ავტორი:

"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე

"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ყვითელ სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით დამშვნებული გოგონას ფოტოები გამოჩნდა. ეს 32 წლის მეგი თედეევია, რომელიც უმძიმეს დაავადებას წელიწადზე მეტია დიდი პოზიტივით და სიცოცხლის სიყვარულით ებრძვის. მეგიმ ერთი წლის განმავლობაში ყოველი ქიმიოთერაპია საზეიმო მოვლენად აქცია, ეს მისი "ბოლო ზარია"- ანუ ქიმიოთერაპიის ბოლო დღე.​ თავის ისტორიასა და გამოცდილებას მეგი AMBEBI.GE-ს უზაირებს:

- ჩემი ისტორია შარშან 8 ივნისს დაიწყო. მკერდზე, მარცხენა მხარეს სიმაგრე ვიგრძენი, ვთქვი, ცუდი არაფერი იქნება - მეთქი, თუმცა მაინც წავედი ექიმთან, თან მარტო. იმ დღესვე გავიგე დიაგნოზი - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა... ცუდზე ფიქრით ისე ამერია გონება, რომ ვეღარ ვაზროვნებდი, ისეთი უსუსურობის განცდა მქონდა დავბლოკე კიდეც ეგ თემა... მარტო რომ ვიყავი, უთქმელობამაც გამაგიჟა და დავურეკე მეგობრებს, რომლებიც იმ წამსვე მოვიდნენ კლინიკაში. ვდარდობდი როგორ მეთქვა შინ, რა რეაქცია ექნებოდა დედას, შვილებს... ეს იყო საშინელება… მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ალბათ ყველას წამით მაინც დაგვიშვია, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნას და გავხდეთ ავად, თუმცა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი ადამიანი, რომელსაც თავი აბსოლუტურად ჯანმრთელი მეგონა და დამისვეს დიაგნოზი, ყველაფერი შეიცვალა, მთელი სამყარო, თითქოს რაღაც აფეთქდა, უფსკრული გაჩნდა, იმხელა ცვლილება მოხდა ჩემს შინაგან სამყაროში, მას შემდეგ შემეცვალა დამოკიდებულებები, შემეცვალაა შეგრძნებები, აღქმები, სხვანაირად ვუყურებ, ვგრძნობ, ვირგებ და ვიღებ ყველაფერს.

დიაგნოზის გაგების პირველ წუთებში ძალიან შემეშინდა, წამში იმდენი ცუდი რამ გავიფიქრე, მეგონა, ეს დასასრული იყო. გამიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება და დრო დამჭირდა, რომ მემოქმედა. 8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი, ცხრაში კი ჩემი უმცროსი შვილის, მაქსიმეს დაბადების დღე იყო. შინ რომ მივედი, ვთქვი: ტორტიც გვექნება, დაბადების დღეც, მაგრამ მე შინ ასეთი დიაგნოზით დავბრუნდი-მეთქი. დედისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა.

ბედნიერი ადამიანი ვარ. დედა ძალიან მამხნევებდა, ერთი წამით არ უჩვენებია, რომ ეშინოდა, პირიქით, დღემდე საიმედოდ მიდგას გვერდით, ძალიან ყოჩაღია და ჩემთვის ნამდვილი გმირია. იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, დედისთვის შვილის ავადმყოფობის დიაგნოზი რამდენად რთული მისაღები იქნება.

შვილებზე უფრო პოზიტიური გულშემატკივარი ვინ უნდა მყავდეს, ისე დამეხმარნენ თავიანთი განწყობით... სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მაგარი გუნდი ვართ. მჭირდებოდა ცნობიერების ამაღლება და დაავადებაზე რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაციის მიღება. მივმართე ორგანიზაციის "ევროპა დონა ჯორჯია" პრეზიდენტ ანა მაზანიშვილს. ეს არის ონკოპაციენტების ფსიქო-სოციალური დახმარებისთვის შექმნილი ორგანიზაცია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, რადგან სწორედ აქედან დავიწყე ასე შემართებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაზე სანდო ექიმებს ვანდე თავი. დეკემბერში გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ დავიწყე ქიმიოთერაპია, რისიც დიაგნოზზე მეტად ამის მეშინოდა და ამ პროცესებში ჩართულმა, საკუთარ თავში უფრო მეტი ძალა აღმოვაჩინე, ვიდრე წარმომედგინა. არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვარ, პირიქით, მეტად აქტიური გავხდი და არც არის გასაკვირი, როცა სამიზნე არის - სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

- ყველაზე მეტად რამ გაგაძლიერა?

- კიბოს ცუდი არაფერი მოუტანია ჩემთვის, თუმცა ამ ბრძოლაში უპირატესობა ჩემია, მე უნდა მოვიგო. ეს დაავადება საჩემოდ გამოვიყენე, რადგან მხოლოდ ის რაღაცები დავიტოვე, რამაც გამიმრავალფეროვნა ცხოვრება, მეტ რამეზე დამაფიქრა და ჩემს შინაგან სამყაროში სერიოზული გადაფასებების პროცესი დაიწყო. რომ ვფიქრობ, რა მაძლიერებდა პირველივე წამიდან აქამდე, პასუხი ცხადია - სიცოცხლის სიყვარული. წინ კიდევ ბევრი ეტაპია, თუმცა არ მეშინია და მით უმეტეს არ ვნერვიულობ, რადგან მჯერა, რომ სწორი მკურნალობით და განწყობით მე გავიმარჯვებ.

ორი შვილის დედა ვარ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში. ოჯახური მდგომარეობა რთული მაქვს, იმიტომ რომ ექვსი წლის წინ, 26 წლის ასაკში დავქვრივდი. სამწუხაროდ, მე არ ვარ პირველი ადამიანი ჩვენს ოჯახში, ვინც რთულ დიაგნოზს ებრძვის. ჰიდროცეფალიის დიაგნოზით გარდამეცვალა მეუღლე. ამიტომ კიდევ უფრო მეტი შემართებით, საკუთარ თავში ის ძალები აღმოვაჩინე, რამაც სიცოცხლის სურვილი გამიმძაფრა. როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, უმცროსი შვილი - მაქსიმე სამი თვისაც კი არ იყო და ორ ბავშვთან ერთად, სამი თვის განმავლობაში ყოველდღე საავადმყოფოს კართან ვიდექი... რთული იყო... მისი ავადმყოფობა, სამწუხაროდ, ვერ დავამარცხეთ... ამ დარდთან და ტკივილთან ერთად, მას მერე ყოველი დღე მეტი პასუხისმგებლობა, საფიქრალი, საზრუნავი და მოვალეობები დამეკისრა, 5 წლის შემდეგ მეც აღმოვჩნდი სიცოცხლისთვის ბრძოლის ველზე.

- ბოლო ქიმიოთერაპია, ისე აღნიშნე, როგორც დღესასწაული...

- ქიმიის ოთახში პირველად რომ შევედი, ძილი მომერია და თვალს არ ვხუჭავდი, რომ არცერთი შეგრძნება არ გამომრჩენოდა, მას მერე დავიწყე უშუალოდ გადასხმის დროს ვიდეოების ჩაწერა და ჩემი გულშემატკივრებისთვის ამის გაზიარება, თუმცა აღმოჩნდა რომ უცნობი ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო გახდა ეს პროცესი, ისეთ მხარდაჭერას და სიყვარულს ვიღებდი, რომ თითოეული ადამიანიც დამსახურებაა ჩემი ქიმიოთერაპია ასეთ მრავალფეროვან და პოზიტიურ პროცესად იქცა. ქიმიოთერაპიის კურსი ნახევარი წელი გაგრძელდა. დავიწყეთ 21 -დღიანი შუალედით და შემდეგ გადავედით ყოველკვირეულ გადასხმაზე. ამ ნახევარი წლის განმავლობაში კალენდარში თუკი რამეს ვინიშნავდი, ეს იყო ანალიზის, კვლევის და გადასხმის თარიღები, ვერ ვიტყვი, რომ არ იყო დამღლელი, მაგრამ საკურნებლად ვჯდებოდი ყოველ ჯერზე გადასხმაზე და მინდოდა, რომ ყველა სხვა ქიმიისგან განსხვავებით, ბოლო მეტად გამორჩეული ყოფილიყო. გამიჩნდა იდეა, რომ ეს იქნებოდა "ბოლო ზარი" თეთრი პერანგით და მასზე დაწერილი ფერადი სურვილებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს, რადგან ამის საშუალება მომეცა და მეტიც, ყველამ მიიღო მონაწილეობა, რომ ეს დღე ჩემთვის ნამდვილ დღესასწაულად ექციათ.

