ავტორი:

"ყველამ იცის, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის... ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, აკეთებენ კრემლის საქმეს" - კელი დეგნანი

"ყველამ იცის, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის... ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, აკეთებენ კრემლის საქმეს" - კელი დეგნანი

"საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია თუ ვინ უნდა იდგას ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე და უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან.

კელი დეგნანის განცხადებით, ოპერატორის გარდაცვალება შოკისმომგვრელი ფაქტია. ელჩის შეფასებით, ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია და ამასთანავე, დაუშვებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ადამიანებისთვის ხელის შეშლა.

"მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკისმომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად. ეს იყო შოკისმომგვრელი. ძალადობა ნებისმიერი ფორმით, არის მიუღებელი.

ეს უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და "ღირსები მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში, იქნება ეს უმცირესობისა თუ უმრავლესობის მხრიდან, არსებობს ვადებულება მოქალაქეების დასაცავად და არსებობს ვალდებულება აღიკვეთოს ძალადობა - ეს არის ფუნდამენტური,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ასევე ისაუბრა გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე.

"ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს. ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის” ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის "პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი - არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.