედერთან ერთად

გერმანიის დაზვერვის ყოფილ აგენტს მათიაშ ვარნიგს, რომელიც ვლადიმირ პუტინს გერმანიაში კე-გე-ბე-ს რეზიდენტობის დროს დაუმეგობრდა, იმავე "როსნეფტში“ და "ჩრდილოეთის ნაკადში“ კარგი თანამდებობები მისცეს. სხვათა შორის, ამ ორი მამაკაცის პირადი ურთიერთდამოკიდებულება გერმანიისა და რუსეთის განსაკუთრებული კავშირების ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენს. მათი მეგობრობა ირიბად ეხმაურება ანგელა მერკელის პოზიციას, რომელიც ბოლომდე იბრძოდა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის-2“-ის მშენებლობის დასრულებისათვის.

ევროპელი ცნობილი მოღვაწეების, ამჟამად პენსიაში გასული პირების მიზიდვით ვლადიმირ პუტინი მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანიების პრესტიჟს განამტკიცებს. ყოფილები ხომ ჯერ კიდევ სარგებლობენ გარკვეული გავლენებით თავიანთ ქვეყნებში. მაგალითად, გერჰარდ შრედერისა და მათიაშ ვარნიგის გავლენის წყალობით, გერმანელი ბიზნესმენები ერთობლივად გამოვიდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

"მოსკოვს აწყობს, რომ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკება პირადული გავლენებისა და კონტაქტების ფონზე აწარმოოს. კრემლი ყიდულობს ცალკეულ ადამიანებს და მათ გავლენებს, რომლებსაც მსოფლიოში ადგილის დაკავებაზე რაიმე ამბიციები აღარ აქვთ“, - ამბობს ანტონ შეხოვცევი.

ალფრედ გუზენბაუერი

"ბოლო დროს მოსკოვმა საკადრო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა: კრემლი ხშირად აძლევს "კარგხელფასიან“ სამსახურს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში აღარც სახელი აქვთ შენარჩუნებული და აღარც გავლენები, მაგალითად, იგივე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი. კრემლის გზავნილი გასაგებია: თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ყველა შემთხვევაში მოხვიდეთ, გავლენებისა და კავშირების გარეშეც კი. არ არის აუცილებელი ცნობილი ადამიანები იყოთ, უბრალოდ, რუსეთის მიმართ კეთილი განწყობა გამოხატეთ, ვთქვათ, მოითხოვეთ სანქციების გაუქმება“, - აანალიზებს სიტუაციას "შავი ტანგოს“ ავტორი.

კრემლის ამგვარი სტრატეგია ყველგან წარმატებით არ მუშაობს, მაგალითად, ვენისა და ბერლინისაგან განსხვავებით, პარიზსა და რომში "ბუქსაობს“. იტალიაში ვლადიმირ პუტინის ერთადერთ ნამდვილ მეგობარს მხოლოდ სილვიო ბერლუსკონი წარმოადგენს. პარიზში კრემლმა თავის სამსახურში ჩააბა ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში ჟან-პიერ ტომა, რომელიც 2018 წელს კომპანია "რუსსკიი ალუმინის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა ერთი თვის შემდეგ გადადგა. მიზეზი იმაშია, რომ მისი დანიშვნის გამო ამერიკა ალუმინსადნობ კომპანიას სანქციებით დაემუქრა, შესაბამისად, ჟან-პიერიც იძულებული გახდა თანამდებობიდან წასულიყო. ვნახოთ, კიდევ ვინ აღმოჩნდება ევროპაში ვლადიმირ პუტინის სამიზნის ქვეშ უახლოეს მომავალში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

ამსტერდამში, ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს