ავტორი:

"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი

"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი

გიორგი ქარდავა ახალგაზრდა ქართველი ფოტოხელოვანია, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, თუმცა გიორგის ფოტო ობიექტივში, არა მხოლოდ ქართველი და რუსი, არამედ მსოფლიო მასშტაბის უამრავი ვარსკვლავი მოხვედრილა... გიორგი პორტრეტისტია, რომელიც ცდილობს საინტერესო და ბუნებრივი სახეები და ემოციები გადაიღოს... თუ როგორია გიორგის წარმატების ისტორია AMBEBI.GE-ის უამბობს:

- დავიბადე წალენჯიხაში, გავიზარდე ზუგდიდში. ფოტოგრაფობა დავიწყე მესამე კურსზე, როდესაც უნივერსიტეტიდან გამრიცხეს. ერთი წელი უსაქმურად ვიყავი, მაგრამ მექსიკაში წასვლასა და დასარტყმელი ინსტრუმენტების ყიდვაზე ვოცნებობდი. ამისთვის მჭირდებოდა ფული, ხოლო ჩემმა მეგობარმა მირჩია, ამეღო ჩემი დის ფოტოაპარატი და ხალხისთვის ფოტოსესიის შეთავაზება დამეწყო. მექსიკაში მაინც ვერ მოვხვდი, ბარაბანებზე კი დღემდე ვუკრავ. პირველი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩნდა, მამაჩემის მიერ, ჩემი დისთვის ნაჩუქარი ნახევრად პროფესიონალური "ქენონი“ იყო. ჩემი და გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მე დავცინოდი: - რად გინდა ეს ფოტოაპარატი, წადი, წიგნები იკითხე და სერიოზულ საქმეს მიხედე-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ ეს ფოტოაპარატი, რომელიც მამაჩემმა აჩუქა, ჩემი გახდა და გადაღებაც დავიწყე.

- როგორ დაიწყე გადაღებები?

- ჩემთვის პირველი გადაღება დაუვიწყარი იყო. 2009 წლის მარტის დასაწყისში თოვლიან მოსკოვში გოგოს ვუღებდი, რომელმაც პორტრეტები შემიკვეთა. ფაქტობრივად, ფოტოაპარატს ვერ ვფლობდი, ისე ყინავდა, რომ 15 წუთის მეტი ვერც გავძელით. ისეთი საშინელი ფოტოები გამოვიდა, რომ დღემდე მრცხვენია. მიუხედავად ამისა, 500 რუბლის (10$) ოდენობის პირველი პროფესიონალური ჰონორარი მოვიპოვე, რითიც ძალიან ამაყი ვიყავი. გადაღებების შედეგად რაღაც პორტფოლიო რომ ჩამოვაყალიბე, შემოთავაზება მივიღე, რომ დამეწყო კლუბური ღონისძიებების და წვეულებების გადაღება. ვიღებდი სხვადასხვა ღონისძიებებს, უკვე ხალხი გავიცანი და საშუალება მომეცა, პირველი გადაღება მომეწყო ჟურნალ cosmopolitan-სთვის, შემდეგ იყო bureau 24/7, სადაც ინტერვიუებისთვის ვიღებდი ფოტოებს. 2015 წელს უკვე აქტიურად დავიწყე ცნობილ რუს სახეებთან მუშაობა, commersant-სთვის მქონდა მასობრივი გადაღება. შემდეგ რობერტ დე ნირო გადავიღე და გაგრძელდა სხვადასხვა ჟურნალებისთვის: - Esquire , harpersbazaar, GQ ... ძირითადად, გადაღება ჟურნალებისა და ბრენდებისთვის მიწევს.

- ბევრი ცნობილი სახე გყავს გადაღებული?

- გადაღებული მყავს რობერტ დე ნირო, ვინსენტ კასელი, ბეგბედერი, ბრეგოვიჩი, გატუზო, კატრინ დენევი, გორბაჩოვის 80 წლის იუბილეზე მიმიწვიეს და რამდენიმე პორტრეტი გადავუღე. ჩვენი სალომე ზურაბიშვილი 2019 წელს გადავიღე, როდესაც ვიყავი "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკზე“ და სალომე ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა. მახსოვს, ძალიან მომღიმარი სახე ჰქონდა, მე ვიდექი ფოტოაპარატით და განათებით და ვთხოვე: - ცოტა სერიოზული სახე მიიღეთ-მეთქი და მიპასუხა: - მე არ მინდა სერიოზული ვიყოო. ამას რომ მეუბნებოდა, იმ მომენტში დავიჭირე მიმიკა, რომელიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი. სულ ეს იყო - ორწუთიანი, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხება.

- ვინ იყო ის ვარსკვლავი, ვისთანაც პირველად მოგიწია მუშაობა?

- რობერტ დე ნირო მოსკოვში იყო ჩამოსული, თავისი ახალი რესტორნის გახსნაზე. ხუთ წუთი მქონა გამოყოფილი მისი ფოტოების გადასაღებად. ჯერ იმაზე ვინერვიულე, რომ გავიგე - დე ნირო უნდა გადავიღო. მერე იმაზე, რომ ასეთი ცოტა დრო მქონდა გამოყოფილი. პროცესში შევძელი გონება მომეკრიბა და გადამეღო. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობიდან ფილმებში ხედავ და უცებ აქ, შენს წინ პოზიორობს და კარგი ფოტოები უნდა გამოგივიდეს, ძალიან ამაღელვებელია, როცა დე ნიროს ეუბნები: - ასე დაჯექი, ასე მიტრიალდი, თავი აწიე... ის გისმენს და აკეთებს იმას, რასაც შენ ეუბნები. განუმეორებელი შეგრძნებაა. პოზიტიური ტიპი იყო, რომ პოზიორობდა, თან რაღაცებს ღიღინებდა.

- ქართველებიდან ვისთან მუშაობა იყო შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

- კახი კალაძესთან ორი გადაღება მქონდა. მის გადასაღებად ორივეჯერ თბილისში ჩამოვედი. პირველად ოჯახთან ერთად გადავიღე. კახი ჩემთვის ბავშვობის მოგონება იყო, როგორც კარგი ფეხბურთელი. როდესაც მიგვიწვიეს ჩვენი გადამღები ჯგუფი, სადაც ოჯახთან ერთად ვუღებდი, ძალიან თბილად დაგვხვდნენ, მეგობრული ატმოსფერო იყო. ბოლოს ანუკიმ ხინკალზე დაგვპატიჟა და ძალიან კარგად დამამახსოვრა. მეორე გადაღება GQ -სთვის იყო. საკრებულოს შენობაში მიგვიწვიეს და იქ ვიღებდით. საინტერესო იყო, როცა გადაღების დროს მოგვატარეს საკრებულოს შენობის მიწისქვეშა ტერიტორია, სადაც ძველი საკნები იყო. მე არ ვიყავი ნამყოფი და ჩემთვის საინტერესო იყო. მერე კახის კაბინეტში შევედით, სადაც ძალიან თბილად დამხვდა. კაბინეტიც ძალიან მომეწონა - სადა და გემოვნებიანი იყო.

- როგორც ვიცი, კატრინ დენევმა შენთვის პიანინოზეც კი დაუკრა....

- კატრინ დენევი ღრმა და საინტერესო ქალია. გამაფრთხილეს, რომ სასტიკად არ უყვარს გადაღება, უკვე ასაკშია, ისეთი აღარ არის და ფოტოებს სათუთად და მომთხოვნად ეპყრობა, მაგრამ მე დამთანხმდა გადაღებაზე. კართან ორმოცი წუთი მალოდინა, მაგრამ გადაღების დროს დიდი სიამოვნება მივიღე. კატრინ დენევმა, რომელიც ივ სენ ლორანთან პოზიორობდა და „დიორის“ კადრებში მონაწილეობდა, ჩემთვის პიანინოზე დაუკრა, მთელი გადაღება სიგარეტს ეწეოდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როგორც მე მინდოდა, ისე დავამუშავე, რაზეც არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ყველა კადრი მიიღო და მადლობა გადამიხადა: სურათები ძალიან მომეწონაო.

- ყველაზე მეტად რომელ მსახიობთან მუშაობა მოგეწონა?

- ჟურნალ OK-ის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ: - გიორგი, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო? მესიჯს ვუყურებდი ერთი სამი წუთი, ვიხსენებდი - ვინ არის კასელი? მერე დავგუგლე და რომ დავინახე გამახსენდა, ეს ხომ ბელუჩის ქმარია - მეთქი. 11:00-სთ-ზე დამირეკეს და 14:00-სთ-ზე უნდა ვყოფილიყავი გადაღებაზე. სპონტანური და მოულოდნელი გადაღება იყო, გამიმართლა, რომ იმ დღეს გადაღება არ მქონდა. რომ მივედი, ერთი საათი გვალოდინა. მერე ინტერვიუს ჩაწერამ დიდი დრო წაიღო, ჟურნალისტი ცდილობდა, ბელუჩიზე რამე დაეცდინა, რატომ გაეყარა ან რაღაც, მაგრამ სტანდარტული ფრაზების გარდა, არაფერი უთქვამს.უნდა გადაგვეღო თინა კუნაკთან ერთად. ბოლოს თინას გადაღებაზე უარი თქვეს და საბოლოო ჯამში, მხოლოდ ვენსანს გადავუღე. სულ შვიდი წუთი იყო გადაღების დრო, რომლის განმავლობაში მოგვიწია ჟურნალის გარეკანისთვის გადამეღო და შიგნით ოთხი ფოტო განათავსეს. თავიდან საერთოდ არ ჰქონდათ განზრახული გარეკანზე განეთავსებინათ, მაგრამ ისეთი კარგი ფოტოები გამოვიდა, რომ მთავარმა რედაქტორმა ყველა გეგმა შეცვალა და კასელი განათავსა. პროფესიონალურად პოზიოროდა, უსიტყვოდ, თავისით აკეთებდა ყველაფერს, თანაც ისე მოხდენილად, როგორც სჩვევია. კარგად იცის თავისი ძლიერი მხარეები, სად როგორ მოტრიალდეს, როგორ დადგეს, როგორ გაიცინოს, როდის მიიღოს გაბრაზებული სახე. გადაღების ასეთი პირობები იშვიათია.

ჟერარ დეპარდიესთან მქონდა ორი გადაღება. პირველ გადაღებაზე მისმა ასისტენტმა მიმიწვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გადაღების შემდეგ, როდესაც არაფორმალურ გარემოში მაგიდასთან დავსხედით და ვსაუბრობდით. ძალიან კარგად იხსენებდა საქართველოს, ქართველ რეჟისორებს, განსაკუთრებით გიორგი დანელიას, ასევე ამბობდა: - მოხიბლული ვარ, ძველი ქართველი რეჟისორით - ფარაჯანოვითო...დეპარდიე მოხიბლული იყო მიხეილ სააკაშვილით, ამბობდა: - მან ჩამომიყვანა საქართველოში და ძალიან მომწონსო. ჩემს გარეგნობაზეც იხუმრა: - შენ უფრო ფრანგი ხარ, ვიდრე მეო. არაბს გავხარ, არაბული გამოხედვა უფრო გაქვსო და დღეს არაბები ყველაზე მეტად ფრანგები არიან.

- პანდემიის პერიოდში რამდენად ახერხებ გადაღებებს?

- ბოლო წელიწადნახევარი დავუთმე ჩემს იუთუბ პროექტს -Георгий За Кадром, სადაც ვიწვევ ცნობად სახეებს, გადაღების პროცესში ვესაუბრები და თან საუაბრის დროს ვიღებ ფოტოებს, რაც ძალიან საინტერესოა. თან არასტანდარტულ დავალებებს ვაძლევ საუბრის დროს და ძალიან საინტერესოა, - ვის როგორი რეაქციები აქვს, როგორ რეაგირებენ, ეს ყველაფერი აღიბეჭდება კადრზე. იმიტომ წამოვიწყე, რომ ჩემი ძირითადი მიმართულება არის პორტრეტული გადაღება, სადაც მე მაინც მიწევს ჩემთვის უცხო ადამიანებთან საუბარი, იმიტომ რომ უნდა შეუქმნა პირობები, ნდობა მოიპოვო, რომ მოეშვას და კარგი ფოტოები გამოვიდეს. ამ საუბრების დროს საინტერესო თემები წამოიჭრებოდა ხოლმე, რომელიც კადრს მიღმა და ჩემს მეხსიერებაში რჩებოდა. ვიფიქრე, გადამეღო, რატომაც არა... თავიდან ის ხალხი გადავირე, ვისაც უკვე ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ახლა უკვე ასისტენტები და პიარ სამსახურები აქეთ მთავაზობენ, რომ გადავიღო. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. გული მწყდება იმაზე, რომ ქართველებსაც მივწერე, მაგრამ ვერავინ ვერ დავითანხმე.

არის ვინმე, ვის გადაღებაზეც ოცნებობ?

საოცნებო არავინ მყავს. ადრე მინდოდა "რამშტაინის“ სოლისტი გადამეღო, მასთანაც მომიწია მუშაობა, გადავიღე და გადაშლილი ფურცელია ჩემთვის. შარშან მარტში, ბეგბედერთან უნდა წავსულიყავი საფრანგეთში, ისე მოეწონა ჩემი გადაღებული და ჩემთან მუშაობა, დამთანხმდა, ჩამოდი ჩავწეროთო, მაგრამ პანდემია დაიწყო და ვერ შევძელი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია