ავტორი:

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

დღეს, როდესაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვნებები ოდნავ დამცხრალია, შეგვიძლია დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა - ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?! პასუხი ძალიან მძიმე და დამაფიქრებელია.

თუმცა სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მანამდე 2021 წლის 5 ივლისის იმიტაცია ვცადოთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ "ღირსების მარში“ ყოველგვარი კონტრაქციების გარეშე ჩატარებულიყო. რა მოხდებოდა და ის მოხდებოდა, რომ იმ დღეს შესაძლოა, მედიისთვისაც კი არ ყოფილიყო ეს მთავარი თემა, მეორე დღეს კი საერთოდ არავის ემახსოვრებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და მთელი მსოფლიო შემოიარა ჟურნალისტებზე ნადირობის, ევროკავშირის დროშის დაწვის და იმ საზარელმა კადრებმა, რომელიც ქაბულს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქს.

თბილისში ევროკავშირის დროშის დაწვით რუსებმა ისე გაიხარეს, თითქოს ბერლინი მეორედ აეღოთ. ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას კი დღეს "თალიბანიც“ აღარ კადრულობს.

მოდით, ვნახოთ, ვინ დამარცხდა 5 ივლისს:

დამარცხდნენ, პირველ რიგში, კონტრაქციის მონაწილეები, რადგან ახალგაზრდა გოგო-ბიჭებზე ჯგუფურად ძალადობის იარლიყს ისინი ვერასოდეს მოიშორებენ. ასევე, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისთვისაც კი სამარცხვინოა მათთან რაიმე კავშირის ქონა. თუ კონტრაქციის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მათ გაიმარჯვეს, რადგან "ღირსების მარში“ არ ჩატარდა, მწარედ ცდებიან. ბოლო 5 წელიწადში დღეში სამ-სამჯერ რომ ჩატარებულიყო რუსთაველზე პრაიდი, ისეთ რეკლამას ვერ გაუწევდა ვერავინ, რაც გაუწიეს კონტრაქციის მონაწილეებმა რბევა-მტვრევით და იმხელა გრანტების მიღების შესაძლებლობაც არ გაუჩნდებოდათ, რაც ახლა, ამ აგრესიული ბრბოს "მონდომებით“ გაუჩნდათ...

გარკვეულწილად, დამარცხდა "თბილისი პრაიდიც“. დიახ, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს მათთანაც აქვს პრეტენზია - თუ იცი, რომ რადიკალურ ჯგუფებს ხელები ექავებათ და მზად არიან ნგრევა-მტვრევისთვის, შესაძლოა, ცოტა უფრო დიპლომატიურად მოიქცე ლოკაციის ან გამოხატვის ფორმების კუთხით.

დამარცხდა ხელისუფლებაც. 5 ივლისს პოლიციის ქაოტურმა ქმედებებმა ოპოზიციას მისცა საშუალება ხელისუფლება დაედანაშაულებინა ძალადობის წახალისებაში. გარდა ამისა, ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია უცხოურ დიპკორპუსთან, მოსახლეობის წინაშე კი 5 ივლისს წარმოჩინდა, როგორც უუნარო.

დამარცხდა მთელი საზოგადოება. კერძოდ, დასავლურ საზოგადოებას (პოლიტიკოსებს და საქართველოს საკითხებზე მომუშავეებს არ ვგულისხმობ) შესაძლოა, გაუჩნდეთ ძალიან დიდი ეჭვი, რომ მასობრივად ყველანი ხომ არ ვართ ველურები და უკიდურესად შეუწყნარებლები?! თავიდან მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რატომ ვიმსახურებთ დასავლეთის ცივილიზაციის ქოლგის ქვეშ ყოფნას?!

და ბოლოს - დამარცხდა საქართველო. 5 ივლისს ჩვენს სახელმწიფოს ისეთი ანტირეკლამა გაუკეთდა მსოფლიოში, მტერიც რომ ვერ ინატრებდა. თან როდის - ზაფხულში, როდესაც ტურისტებს თითებზე ვითვლით და თან მაშინ, როდესაც ევროპაში თავი მოგვაქვს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. გარდა ამისა, 6-თვიან პოლიტიკურ კრიზისგადავლილი ქვეყანა ნელ-ნელა მშვიდდებოდა და ეხლა თავიდან აიშალა.

ვინ გაიმარჯვა? მისი მისამართი მარტივია - მოსკოვი, კრემლი, პუტინი. დიახ, 5 ივლისს თბილისში მოსკოვმა გაიმარჯვა. სწორედ მისი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს დისკრედიტაცია და იმის დამტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანას არც მენტალურად და არც პოლიტიკურად დასავლეთში არაფერი ესაქმება და "უფროსი ძმის“ კურატორობის ქვეშ უნდა იყოს. გარდა ამისა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლური ღირებულების დამახინჯებული და "ფეიკური“ სახით წარმოჩენა. რუსეთის კიდევ ერთი მიზანია, ქვეყანაში მუდმივად იყოს დაძაბული, აშლილი ვითარება, რადგან ამ რყევა-რყევით ერთ დღესაც ქართული სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოიშალოს.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, 5 ივლისს ჩვენ ყველანი დავმარცხდით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის გარდა.

ავტორი: ლევან რაზმაძე

"დაისაჯონ დამნაშავეები", "გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი" - პრემიერის საცხოვრებელ სახლთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

"არ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და იმავდროულად, საქმით ვემსგავსებოდეთ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას" - დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები?

"საჭიროა ძლიერი გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის" - აშშ-ის ელჩი