„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტიზა და უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება.
„ვიზიარებ ოჯახის და „ტვ1“ ყველა თანამშრომლის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სასწრაფოდ დამოუკიდებელი ექსპერტიზა! სასწრაფოდ ობიექტური გამოძიება! ყველა მოძალადის კანონით მკაცრად დასჯა! ვერ გაატარებთ! არ გაგატარებინებთ!“, - წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.