ავტორი:

რატომ ავადობენ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რა უნდა გაითვალისწინოთ კურორტზე წასვლამდე - პედიატრის რჩევები

რატომ ავადობენ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რა უნდა გაითვალისწინოთ კურორტზე წასვლამდე - პედიატრის რჩევები

ზაფხულში, სრულყოფილი დასვენებისთვის, მშობლები ცდილობენ, ბავშვები როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე წაიყვანონ. თუმცა, თუ არ გვეცოდინება იმ თავისებურებების შესახებ, რომლებიც კურორტებზე დასვენებას ახლავს თან, შეიძლება, ბავშვის ორგანიზმს სარგებლის ნაცვლად ზიანი მოვუტანოთ. ალბათ, ხშირად გსმენიათ მშობლებისგან, რომ ბავშები ზუსტად მაშინ უხდებათ ავად, როცა დასასვენებლად მიჰყავთ. პედიატრების თქმით, ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ძირითადი - კლიმატის სწრაფი ცვლილების გამო ადაპტაციის პროცესისგან გამოწვეული გართულებებია.

საზაფხულო დასვენებასთან დაკავშრებულ აქტუალურ საკითხებზე პედიატრს, ბავშვთა ალერგოლოგს, მედიცინის დოქტორს, ავერსის პედიატრიული რეზიდენტურის ხელმძღვანელს ილონა ხიზანეიშვილს ვესაუბრეთ:

- ალბათ, თქვენთანაც არაერთხელ დაუჩივლიათ მშობლებს, რომ ბავშვი ავად მაინცდამაინც მაშინ უხდებათ, როცა დასასვენებლად მიჰყავთ. რატომ ხდება ასე?

- კურორტებზე წასულ მშობლებს მართლაც ხშირად ექმნებათ პრობლემები ბავშვის ჯანმრთელობის, მდგომარეობის გამო, ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი მთავარი ადაპტაციის პერიოდის სიფრთხილით გავლაა. ადაპტაცია არის ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან, გარემოსა და განსაკუთრებით კლიმატის შეცვლის პირობებში ორგანიზმი იწყებს ფიზიოლოგიურ ადაპტაციას, ახალი გარემო ფაქტორების მიმართ, ეს ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის, მას ახლავს ორგანიზმის დაცვითი ძალების დასუსტებაც, ნაკლებად მდგრადი ხდება ახალი და უცხო ანტიგენების მიმართ, თუმცა ეს დროებითია, ფიზიოლოგიური ადაპტაციის მექანიზმები არცისე მარტივია, მასში ჩართულია ორგანიზმის ჰომეოსტაზი, ეს ერთგვარი სტრესია, თუმცა ტრანზიტორულია, ორგანიზმის გაკაჟებაც სწორედ ამას ეფუძნება, ადაპტაციური მექანიზმების მოქნილობას, სხვადასხვა გარემოსა და კლიმატთან შეგუებას, ამან არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით გავახშიროთ და გაკაჟებულ ბავშვსაც მივიღებთ, თუმცა მცირე ასაკში საჭიროა სიფრთხილე და ზომიერება...

- რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის ორგანიზმმა ადაპტაციის გავლა სრულყოფილად შეძლოს?

- ახალ კლიმატთან ჰარმონიაში მოსაყვანად ფიზიოლოგიურ ადაპტაციას 2-3 დღე სჭირდება, ხოლო გარემოსთან შესაგუებლად ბავშვს 5-7 დღე. უცხო სახეები, ნივთები, ცხოველები, კვების რეჟიმის შეცვლა, ძილის დარღვევა. თუ შორეული მოგზაურობაა, იცვლება ბიოლოგიური საათი, ძილ-ღვიძილის დარღვევა, შივდება არაადექვატურ დროს ან უარს ამბობს კვებაზე. არის გაღიზიანებული ან პირიქით მოდუნებული და ძილიანი, კიდევ ვიმეორებ, ამან არ შეგვაშინოს, ეს ადაპტაციის პერიოდია, თუმცა ძალიან არ უნდა გახანგრძლივდეს, 3 დღის შემდეგ აგზნება ან ძილიანობა უნდა მოიხსნას ან თანდათან შემცირდეს ....

აქედან გამომდინარე თუ გვინდა კლიმატის შეცვლით სარგებელი მივიღოთ 2-3 კვირა უნდა დავაყოვნოთ ბავშვი ახალ გარემოში. მაგალითისთვის: მაღალმთიან კურორტებზე - ბახმარო, გომის მთა, ბეშუმი, ბაკურიანი, აქტიურდება სისხლმბადი ორგანოები და 3 კვირაში ხდება სისხლის ფორმიანი ელემენტების განახლება, შესაბამისად იმუნიტეტის გააქტიურება, განახლება... რაც შეეხება დეზადაპტაციას, ანუ დაბრუნების შემდეგ ძველ გარემოსთან შეგუებას, პროცესი ისევ ისეთივე პერიოდებით მიმდინარეობს, როგორც ადაპტაციის დროს.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვიდრე ბავშვს ზღვის კურორტზე წაიყვანენ და ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია დამახასიათებელი ამ საკურორტე ზონაში?

- ზაფხულში დედებსაც და ბავშვებსაც მეტად ზღვის კურორტები იზიდავს, ზღვა, მზე, პლაჟი.. ნამდვილად მიმზიდველია. მართლაც დიდია სარგებელი, განსაკუთრებით ურეკი-გრიგოლეთის ზოლზე, სადაც ქვიშა მაგნეტიტს შეიცავს და ფასდაუდებელია ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებისთვის. ასევე, ზღვის ჰაერი გაჯერებულია მიკროელემენტებით, მათ შორის იოდით, ინსოლაცია ასევე დ ვიტამინის უხვი წყაროა, ამიტომ ხშირად გვეკითხებიან პედიატრებს, რა საფრთხები შეიძლება ახლდეს ამ მოგზაურობას, როგორ მოვემზადოთ, რა პრევენციული ზომები მივიღოთ. პირველ რიგში, არცერთ კურორტზე უნდა წავიყვანოთ ბავშვი, როცა რომელიმე დაავადების მწვავე ფაზაა, განსაკუთრების ბრონქული ასთმის გამწვავება, ენდოკარდიტი, ცხელება, ნაწლავური ინფექცია... ხოლო პრევენციისთვის საჭიროა თან ვიქონიოთ საოჯახო აფთიაქი, რომელიც პედიატრთან იქნება შეთანხმებული.

ჩემი პრაქტიკიდან, ძირითად დაავადებები, რაც ზღვაზე დასვენებას ახლავს, არის: ცხელება ვირუსული ან ბაქტერიული დავაადებებით გამოწვეული, ღებინება, ფაღართი, დერმატიტები, დამწვრობა, არაფერს ვიტყვი თერმულ დაზიანებაზე რასაც მზის დაკვრას ვეძახით. ის, რომ ბავშვი უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ დასხივებას, ყველამ ვიცით. მზის რადიაცია ძლიერდებს 11 დან 17 საათამდე , ამ დროს მოკლეტალღური ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერდება, რაც საშიშროებას ქმნის როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილისათვის.

ჩრდილში, ქოლგის ქვეშ ჯდომა, სითხის მიღება (წყლის) და თეთრი ქუდი სავალდებულოა, ხაზს ვუსვამ წყლის და არა ტკბილი ან გაზიანი სასმელების მიღებას, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შაქრით გაჯერებული სითხის მიღება კიდევ სხვა პრობლემას ქმნის მზის ქვეშ, სითხე ორთქლდება, ორგანიზმში იმატებს შაქრის დონე, ორგანიზმი ისევ ითხოვს სითხეს, თუ ამ დროს ისევ და ისევ ტკბილი ან გაზიანი სასმელით შევივსებით, კონტროლს დავკარგავთ და შეიძლება ჰიპერგლიკემიური კომა მივიღოთ, ანუ სისხლში შაქრის უსაზღვროდ გაზრდილი რაოდენობა... საშიშროება იქმნება, როცა პატარები სილის ან ქვიშის ”გემოს გასინჯვას“ ცდილობენ, ეს ბუნებრივია, აინტერესებთ, ჯანსაღი ინსტიქტია, თუმცა ამან შეიძლება მძიმე ნაწლავური ინფექცია გამოიწვიოს, ამიტომ პატარა დავსვათ ფარდაგზე, თან ვიქონიოთ სუფთა წყალი და ხშირად გადავავლოთ ხელებზე.

- რაც შეეხება მთის კურორტებს, აქ რა საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მთის კურორტისგან მიღებული სარგებელი რაც შეიძლება მაღალი იყოს?

- მთაში ტემპერატურა შედარებით დაბალია, თუმცა ცვალებადი, ეს სახარბიელო არ არის იმით რომ, ტანისამოსის ხშირ ცვლილებას ითხოვს და გადაციების საშიშროება მთაში მაღალია, ჰაერი მშრალია, სუფთა და აეროიონებით გაჯერებული, ასევე ფიტონციდებით (ბუნებრივი ანტისეპტიკები), ატმოსფერული წნევა მაღალია, განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ გადაცივებას, ტრავმებს, მწერის, ქვეწარმავლის კბენას, ალერგიულ დაავადებებს.

თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონდა ანაფილაქსიის ან ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევა, უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, ვიცოდეთ, არის თუა არა მწერის კბენის საშიშროება, საუკეთესო ვარიანტია აუტოინექტორების ტარება, რაც დოზირებულ ადრენალინს შეიცავს, მისი გამოყენება მომენტალურად აგვარიდებს ანაფილაქსიის მძიმე შედეგს. ტრავმების დროს ჭრილობა ჩამოვბანოთ საპნიანი წყლით (მხოლოდ წყლით არა) დავამუშავოთ ბეტადინის ხსნარით, დავაფაროთ სტერლური ბინტი (არამცდარამც ბამბა), თან გვქონდეს ანტიბიოტიკის შემცველი მალამო. გავითვალისწინოთ აცრების მნიშვნელობა, თუ ბავშვს კალენდარული აცრები ჩატარებული აქვს სრულყოფილად, მას ქვეწარმავლის კბენის ან ჭრილობის შემთხვევაში დამატებით 10 წლამდე ტეტანუსის აცრა არ დასჭირდება, თუმცა მაინც დავუკავშირდეთ პედიატრს, უნდა გვქონდეს მასთან სატელეფონო კომუნიკაცია...

- და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის, რომლებიც გეგმავენ საკუთარი შვილები დასასვენებლად წაიყვანონ?

- არ დაგვავიწყდეს სააფთიაქო ჩანთა, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდება საჭიროების დროს, მასში უნდა იყოს: სიცხის დამწევი, ღებინების საწინააღმდეგო და ანტისაფაღარათო მედიკამენტები, მიკრო-ოყნა, ბეტადინის ხსნარი, სტერილური ბინტი, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო, რომელიმე ანტიჰისტამინის შემცველი მალამო და დასალევი სიროფი.