მოდიოდნენ ყვავილებით, ბუშტებით, მილოცავდნენ ამ ეტაპის დასრულებას. ყვითელმა კაბამ, რომელიც გადასხმის მერე ჩავიცვი, ძალიან გამაბედნიერა და დღესასწაულის განწყობა შემიქმნა. ეს კაბა ნუცა ბუზალაძის კლიპისთვის შექმნა ჩემმა მეგობარმა ლაშა ჯოხაძემ და ორივეს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთვის საზეიმო დღე ამ კაბით ვიდღესასწაულე.

- ქიმიოთერაპიის შემდეგ დაწყებულ თმის ცვენას ძალიან მტკივნეულად იღებენ, შენ თითქოს მოირგე ეს სტილი...

- ბევრი პაციენტის ტკივილია ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის ცვენა. ეს იწყება პირველი გადასხმიდან ორ კვირაში და მახსოვს, როგორ ვუფრთხილდებოდი ყოველ ღერს. თუმცა, სიცოცხლისთვის მსხვერპლად თმის გაღებას განწყობას ვერ გავაფუჭებინებდი და ამიტომ ბევრი არ მინერვიულა. პირიქით, ასე უფრო მივიღე და მომეწონა საკუთარი თავი. ის გოგო სარკეში რომ ვუყურებდი თავის გადაპარსვის დროს, მტირალა არ უნდა ყოფილიყო, მებრძოლი, ყოჩაღი გოგო უნდა დამენახა და ზუსტად ასე იყო.

დავღლილვარ, მიტირია, მინერვიულია, მაგრამ სასოწარკვეთას როგორ მივეცემოდი, როცა მჯერა, რომ კიბო განაჩენი არ არის! მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს რწმენა ძალიან მაძლიერებს. როცა მაქსიმემ უთმოდ მნახა, მოისურვა, თანადგომა გამოეხატა და თავი გადაეპარსა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი, გადამერწმუნებინა, რადგან მისი ოქროსფერი თმა ძალიან მენანებოდა, მაგრამ ვერ ვაჯობე და წავიყვანე სალონში. თმა რომ გადაპარსეს, მერე წარბების გაპარსვაც მოინდომა და ამაზე უკვე ძალიან შევშფოთდი და ვერ დამიყოლია.

- ახლა რა ეტაპზე ხარ?

- ახლა "შვებულება" მაქვს. ვისვენებ, ვიდრე სხივურ თერაპიას დავიწყებ, პარალელურად ვაგრძელებ ჰორმონოთერაპიას და მოკლედ, წინ კიდევ მაქვს ბრძოლები გადასატანი, თუმცა საბოლოო ჯამში აუცილებლად მოვიგებ ამ ომს. შესაბამისად, ისევ მთლიანად ჯანმრთელობაზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ამ დაავადებამ ბევრი რამის გადაფასებასთან ერთად, პრიორიტეტებიც შეცვალა, სურვილებიც, საკუთარი თავი და შესაძლებლობებიც მეტად სწორად დავინახე და ბევრი ახალი და განსახორციელებელი გეგმა მაქვს.

- რას ეტყოდი მათ, ვინც იგივე გზას გადის, რაც შენ გაიარე?

- ჩვენ, ონკოპაციენტებმა ვიცით, რამხელა რესურსს მოითხოვს ჩვენგან ეს დაავადება. ამიტომ სწორად ხარჯეთ ჯანიც და ემოციებიც, გაეცით და მიიღეთ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგეტიკა, სიყვარული, პოზიტივი და დატკბით ცხოვრების ყოველი დღით. მთავარია განწყობა, ჩემს შემთხვევაში დანარჩენზე საიმედო ექიმები ზრუნავენ. რაც შეეხება გარშემომყოფებს - გახსოვდეთ, თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

კორონავირუსით დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა