პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს შედგება.
"ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი.
"პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში.
ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც "მათი ოცნებაა“.
"მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.