ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტს მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაგმგზავრებამდე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და მიზნად ისახავდა ოლიმპიური ნაკრების წევრის, უნივერსიტეტის სტუდენტის მარიამ იმნაძის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად გაცილებას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, სოციალურ საკითხთა, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, სტუდენტ მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებიდან გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

„პირველ რიგში, ჩვენს სტუდენტს, მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებიდან საქართველოში დიდი წარმატებითა და გამარჯვებით დაბრუნებას ვუსურვებთ. დარწმუნებული ვართ, ის ასახელებს თავის ქვეყანას. გვინდა მარიამმა იცოდეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი სპორტული ტრადიციები აქვს - ამ კედლებში არაერთი ოლიმპიელი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სწავლობდა და ახლაც სწავლობს. ტრადიციები ახლაც გრძელდება და მარიამ იმნაძეც ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვან სპორტსმენებს შორისაა. ყოველი თქვენგანის წარმატება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

რექტორი ასევე დაინტერესედა, თუ როგორ ართმევს თავს ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი სასწავლო პროცესისა და რთული სპორტული კარიერის ერთმანეთთან შეთავსებას. დავით გურგენიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი იმ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც არიან ან გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. რექტორის თქმით, საქმე ეხება მოქნილი სასწავლო გრაფიკის შეთავაზებასა და გარკვეული შეღავათების დაწესებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებისთვის.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა მარიამ იმნაძემ გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორსა და შეკრებილ საზოგადოებას.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა, ეს მამხნევებს და გამარჯვების სტიმულს მიძლიერებს. მადლობა რექტორს გულთბილი სიტყვებისთვის, მადლობა ყველას, ვინც ეს შეხვედრა მოაწყო. წინ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო შეჯიბრები გველის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები, საქართველოს სახელით, ღირსეულად იასპარეზებს ტოკიოს ოლიმპიადაზე“, - აღნიშნა მარიამ იმნაძემ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 19 ივლისს მიემგზავრება. ოლიმპიურ თამაშებზე ის 100-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში იასპარეზებს.

R

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე