ავტორი:

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

ახალციხეში, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ანესთეზიოლოგ გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს კლინიკის ადმინისტრაციამ ამის შესახებ 30 ივლისს ამცნო. ორივე მათგანს სამსახურის შიდა განაწესის დარღვევას ედავებიან. თუმცა როგორც ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ამბობს, კონკრეტულად რა გადაცდომის გამო დაატოვებინეს სამსახური ექიმებს, მათთვის უცნობია.

"წესით უნდა ეწეროს ბრძანებაში რას ედავებიან. ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რატომ უშვებენ სამსახურიდან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მან ორჯერ დაარღვია შინაგანაწესი და ამიტომ გამოუშვეს. სხვა დეტალებს არ წერენ. ამასთან, არ არსებობს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან ორჯერ დაარღვია დადგენილი წესები. ანუ აქამდე მას არ გამოცხადებია საყვედური. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარღვევად იმას უთვლიან, კონფერენციაზე რომ იყო, როცა მეგი ბაქრაძე ავად გახდა. თუმცა დოკუმენტები გვაქვს, რომ ეს დავალება მათ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღეს და თავიანთი სურვილით არ წასულან კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვაპირებთ სამართლებრივ დავას", - აცხადებს Ambebi.ge-სთან ბონდო ვათიაშვილი.

კლინიკის დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ 6 ივლისს რეგიონალურ მედიასთან განაცხადა, რომ ექიმების გათავისუფლება გარდაცვლილი მედდის საქმეს არ უკავშირდება.

"ერთი კვირის წინ დატოვეს სამსახური შინაგანაწესის დარღვევის გამო. კლინიკას თავისი შინაგანაწესი აქვს, რაღაც პუნქტები დაირღვა და გაათავისუფლეს სამსახურიდან. მეგის საქმეს არ უკავშირდება, კონკრეტული მიზეზები თავად იციან. სხვა ადამიანებიც გათავისუფლდნენ შინაგანაწესის დარღვევისთვის კლინიკიდან", - უთხრა გიორგი ბარძიმაძემ "სამხრეთის კარიბჭეს" .

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა "იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.

ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ ცუდად გახდომის დროს ის და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში იმყოფებოდნენ და პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიებასთან აღიარეს, რომ კლინიკა მეგი ბაქრაძის აცრის შემდეგ მალევე დატოვეს და მისი ცუდად გახდომის დროს კონფერენციას ესწრებოდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინანასამართლო სხდომა 20 ივლისს არის ჩანიშნული. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.