ავტორი:

"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

"დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან... თუმცა გამიმართლა" - ისტორია წარმატებულ ქართველი ქალზე, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

დონა გიორგაძე 29 წლის იყო, როდესაც ამერიკას პირველად ესტუმრა. შემდეგ იყო პირველი სამსახური, ახალი სიყვარული და დაბრუნება ისევ სამშობლოში. რამდენიმე წელიწადში კი ორ შვილთან ერთად დატოვა საქართველო და ახალი ცხოვრების დასაწყებად შტატებში სამუდამოდ წავიდა. უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად კულინარიით გატაცება იდეალური საშუალება აღმოჩნდა. დღეს დონას აშშ-ს პატარა ქალაქში ყველა იცნობს - უფრო მეტიც, აგვისტოში მისი პირველი წიგნი გამოვა ქართული სამზარეულოს შესახებ...

- დონა, როგორ მოხვდით აშშ-ში?

- პირველად 2004 წელს ჩამოვედი რამდენიმე თვით. მიზეზი ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო. მე, 29 წლის, გათხოვილი, ორი შვილით, სოფო 7 და ლილე 5 წლის, ქირით ვცხოვრობდით ოროთახიან, ფაქტიურად, ერთ საძინებლიან ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილები, მათი სუნი, მაინც ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას.

გამიმართლა, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ჩამოვედი ჩემი ბავშვობის მეგობართან. სოფო დაახლოებით 6 წელი არ მყავდა ნანახი და მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა აეროპორტში, იმდენჯერ ვიკივლე გულში, ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო რომ დავინახე, ფაქტიურად ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი... ერთი, რაც მკაფიოდ მახსენდება იქაური სუნია, რაღაცნაირი ახლის და სუფთა სუნი. ფეხსაცმელს რომ ტალახი და მტვერი არ ედებოდა ამაზე გავრეკე! ზუსტად ისე იყო როგორც ფილმებში მინახავს, გაწკრიალებული ბოტასებით შემეძლო გარეთ მერბინა და მერე ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი.

...ქორწილი იყო არნახული. პატარძლისა და მისი დაქალების სასტუმროში მომზადება თავის შამპანიურ-ლანჩიანად, ცერემონიალი გარეთ მდელოზე და ძალიან ბევრი ცეკვა და მუსიკა. ორი კვირის განმავლობაში სოფომ მაქსიმალურად მომატარა ყველაფერი. მახსოვს, ყველაფერს საქართველოს ფასებს ვადარებდი და სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, სოფო რომ უამრავ ფულს ხარჯავდა ჩემთვის რაღაცეების ყიდვაში.

გამიმართლა, რომ ნიუ ჯერსიში მყავდა მეორე ბავშვობის მეგობარი, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული და შემეძლო სადამდეც საჭირო იქნებოდა დავრჩენილიყავი. იმაშიც გამიმართლა, რომ ქეთის დახმარებით რამდენიმე გასაუბრებაზე ვიყავი და სულ რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგო ცხოვრობდა. მე ვიყავი მათი დედაც, მომვლელიც, მასწავლებელი და ყველაფერი. მახსოვს, ქეთიმ რომ ჩამომაბარგა და მარტო დავრჩი ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში, პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მენატრებოდნენ ჩემი შვილები, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. პირველად მაშინ ვიტირე ბალიშში თავჩარგულმა...

საბედნიეროდ, მალე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი დილა ასე იწყებოდა: ბავშვებს გავამზადებდი დილით, ჩაცმა, დაბანა, საუზმე, მერე მე ყავას მოვიდუღებდი და საქართველოში ჩემს გოგონებს ვურეკავდი რომ მათი ხმა გამეგონა. ეს იყო ჩემი რიტუალი. საქართველოში დაბრუნებამდე 2 თვით ადრე გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე დევიდი, რომელმაც მომატარა ნიუ იორკის მუზეუმები და პირველად ვნახე ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ნამუშევრები ორიგინალში. მოვიარეთ ჯაზ კლუბები, რომელსაც მე მარტო ვერასოდეს ვერ აღმოვაჩენდი.

იმ დროს მართლა კონკიას გმირად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და მე ისევ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი...

მიუხედავად შიშისა, მაინც დავბრუნდი, რადგან სხვანაირად ვერანაირად ვერ დავალაგებდი სიტუაციას. ბავშვების მიტოვება დიდი ხნით არ მინდოდა, არც ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოში, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე სულ ტირილ-ტირილით გამაცილა დევიდმა აეროპორტში და ბოლო წუთამდე მემუდარებოდა, არ წავსულიყავი. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო და ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა. ვიცოდი, დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან, ნათესავებთან და ყველასთან ვისაც არ ეზარებოდა ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა. გამიმართლა იმაში, რომ გვერდით მედგნენ მეგობრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და მამხნევებდნენ, რომ ჩემს შვილებს ერთი წამითაც არ დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომ სჯეროდათ ჩემი და არასოდეს მიგრძვნია თავი დამნაშავედ.

დონა და დევიდი 2005 წელს

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ძალიან ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე აღარასოდეს არ მეცხოვრა სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად. ეს იყო ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როცა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ხარ მართალი. არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობდა ჩემზე, არც მაინტერესებდა. ერთ თვეში ბინა ვიყიდე და ბავშვებთან ერთად ცალკე გადავედი. მალე მუშაობა დავიწყე, განქორწინებაზეც შევიტანე საბუთები და ნელ-ნელა დავლაგდი.

მართალია, ბინა უძველესი იყო და გასარემონტებელი, მაგრამ ამას მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა - ისეთი ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი შვილები იმ თავისუფლებით და სიმშვიდით, რომ ეგ არავის ადარდებდა. დევიდი ყოველდღე, ხანდახან სამჯერ მირეკავდა და მის არსებობას ყოველდღე ვგრძნობდი. სამი წლის მერე ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ აგვისტოს ომმა შეაჩერა ეგ ამბავი. ამიტომ ევროპაში შეხვედრა გადავწყვიტეთ. სამსახურის კონტაქტებით ადვილად მივიღე ვიზა და 2008 წლის ოქტომბერში ჩრდილო იტალიაში შევხვდით. ეს ფაქტიურად პირველი შემთხვევა იყო, როცა 3 კვირის განმავლობაში დღე და ღამე ერთად ვიყავით...წაიკითხეთ სრულად