“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 5-6 ივლისს “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლებაა დამნაშავე და ამიტომ “პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გადადგეს”.
გოცირიძეს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით დამნაშავეები არ დაისჯებიან და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასობით მოძალადეა იდენტიფიცირებული, საჩვენებლად მხოლოდ 2-3 ადამიანს დატოვებენ საპატიმროში.
„ვხედავთ, რომ ასობით ველური მოძალადე არის იდენტიფიცირებული, ყველა გაუშვეს, ალბათ 2-3 ადამიანს ჩატოვებენ საჩვენებლად, შემდეგ რაღაცას გაუფორმებენ და ამით დასრულდება. შედეგით - დაისჯება თუ არა ეს ხალხი, იქნება განსაზღვრული, რა როლი მიუძღოდა ხელისუფლებას. ხელისუფლება რომ არის დამნაშავე და წამქეზებელი, ამაში ორი აზრი არ არის. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მიყვეს მთავრობა და შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. მათ გაწირეს პატიოსანი, რიგითი პოლიციელები. რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებულები უტევნდნენ პოლიციელებს, ანგრევდნენ კედელს და პოლიციის ხელმძღვანელობა ჩახუტებული საუბრობდა ქუჩაში მოძალადეების ლიდერებთან და მათთან ფილოსოფიურ განსჯებში იყო, ნაცვლად იმისა, რომ მოეკიდა ყურში ხელი და კინწისკვრით გაეყარათ”,- განაცხადა გოცირიძემ.