ავტორი:

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

კაცობრიობას, არსებობის ისტორიის განმავლობაში, მრავალი ეპიდემია და პანდემია ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელია კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა და ფაქტობრივად, მთლიანად შეცვალა დღის წესრიგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას კვლავ აივ/შიდსი წარმოადგენს.

გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მონაცემებით, აივ/ შიდსის ეპიდემია რჩება დინამიურ და მზარდი ხასიათის ეპიდემიად, რომელმაც საოცარი სისწრაფით მოიცვა მსოფლიოს ყველა კონტინენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობამ და ეფექტიანმა პროფილაქტიკურმა პროგრამებმა აივ/შიდსის გავრცელების სტაბილურობა განაპირობეს, მთელ მსოფლიოში, აივ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მაინც იზრდება.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. მიუხერდავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, ექსპერტების შეფასებით აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა, დაახლოებით, 8 500 შეადგენს, რაც ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში აივ ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2021 წლის ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8 853 შემთხვევა, საიდანაც 6 612 - მამაკაცი, ხოლო 2 241 - ქალია. პაციენტთა ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობს. 2021 წელს, გამოვლინდა 221 ახალი შემთხვევა.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასე გამოიყურება: 49,7% ჰეტეროსექსუალური გზით, 35,7% ინექციური ნარკომანიით, 12,2% ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით, 1,3% ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე), 0,6% - დაუდგენელი გზით და 0,5% სისხლის გადასხმით.

შიდსთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ სფეროში მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აივ/შიდსის გამოვლენა, პროფილაქტიკა და დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც სხვადასხვა რისკჯგუფში, ასევე ზოგად მოსახლეობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია და მისგან გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური ზარალი.

„2004 წლიდან, საქართველომ პირველმა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, დანერგა და უზრუნველყო აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოში უკვე დანერგილია პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის მეთოდები, რაც საშუალებას იძლევა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს აივ/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და მონიტორინგზე ხელმისაწვდომობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF), რომელიც წარმოადგენს აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილეს მიმწოდებელს, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. ფონდის წარმომადგენლობა მოსახლეობას აივ-ზე სწრაფ და ანონიმურ ტესტირებას, კონდომებს, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციებს სრულიად უფასოდ სთავაზობს“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

ქვეყანაში აივ/შიდსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული თვალსაჩინო და რეალური მიღწევების მიუხედავად, კვლავ არსებობს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები, რაც მაღალი რისკის ჯგუფების არასაკმარისად მოცვაში, აივ ინფიცირებულთა გამოუვლენელი შემთხვევების მაღალ მაჩვენებლებსა და აივ ინფექციის დაგვიანებულ დიაგნოსტიკაში გამოიხატება. ეს კი, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელების ნელ, თუმცა მზარდ დინამიკას.

„დღეისათვის, თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით, აივ ინფექცია მართვადი ინფექციური დაავადებაა. მედიკამენტების სისტემატიური/უწყვეტი მიღება, მთელი სიცოცხლის მანძილზე, უზრუნველყოფს დაავადების პროგრესირების ეფექტურ კონტროლს და ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს. ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, მკურნალობის შედეგად შესაძლებელი ხდება ვირუსის დათრგუნვა, იმუნიტეტის აღდგენა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს, რომ შიდსის პრევენციის და ადრეულ სტადიაზე გამოვლენის უალტერნატივო გზა ტესტირებაა. საქართველოში, აივ-ზე სწრაფ და მარტივ ტესტირებას მოსახლეობას არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენი ფონდის ტესტირების ცენტრი სთავაზობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტესტირება ანონიმური და სრულიად უფასოა“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

როგორც ნინო აღნიშნავს, დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მკურნალობის გარეშე, მოიცავს შემდეგ სტადიებს: ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ასიმპტომური პერიოდი (2-3 კვირა), მწვავე რეტროვირუსული სინდრომი (2-3 კვირა), კლინიკური გაუმჯობესება და სეროკონვერსია (2-4 კვირა), ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია (საშუალოდ 8 წელი), სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი (საშუალოდ 1,3 წელი) და ბოლო სტადია გარდაცვალება. აივ ინფექციის წყაროს წარმოადგენს აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანი როგორც დაავადების უსიმპტომო პერიოდში, ასევე კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ. გამომდინარე აქედან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ვირუსის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია, როგორც ინფიცირებულის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის, ასევე დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.

„შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რის შედეგად ინფიცირებული პირი მოწყვლადი ხდება სხვადასხვა ინფექციური ან/და იშვიათი სიმსივნური დაავადების მიმართ. აივ-ი არსებობს ორგანიზმის მთელ რიგ ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს სისხლი, სპერმა, ვაგინალური ლორწო და თავზურგტვინის სითხე. სწორედ ამ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი არის ინფიცირების რისკის შემცველი. შიდსის ვირუსი გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი გზა აივ ინფიცირებულთან ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირია (ჰეტერო თუ ჰომოსექსუალური). ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვირუსის გადაცემა ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცებში. აივ/შიდსის გადაცემის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ინფიცირებულის სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა, ასევე, აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ან/და სილამაზის სალონების არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ტატუ/პირსინგზე მოთხოვნა, რაც ვირუსის გადაცემის რეალურ წყროს წარმოადგენს, მოქალაქეები, რომლებიც ხშირი მომხმარებლები არიან აღნიშნული მომსახურების, ერთ-ერთ რისკჯგუფს წარმოადგენენ. ვირუსის გადაცემის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვერტიკალური გზა - აივ ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებს შორის ინფიცირების ძირითადი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება და დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. ბოლო პერიოდში, საქართველოში იზრდება ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე ინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა. ქალთა შორის ინფიცირების ძირითადი გზა ასევე არის დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტები. აივ ინფიცირებული პირიდან ინფექციის გადაცემის რისკი ყველაზე მაღალია ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ, დაავადების პროგრესირებისას“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

მისი თქმით, საქართველოში, უკანასკნელ წლებში, აღინიშნება აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოვლა-მკურნალობის პროგრამების ეფექტიან მუშაობასთან. საქართველოში აივ/შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი, ძირითადად, აივ ინფექციის გვიანი დიაგნოსტიკიკაა.

„საქართველოში, ინფიცირებული მოქალაქეების 20%-ზე მეტმა, არც კი იცის რომ ვირუსის მატარებელია, რაც ხელს უწყობს დაავადების უნებლიე გავრცელებას. თუ გამოვიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ვიზრუნებთ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და, სარისკო ქცევის შემთხვევეში, დროულად ჩავიტარებთ ტესტირებას, შევძლებთ დავამარცხოთ შიდსის გავრცელება საქართველოში“, - აცხადებს საქართველოში შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

როგორც ნინო აღნიშნავს, მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: ჰაერ-წვეთოვანი გზით - არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი, ვირუსი არ გადადის არც კოცნით, არც დახველებით და დაცემინებით; საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით - არ არის საშიში ინფიცირებულის ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა, არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით; მწერების ან/და ცხოველების კბენის შედეგად.

ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩასატარებლად და უფასო კონდომების მისაღებად, შეუძლია მიმართოს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37დ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/ahfgeorgia ან ვებგვერდი https://freehivtest-ge.org/ge/

R

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე