ავტორი:

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების ორ მძიმე ეპიზოდზე

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების ორ მძიმე ეპიზოდზე

რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებას მიაჩნია, რომ პუტკუნა და საყვარელი ხარ, ან გადის დრო და შვილი არ გიჩნდება. ამ მძიმე თემებზე ლელა წურწუმიასთან გადაცემაში ნინო ჩხეიძემ ისაუბრა. ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ვარსკვლავებსაც აქვთ ბევრი კომპლექსი, პანიკური შეტევებიც ემართებათ და მათზე ძალიან მოქმედებს თითოეული ცუდად დაწერილი კომენტარი სოციალურ ქსელში. ბოლო დროს, ქართულ რეალობაშიც ერთგვარ მოდად იქცა, როდესაც ცნობილმა ადამიანებმა საკუთარ კომპლექსებზე დაიწყეს საუბარი და აღმოჩნდა, რომ არც ისე ვარდისფერი და ლამაზი ყოფილა მათი ყოველდღიურობა, როგორც ეს მათი თაყვანისმცემლებისთვის ჩანდა.

ისტორია ერთი - ჭარბი წონა

ნინო ჩხეიძე: ამაზე არსად მისაუბრია, რადგან არ მინდოდა შემტყობოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიყავი კარგად. 2012 წლის შემდეგ დამოკიდებული გავხდი ჩემს პროფესიაზე. პასუხიმგებლობა ავიღე, რომ მე ვიმუშავებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, გიორგიც წავიდა უკრაინაში. მაგრამ ვერ ვმუშაობდი, პანიკური შეტევები მქონდა. მახსოვს უკრაინაში ვიყავი და კონცერტზე ვერ გავდიოდი, ვერ ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა. ცოტა მრცხვენია კიდეც, რომ ვილაპარაკო ამაზე. ამაზე პირველად საჯაროდ ნანუკა ჟორჟოლიანმა დაიწყო საუბარი და მერე ნელ-ნელა რომ გამოვიკვლიე ეს იყო კვების ბრალი. ბავშვობიდან პუტკუნა ბავშვი ვიყავი. მახსოვს ლოყაზე რომ მიჩქმენტდნენ ხოლმე და ეს კომპლექსად ჩამომიყალიბდა. მერვე კლასიდან ავკრძალე ყველანაირი საჭმელი. ვჭამდი მხოლოდ ვაშლს, ბოსტნეულსა და ხილს. ორსულობაშიც კი მკაცრად გაწერილი რაციონი მქონდა, რაც უნდა მიეღო ბავშვს. მახსოვს ძალიან მინდოდა ღომი და ყველი და არ ვჭამე.

ეს სტრესი დაილექა და წლების შემდეგ მომცა შეტევა, ამან გამოიწვია პანიკური შეტევები. დღესაც, სად რამდენი კილო ვარ ჩემ გამოსვლებში ზეპირად ვიცი, რატომ უნდა ვიცოდე? - ასე საუბარი მარტივია, წლები ვიყავი ასე და ვნატრობდი რომ ამომესუნთქა. 33 წლამდე რთულად გადავიტანე ეს ყველაფერი. აქამდე ვერ ვაცნობიერებდი თითოეულ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ოჯახი რომ შევალთ სტუმრად და ბავშვს ვეფერებით, როგორი პუტკუნა ხარ, ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. ძალიან გაუკვირდება ახლა დედაჩემს ამისი მოსმენა, რადგან ოჯახის წევრებთანაც არ მისაუბრია ღიად. ვცდილობ, რომ სოციალურ ქსელში კომენტარები არ წავიკითხო, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, ჩემი შვილი ხომ კითხულობს. ყველა ახალგაზრდას მინდა ვუთხრა, რომ არავის ნათქვამს არ დაუჯერონ, საკუთარ თავს მოუსმინონ და რაც თავად გაუხარდებათ ის აკეთონ, რადგან ეს ყველაზე კარგი მასწავლებელია. მაშინ გათხოვდნენ როდესაც უნდათ და ის იმღერონ რაც უნდათ.

ისტორია ორი - შეწყვეტილი ორსულობა

ნინო ჩხეიძე: ჩემს ქორწილში ორსულად ვიყავი, სამ თვეზე მეტის და ეს ბავშვი დავკარგე. მაშინ მედიცინაც არ იყო ამ დონეზე, ვერ ხვდებოდნენ რა მდგომარეობაში იყო ნაყოფი. ძალიან მხარში დამიდგა გიორგი. იმდენად მტკივნეული თემა იყო ეს ჩემთვის, რომ დედაჩემთანაც არ მილაპარაკია ამაზე. არ ვიმჩნევდი, ვამბობდი, ცხოვრება გრძელდება კიდევ გავხდები დედა, მაგრამ გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, მოგეშალა მუცელი? - არ მინდა გითხრა, მაგრამ ჩემს ახლობელს მოეშალა და აღარ გაუჩნდა ბავშვი.

დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდე-მეთქი, თან ისედაც გარკვეული პერიოდი არ შეიძლებოდა ორსულობა. არ ვიმჩნევდით, მაგრამ დაძაბული იყო მთელი ოჯახი, ისევ საზოგადოების გამო... ამ ამბიდან შვიდი-რვა თვის შემდეგ მე და გიორგი თურქეთში წავედით დასასვენებლად და მოვხვდით წმინდა მარიამის საფლავზე. ამბობდნენ, რომ იქ მიდიოდნენ უშვილოები, ავადმყოფები და იქიდან წამოსულებს ყველას უხდებოდათ სურვილი. ძალიან ვთხოვე, ღმერთო გეხვეწები ამისრულე ეს სურვილი და თუ შვილი გამიჩნდება მარიამს დავარქმევ-მეთქი. ჩამოსვლიდან ზუსტად ათ დღეში ორსულად ვიყავი. მინდა ყველას ვუთხრა, აუცილებლად გჯეროდეთ, მთავარია რწმენა. ძალიან ბევრი გოგო ვიცი, ვერ ორსულდება ფსიქოლოგიური წნეხის გამო და ყველას ვუყვები ჩემ ისტორიას.