ავტორი:

"დაოჯახებული არ ვარ, ჩემი სიყვარული არ დამთავრდა კეთილად" - როგორ მოხვდა მსახიობობაზე მეოცნებე ნათია მეზვრიშვილი იურისპრუდენციაში?

"დაოჯახებული არ ვარ, ჩემი სიყვარული არ დამთავრდა კეთილად" -  როგორ მოხვდა მსახიობობაზე მეოცნებე ნათია მეზვრიშვილი იურისპრუდენციაში?

90-იანების ბავშვია, თუმცა გაჭირვების მიუხედავად, მაინც არ უჩივის უინტერესო ბავშვობას, არც თინეიჯერობის პერიოდს, როცა "ხუთოსანი" გოგონა როკ მუსიკის სიყვარულის გამო ხშირად დადიოდა პეროვსკაიაზე ცოცხალი ბენდების მოსასმენად. გვიმხელს, რომ თავადაც კარგად მღერის. იცოდა, რომ დამოუკიდებლად უნდა მიეღწია ყველაფრისთვის... მსახიობობა უნდოდა ან მომღერლობა და მოხვდა იურისპრუდენციაში. მოსამართლე ვერ გახდა, მაგრამ პროკურატურაში გააგრძელა გზა, შემდეგ კი შს მინისტრის მოადგილედ "იპოვა“ გიორგი გახარიამ (იმჟამინდელმა შს მინისტრმა). "მშვიდ სამსახურში ვერ ვმუშაობ და ისეთი "დრაივი“, რაც შსს-ში იყო, არსად მახსენდება. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ პროფესიული განვითარების საუკეთესო პერიოდი, რაც კი გამიტარებია, ეს შსს-ში იყო. ამ შენობაში რომ შევდივარ, დღემდე გული მიფანცქალებს", - გვეუბნება ნათია მეზვრიშვილი, რომლის წარმატების ფორმულა ასეთია: "დიდი შრომა და გამართლება, სწორი მომენტების სწორად გამოყენება, ანუ შესაძლებლობების სწორად დანახვაა მთავარი. როცა გეძლევა შესაძლებლობა, მას კარი არ უნდა დაუხურო. როგორც კი ამას სწორად დაინახავ და გამოიყენებ, იქ მოდის წარმატებაც. ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო“.

ambebi.ge - ს "ძალიან აქტიური, ხისტი, ემოციური და ჯანსაღად ამბიციური“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პარტიის "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ესაუბრება:

  • "მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა“

- თბილისში დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს, ორი და მყავს და ოჯახში პირველი შვილი ვარ. გავიზარდე ვორონცოვზე და დავამთავრე 30-ე სკოლა, კიევის ქუჩაზე. ახლა, დაახლოებით 6 წელია, რაც ცალკე ვცხოვრობ. 90-იანების ბავშვი ვარ და როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვიჭირდა. დედა ექიმია, ეპიდემიოლოგი, რომელიც დიდხანს მუშაობდა, მერე რაღაც ცვლილებები მოხდა, სამსახური დაკარგა და პედაგოგობა დაიწყო - მოსწავლეებს ამზადებდა და იმ საშინელ 90-იანებში ოჯახში გამწევი ძალა ის იყო. მამა ინჟინერია, ბევრ ადგილასაა ნამუშევარი, ფიზიკურადაც შრომობდა...

მოგეხსენებათ, იმხანად უშუქობა და გაჭირვება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა. დამჯერი, თანაც, ხუთოსანი ბავშვი ვიყავი. სკოლას თუ გავაცდენდი, ვნერვიულობდი, უნივესიტეტშიც სულ პირველ მერხზე ვიჯექი და სულ ხელი მქონდა აწეული, რის გამოც დაიკოები სულ დამცინოდნენ ხოლმე. ნავთის ლამპის შუქზე ვმეცადინეობდით, "კერასინკები“ყველა ოჯახში იყო (ჩვენ მწვანე გვქონდა, წითელი ძვირი ღირდა). ამას იმიტომ ვყვები, რომ ბავშვობიდან ვიცოდით და მშობლები გვაგონებდნენ, რომ წარმატებისთვის ჩვენით უნდა მიგვეღწია და "გვაწვებოდნენ“. პირადად ჩემს მიღწევებში მამიდასაც აქვს დიდი წვლილი შეტანილი. ყველა მეუბნება, მედეა მეზვრიშვილთან რამე ხომ არ გაკავშირებთო. ძალიან მაგარი ქალბატონი იყო, მაგრამ არაფერი მაკავშირებს, ქართლელი მეზვრიშვილი ვარ.

ნათია მეზვრიშვილის მშობლები
  • "კონცერტებზე დავდიოდი, პლაკატებს ვაგროვებდი და სულ ვიღაცაზე ვგიჟდებოდი“

მუსიკის დიდი მოყვარული ვარ... პერიოდულად გემოვნება მეცვლებოდა ხოლმე, როკი მიყვარდა ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ხუთოსანი ვიყავი, ბევრი დრო არ მქონდა, თინეიჯერობის პერიოდი საინტერესოდ მაქვს გამოვლილი - ჩაცმულობიდან დაწყებული, კონცერტებზე სიარულით დამთავრებული. კონცერტებზე დავდიოდი, პლაკატებს ვაგროვებდი და სულ ვიღაცაზე ვგიჟდებოდი, მაგალითად, ჯექსონზე, ფრედი მერკურიზე... ახლა ცოტა გავიზარდე... “Radiohead”-ს და ჯენის ჯოპლინს კვლავაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ. პეროვსკაიაზე ცოცხალი ბენდები უკრავდნენ და იქ დავდიოდი, მეგობრებთან ერთად, ვმღეროდით კიდეც. თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვმღერი. სად მოვხვდი, საერთოდ...

  • "ბევრმა არ იცის, პირველად ვამბობ, რომ... "

მინდოდა მსახიობი ან მომღერალი გამოვსულიყავი და... იურისპრუდენციაში მოვხვდი. მამამაც მოახდინა გავლენა და ალბათ იმანაც, რომ ბაბუა მყავდა მოსამართლე. მამიდაჩემის ქმარიც მოსამართლე იყო და სულ იურისტების კამპანიაში ვტრიალებდი. მომხიბვლელად მეჩვენებოდა ეს გაწკეპილი ხალხი. ვერ ვიტყვი, ძალიან მინდოდა-მეთქი, მაგრამ რატომღაც იქეთ გადავიხარე. იურიდიულზე გაჭირვებით ჩავაბარე, ძალიან რთული იყო, ჩაწყობები ხდებოდა უნივერსიტეტში, რაც კატასტროფა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირდა, ოჯახის მთელი ინვესტიცია, რაც ოჯახს გააჩნდა, სამივე შვილის განათლებაში ჩაიდო. ერთი ქულა დამაკლდა და დაუსწრებელზე მოვხვდი, მეორე წელს გადავაბარე და დასწრებულზე გადავედი.

ბევრმა არ იცის, პირველად ვამბობ, რომ ჩემი ჯგუფელები იყვნენ ქალბატონი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია - დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარი და პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი - ასევე ჩემი კარგი მეგობარი. მართალია, დღეს სხვადასხვა მხარეს ვართ, მაგრამ.. გამორჩეულად კარგი სტუდენტები ვიყავით სამივენი. სასამართლოშიც ბევრი მოსამართლეა ჩემი ჯგუფელი, საკმაოდ კარგი კურსი გვქონდა. ანრისთან დღემდე ვმეგობრობ და შევთანხმდით, რომ არ ვიჩხუბოთ, ამიტომ პოლიტიკაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ორივეს გვირჩევნია, მეგობრობა შევინარჩუნოთ. ძალიან აქტიური სტუდენტები ვიყავით, რადგან ვიცოდით, ყველაფრისთვის ჩვენით უნდა მიგვეღწია. იმდენად აქტიურები ვიყავით, სემესტრის ბოლოს გამოცდებს არ ვაბარებდით, ავტომატურად გვქონდა ფრიადი, ყველა კურსი ფრიადებზე დავამთავრეთ. პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში ბევრია ჩემი ჯგუფელი - ყველანი გამორჩეულები და კარგები. იმ პერიოდში ნათელი წერტილი იყო საია-ში ჩაბარება. უნივერსიტეტში წესიერი ბიბლიოთეკა არ იყო, რომ დამჯდარიყავი და წიგნი წაგეკითხა, საიას კი ჰქონდა პირობები, ერთი წელი მანდ ვსწავლობდი, რაც დიდი შენაძენი იყო, იქ განსხვავებულ აზროვნებას ასწავლიდნენ და ჩარჩოებში არ იყო მოქცეული ყველაფერი. უნივერსიტეტის შემდეგ, საღამოს საათებში იქ ერთი წელი დავდიოდი და უფასოდ ვსწავლობდი.

  • "დღემდე მიყვარს როკი"

მიუხედავად იმისა, რომ ხუთოსანი სტუდენტი ვიყავი, გართობასაც არ ვიკლებდი და სადაც ცოცხალ მუსიკას წავაწყდებოდით, მე და ჩემი მეგობრები იქ დავდიოდით, მაგალითად, ბარში, პეროვსკაიაზე, როკ მუსიკის სიყვარული რომ დაგვეკმაყოფილებინა. მძიმე მეტალს ვერ ვუსმენ, მაგრამ დღემდე მიყვარს კარგი როკ-მუსიკა, მიყვარს კლასიკური მუსიკაც. თითქოს, შეუთავსებელია, მაგრამ ასეა... ხშირად ვუსმენ შოპენს, რომელიც გამორჩეულად მიყვარს, მოკლედ, ხასიათს და განწყობას გააჩნია...

  • "ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები"

მაგისტრატურაზე ჩავაბარე სისხლის სამართლის მიმართულებით. პროკურატურაში გამოცხადდა (ერთადერთი უწყება იყო, რომელიც იძლეოდა სისტემაში მოხვედრის საშუალებას ჩვენისთანა უპატრონო სტუდენტებისთვის, რომელთაც ხელის წამკვრელი არავინ ჰყავდათ) კონკურსი, მაგისტრატურის რამდენიმე სტუდენტი წავედით გამოცდის ჩასაბარებლად, ბევრნი ვიყავით გასაუბრებაზე და მხოლოდ 2 გოგო და სწორედ ჩვენ - მე და გენპროკურორის ამჟამინდელი მოადგილე ნათია მერებაშვილი მიგვიღეს. მანამდე ბიჭები დაგვცინოდნენ, სად მოდიხართ გოგონებიო და მერე ჩვენ გაგვიხდა ისინი დასაცინი, არც ერთი ბიჭი არ მიიღეს.

მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ პროკურატურა ჩემი საოცნებო სამსახური იყო, უბრალოდ, სამსახურს ვეძებდი შემოსავლის წყარო რომ მქონოდა. თან მაგისტრატურაში ვსწავლობდი და გამიმართლა, ანაზღაურებადი სტაჟირება იყო. ვადაზე ადრე, 6 თვეში დავინიშნე პროკურორად.

სასამართლოზე კურიოზი მახსენდება, ისეთი პატარა ვიყავი, მოსამართლემ ვერ დამინახა და მაჯარიმებდა. დავრჩი იქ და დავიწყე რიგითი პროკურორობიდან. ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს პირველ ხელმძღვანელს გელა ბადრიაშვილს, რომელიც სააპელაციოს ძალიან კარგი მოსამართლეა. მერე მოვხვდი გენერალურ პროკურატურაში, დამაწინაურეს. როგორც მერე გავიგე, ჩემი მომავალი უფროსი ქალი იყო და ქალების წინსვლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. იმხანად ქალებისთვის ხელის წაკვრა არ იყო ასე მარტივი. ის დადიოდა და პროცესებს აკვირდებოდა, მონიტორინგს ახორციელებდა და მერე როგორც მითხრა, პროცესზე მოვეწონე, როგორც გამომსვლელი პროკურორი. ასე მოვხვდი გენერალურ პროკურატურაში, სადაც, საბოლოო ჯამში, 11 წელი გავატარე სხვადასხვა პოზიციაზე, მოკლედ, იქ გავიზარდე.

აშშ-ში სწავლისას

2016 წელს სასწავლებლად წავედი აშშ-ში. სიმართლე გითხრათ, დავიღალე, რაღაც ახალი მინდოდა. ბევრი კარგი ინიციატივის ავტორი ვიყავი. ზოგადად, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები. ერთი უწყების შიგნითაც, როცა რაღაცას ამოვწურავდი და წინ წაწევის შესაძლებლობა არ იყო, ადგილი რომ არ შემეცვალა, უკვე დისკომფორტი მეწყებოდა და შრომის უნარი მეკარგებოდა.. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი. ძალიან მოვინდომე და კარგად დავწერე ის დავალება, რაც ამ პროგრამის ფარგლებში მევალებოდა, ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი ვარ. ერთი წელი ვიყავი ოჰაიოს შტატში, ვისწავლე სამართალშემოქმედება, მინდოდა, ჩამებარებინა ბარ-ის გამოცდა, დავრეგისტრირდი, გამოცდაზეც დამიშვეს, მაგრამ წამოვედი და ახალი იდეებით დავბრუნდი პროკურატურაში.

მოსამართლეობა მინდოდა ძალიან. პროკურატურა დასაწყისში არ იყო საოცნებო, მაგრამ იქ პროფესიული განვითარების ისეთი საინტერესო პერიოდი მაქვს გამოვლილი, რომ არც კი ვიცი, სად უნდა მემუშავა, ასეთი საინტერესო რომ ყოფილიყო იურისტის ცხოვრება. გენპროკურატურა ყველა პროკურორისთვის საოცნებოა და ესეც გამოვიარე.

  • "ისეთი "დრაივი", რაც შსს-ში იყო, არსად მახსენდება"

მშვიდ სამსახურში ვერ ვმუშაობ, მაგრამ ისეთი "დრაივი", რაც შსს-ში იყო, არსად მახსენდება. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ პროფესიული განვითარების საუკეთესო პერიოდი, რაც კი გამიტარებია, ეს შსს-ში იყო. ამ შენობაში რომ შევდივარ, დღემდე გული მიფანცქალებს… იქ სულ სხვა წესრიგია, სხვანაირი სენტიმენტები მაქვს და ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, პირველ რიგში, რიგითების და რა უნდა მოხდეს, მათზე ენა ცუდად მომიბრუნდეს.

მერე, გიორგი გახარია მოადგილეს ეძებდა, რომელიც იქნებოდა იურიდიული საპარლამენტო მიმარულების ხელმძღვანელი. მე მას არც ვიცნობდი და კითხვა-კითხვით ვარ იქ მოხვედრილი. როგორც შემდეგ გავარკვიე, ის ბევრ წრეში ეძებდა კოლეგებს. ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და მოულოდნელად მოვხვდი გასაუბრებაზე. მახსოვს, გენერალურმა პროკურორმა დამირეკა და მითხრა, გასაუბრებაზე გეძახიან, მოადგილის ვაკანსია უნდა შემოგთავაზონო და თვითონაც გაკვირვებული იყო. ასე მოვხვდი ამ გასაუბრებაზე. ამ ადამიანს ასე ჰყავს ნაპოვნი გარშემო შემოკრებილი ადამიანების უმრავლესობა, ამიტომ ვარ ხოლმე ხმალამოღებული, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ.

  • "მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ იყო"

შსს-ში ყველაფრის კეთების შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღებისას, მინისტრისგან სრული თავისუფლება მქონდა, ამიტომაც მოვასწარით ბევრი რამის გაკეთება. მთავრობის ადმინისტრაციიდან კი იმიტომ წამოვედი, წასვლა მინდოდა, დაველოდე პანდემიის პირველ, მეორე ტალღას, გადავაგორეთ არჩევნების პირველი და მეორე ტური, არ მინდოდა შუა გზაში მიმეტოვებინა საქმე, რადგან პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. მე იქ ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. იყო თემები რეფორმების მიმართულებით, რაც გაჩერდა, არ იყო ამის კეთების არც შესაძლებლობა, არც - ნება. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ გიორგი გახარიას პერიოდს. მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ იყო, 16 წელი ვიყავი საჯარო სამსახურში, წამოვედი და ჩემი პროფესიული - სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების მიმართულებით საექსპერტო საქმიანობა დავიწყე. ამას 6 თვე ვაკეთებდი და შემდეგ უკვე შევუერთდი იმ ადამიანის პარტიას, რომელთანაც დღემდე ღირებულებები მაერთიანებს. ასე მოვედი აქამდე.. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ამას დავამატე მნიშვნელოვანი წინადადება - ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, სადაც თავს ამოვწურავ და კეთების შესაძლებლობა აღარ მაქვს. ჯერჯერობით, კეთების შესაძლებლობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევაც მექნება. პარტიაში გვაქვს საინტერესო პლატფორმები და მე ვკურირებ მართლმსაჯულებას, დემოკრატიას, ეფექტიან საჯარო მმართველობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართალდამცავ, ანტიკორუფციულ მიმართულებას და სხვა.

  • "არ ვფიქრობ, რომ სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში"

დაოჯახებული არ ვარ, ჩემი სიყვარული არ დამთავრდა კეთილად. ამჟამად არ ვარ შეყვარებული. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემმა თანამდებობებმა შემიშალა ამაში ხელი. სამსახურისგან განსხვავებით, პირად ურთიერთობებში, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ძალიან გახსნილი და რბილი ვარ, სამსახურს გარეთ ვტოვებ. ზოგადად, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არ მიჭირს და არ ვარ ისეთი მკაცრი იმიჯით, როგორც სამსახურში. ალბათ ამ დაკავებულობამ მოიტანა, რომ ვერ მოვიცალე პირადი ცხოვრებისთვის. კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს უთავსებენ კარიერას და პირად ცხოვრებას. არ ვფიქრობ, რომ სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში, ნამდვილი სიყვარული ბევრჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს. კარგად და ტკბილად რომ მახსენდება, ალბათ ერთხელ იყო ასეთი გულისფანცქალი... ის ადამიანი უკვე დაოჯახებულია, ეს განვლილი პერიოდია.

  • "ადამიანი ჯანსაღად ამბიციური უნდა იყოს"

ვგიჟდები ველოსიპედზე და თავისუფალ დროს, დილაობით, მტკვრის სანაპიროზე და ლისის ტბაზე ვსეირნობ ხოლმე, ამ მხრივ ძალიან აქტიური ვარ. თინეიჯერობიდან მოყოლებული, თავისუფალ დროს მუსიკას, გართობას და მეგობრებს ვუთმობ.

არ დავმალავ, რომ ამბიციური ვარ... ადამიანი ჯანსაღად ამბიციური უნდა იყოს. ჩემი ამბიციები ყოველთვის ნაკლებად უკავშირდებოდა თანამდებობებს, ეს უფრო უკავშირდება კეთების სურვილს. კარგი რეფორმის გატარება თუ მინდა, არ არის აუცილებელი თანამდებობაზე ვიყო, ამას სხვა პოზიციიდან გავაკეთებ, არასდროს ვეპოტინები თანამდებობას. ვფიქრობ, ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი...

  • "ძალიან ხისტი და ემოციური ვარ"

მეგობრები ხშირად მეუბნებიან და მეც ვიტყვი, რომ უზომოდ ერთგული ვარ სამსახურის და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანების. ასევე, ძალიან პირდაპირი ვარ, რაც დადებით მხარედ მიმაჩნია. რასაც ვფიქრობ, რომ არასწორია, რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები. უარყოფით თვისებად ის მიმაჩნია, რომ ძალიან ხისტი და ემოციური ვარ, ეს ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ - ცუდი. ცოტა ნაკლებად ხისტი რომ ვიყო, ალბათ ბევრ რაღაცაში წამადგებოდა.

ჩემი გადმოსახედიდან, გიორგი გახარიამ ჩემში ყველაზე მეტად ალბათ პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და პირდაპირობა დააფასა. თვითონაც საკმაოდ პირდაპირია და ძალიან წყალობს განსხვავებულ აზრს, დისკუსიას და არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.

  • "ამ მხრივ ცუდი და ვარ"

კორონას ვერ გადავურჩით, გადავიტანეთ, მაგრამ მშობლები გადავარჩინეთ, მაქსიმალურად ვაკონტროლეთ ისინი. მთელი ოჯახი ავიცერით "სინოფარმით“. სამივე დამ დამოუკიდებლად მივაღწიეთ ყველაფერს. შუათანა და ეკონომისტი მყავს, "საქართველოს ბანკიდან" დაიწყო, ახლა ეროვნულ ბანკშია რიგით პოზიციაზე. ამ მხრივ ცუდი და ვარ იმიტომ, რომ არასოდეს ვიცი, კონკრეტულად რას აკეთებენ ჩემი დები. როდესაც დეკლარაციას ვავსებ, მუდმივად ვეკითხები, რა პოზიციაზე არიან. მეორე და გაეროში მუშაობს ადამიანის უფლებების მიმართულებით, ისიც იურისტია, თუმცა საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია. ბრიტანეთში სწავლობდა, არასამთავრობო სექტორიდან დაიწყო, საერთაშორისო ორგანიზაციაში გადავიდა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. პროფესიით ერთნი ვართ, მაგრამ რატომღაც, მას არასდროს ხიბლავდა საჯარო სამსახური.

ნათია დებთან ერთად

ვერ წარმოვიდგენდი, პოლიტიკაში რომ მოვიდოდი, დაგეგმილი არ მქონია. რისი გაკეთებაც მინდოდა და ბოლომდე ვერ მივიყვანე, ალბათ ეს იყო ძირითადი მოტივატორი . ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ სიმართლე ილაპარაკო, რაც არ მოგწონდა, ღიად თქვა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო. არ დაგიმალავთ, გიორგი გახარიას ფაქტორი იყო წამყვანი მოტივაცია იმიტომ, რომ მჯერა ამ ადამიანის და იმის, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

  • "წარმატების ფორმულა"

მე ყოველთვის უფრო მშრომელი ვიყავი, ვიდრე - ნიჭიერი, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდი გაუჩერებლად. დიდი შრომა და გამართლება, სწორი მომენტების სწორად გამოყენება, ანუ შესაძლებლობების სწორად დანახვაა მთავარი. როცა გეძლევა შესაძლებლობა, მათ კარი არ უნდა დაუხურო. როგორც კი ამას სწორად დაინახავ და გამოიყენებ, იქ მოდის წარმატებაც. ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო.