"ტვ პირველის" ოპერატორის, "ლექსო ლაშქარავას" გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერენ. გთავაზობთ გამოხმაურებებს "ფეისბუქიდან."
ნათია ფანჯიკიძე: ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილა. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, როგორც ჭეშმარიტ სულიერ იმპოტენტებს სჩვევიათ
თინა ხიდაშელი: ჯერ იყო - სვანური გარჩევის შედეგად შემოაკვდათ; მერე - ჯიხურის თავზე დენმა დაარტყა; დღეს - ზედოზირება.არ იჯერებს საზოგადოება ამ ზღაპრებს, ვერც ხელისუფლებებს შველის გადარჩენაში, ამასობაში ადამიანები იღუპებიან, ხელისუფლების და უკვე ეკლესიის მიერ განწირული ადამიანები და ქვეყანა კი უკან უკან მიდის ….ვერ გადარჩებით არჩევნებს. ერთი კია, რაც უფრო გაჯიუტდებით უფრო მაღალი იქნება ფასი…
არჩილ ქიქოძე: ამ ბიჭს მზიურში დაყავდა ძაღლი. ერთხელ მოვიდა და ჩემ ფოტოაპარატზე და ობიექტივზე მკითხა. ტვ პირველის ოპერატორი ვარო და ხომ წარმოგიდგენია, რა ცხოვრება მაქვსო. ნერვები აღარ მაქვსო და აპარატი მინდა ვიყიდო ჩემთვის რომ გული გადავაყოლო რამესო. მერე ეტყობა იყიდა და შორიდან დამანახა. ავუწიე ცერა თითი, სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა. თითქმის ყოველდღე კი ვხედავდი. დარბევის წინა დღეს ერთ ჩემ მეგობარ გოგოს ეუბნებოდა, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღისო. იმან დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო...იყო ახალგაზრდა კაცი და აღარ არის.
გია მურღულია: ქართული მენტალობისა და ქცევის ყველაზე უარესმა, ამაზრზენმა მოცემულობებმა - ზოგ ყეყეჩს პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალი რომ ჰგონია - კონკრეტული მოძალადე სახეები შეიძინა და სიკვდილი დათესა. და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც სამყაროს ამდენი კეთილი საქმე და გულღიაობა აჩვენა.სიყვარული არასდროს არის სიკვდილის არც მიზეზი, არც მიზანი და არც შედეგი.მისი სახელით ადამიანი არ უნდა გაანადგურო!ამ ახალგაზრდა კაცის, ტვ "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მაინც უნდა აუხილოს თვალი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პრობლემათა გადაწყვეტის ლამის ერთადერთ შესაძლებლობად ძალადობას მიიჩნევს.
ასეთი ფიქრი და ქცევა არცხვენს საქართველოს - ყველას, ვინც აქ ვცხოვრობთ და აქვე ვხედავთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს.ეს ის მომავალი არ არის, რომელზეც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვოცნებობდით.ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დიდი ხანია რაღაცას არასწორად, სულელურად და უპასუხისმგებლოდ ვაკეთებთ.თუ ღირსეული მომავალი გვინდა, ყველაზე მთავარი - ადამიანის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.შევინარჩუნოთ, რაც წინაპრებიდან სიკეთე მოგვდგამს და სიკვდილთან თამაშებს თავი დავანებოთ. რამდენი რამ მოხდა ბოლო წლებში, რამდენი უბედურება, ძალადობა და საშინელება - ჭკუა არაფერმა გვასწავლა!
ჩვენი სოციალური მეხსიერება ნულს ქვემოთაა. სამ დღეში ყველაფერი გვავიწყდება და ძველებურად ცხოვრებას ვაგრძელებთ.თავად ასე ვცხოვრობთ და შვილებსაც ასე ვზრდით.არც ოჯახი ცდილობს ადამიანის აღზრდას და სკოლას ეს საქმე ლამის საბოლოოდ გაუცნობიერებელი და საერთოდ მიგდებული აქვს. რეალობა გვიჩვენებს, რომ როცა ამას ვამბობ, მაინცდამაინც არაფერს ვაჭარბებ.
ძალიან ცოტა ქართველს აქვს აღზრდის კულტურა და ძალა.სხვა გზა არ გვაქვს - როგორმე ცოტა ხანგრძლივად უნდა შევწუხდეთ და ერთმანეთსაც ვუთხრათ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ის თანაბრად შეურაცხყოფს ჩვენს ისტორიასაც, ტრადიციასაც და მომავალსაც.სიცოცხლე არაფერს გვასწავლის.იქნებ ამდენმა სიკვდილმა მაინც გვასწავლოს.ამაზე საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს, მთავრობაც, პარლამენტიც და თითოეული მოქალაქეც.უკან მიდევნებული სიბრძნეც არაფერს გვიშველის - წინმსწრები გონიერებით უნდა ვიცხოვროთ.რაციონალური გადაწყვეტილებები, პრინციპულობა და სიმტკიცე გვმართებს.
გიორგი ზურაბიშვილი: "ამათ უსულობას და უგულობას საზღვარი აქვს საერთოდ? ადამიანის მვკლელობა წააქეზეს, მოძალადეებს გზა გაუხსნეს, მოაკვლევინეს კაცი და ახლა კიდევ მსხვერპლის გაშავებას ცდილობენ... ნამუსი გაქვთ საერთოდ, რას აკეთებთ, რეებს კადრულობთ? ჯერ ცხედარი გაიტაცეს ცელოფანში გახვეული და ეხლა ამ კადრების გავრცელება რას ემსახურება? ესე კამერები თუ გიყენიათ ყველგან, მათ შორის ფონიჭალაში ბარიგების კარებთან, ან მაგ ბარიგებს რატომ არ იჭერთ, ან იმ ველურებს, ვინც ადამიანებზე ორი დღის განმავლობაში თარეშობდნენ? ნინიას ბაღია მართლა? ხალხი დებილი გგონიათ? უკვე მართლა აღარ ვიცი, რა სიტყვებით ვიგინო, ამ ყველაფერს როგორ აპრავებთ, როგორ არ გრცხვენიათ? ერთი კაცის ბოსტანი რომ არის ქვეყანა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტუტები რომ არ გვაქვს ამდენი წელია, მაგის ბრალია ყველაფერი. ყველა ასეთი სამარცხვინო ფაქტი და ყველა ასეთი უსამართლობა მაქედან მოდის".
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.