ავტორი:

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

"ევრო 2020“-ის ფინალში ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. თამაშში, რომელიც ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა, გამარჯვება იტალიამ მოიპოვა,

პირველი გოლი მატჩის საწყის წუთებზევე გავიდა, მესამე წუთზე ანგარიში ლუკ შოუმ გახსნა და ინგლისი დააწინაურა.

მეორე ტაიმში იტალიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ინგლისელების გოლს 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გამარჯვება იტალიამ მოიპოვა.

ცნობისთვის, ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა, აღსანიშნავია, რომ იტალიამ ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა, პირველად ჩემპიონი 1968 წელს გახდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა. მისი თქმით, ინგლისის ნაკრების გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა.

"ჩვენ გულდაწყვეტილნი ვართ. ფეხბურთელებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლეს. მეტოქემ თამაში კარგად დაიწყო, ჩვენ კი დროდადრო ბურთს კარგად ვიჭერდით, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში. დღეს გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა", - ამბობს საუთგეითი.

იტალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მანჩინი კი ამბობს, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა:

"ინგლისმა კარგად ითამაშა. დაწყებისთანავე გავუშვით გოლი. გაგვიჭირდა, მაგრამ იმ მომენტიდან ვდომინირებდით. ბიჭები უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ, არც ვიცი, რა ვთქვა. ეს გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველა გულშემატკივრისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. იმედია, ფანები ახლა ზეიმობენ. ბედნიერები ვართ და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა", - ამბობს მანჩინი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმაც გააკეთა: "ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდნენ გუნდი და ფეხბურთელები. ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ერი გუნდთან ერთად. იტალია თამაშის გარკვეულ ელემენტებს აკონტროლებდა. უნდა ვაღიაროთ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ის ძალისხმევა, რომელიც ინგლისმა გაიღო, ჩვენი გულებისთვის ძვირფასი იყო. პენალტი ადვილი მომენტი არ არის, მაგრამ ასეთია თამაში".

რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო 2020-ს ფინალში გამარჯვებით თავისი წაუგებელი სერია 34 მატჩამდე გაზარდა და პირადი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა, ხოლო ყველა დროის რეკორდის გამეორებამდე 1 წაუგებელი მატჩიღა დარჩა. აქამდე, იტალიის საუკეთესო წაუგებელი სერია 30 მატჩს ითვლიდა, რაც გუნდმა 1935-1939 წლებში, ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით შეძლო. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, მისი გამეორებისგან იტალია უკვე ერთ ნაბიჯშია - ამ დრომდე, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო წაუგებელი სერია 35 მატჩს ითვლის, რასაც ერთბაშად ორმა გუნდმა მიაღწია - ესპანეთმა და ბრაზილიამ.

"ევრო 2020" -ის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე პირველად დასახელდა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი პედრი გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ყველა თავისი გოლი ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა.

ის საუკეთესო "გოლიადორი" 5 გოლითა და 1 საგოლე პასით გახდა, მისი უახლოესი მდევარი კი ჩეხი პატრიკ შიკი აღმოჩნდა, რომელმაც ასევე 5 გოლი გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია.

ევროპის ჩემპიონები

მარკუს რაშფორდის ემოციები 11-მეტრიანი დარტყმის გაცუდების შემდეგ

ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი დარტყმა ინგლისელებმა 19 წლის ბუკაო საკას ანდეს. საკამ შანსი ვერ გამოიყენა

საკას მთავარი მწვრთნელი ამშვიდებს

დეკლან რაისის ცრემლები

დამარცხებულისა და გამარჯვებულების განსხვავებული ემოციები

იმედგაცრუებული ინგლისელი ფანები

დამარცხება

ჰარი კეინი ატირებულ ცოლს ამშვიდებს

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი

ბედნიერი იტალიელი ფანები

იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვების აღსანიშნად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ბედნიერი იტალიელები

იტალია ევროპის ჩემპიონობას ზეიმობს

გამარჯვების ემოციები

ტრავმირებული სპინაცოლაც თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას

ფოტოები: reuters.com

არეულობა კუბაში, დაშავებულები და ათობით დაკავებული - რა ხდება ქვეყანაში, სადაც საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

ტრაგედია ერაყში - საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება