ავტორი:

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული

ჩემ წარსულს თუ გადახედავთ, მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი. ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა არ განმიხორციელებია, - ამის შესახებ "პირველი არხის“ ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა გიორგი მაღრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ არ უძალადია.

"არ ვეთანხმები პროკურორს. მან საერთოდ არ იცის ჩემი ცხოვრება, მე რა ადამიანი ვარ და როგორ მიცხოვრია. იქ მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა. მე შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი. მე ჟურნალისტების მიმართ მსგავსი რაღაც არ გამიკეთებია. ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში. მომიკვდა ბებია, დავტოვე საავადმყოფოში. დედაჩემს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რომელიც ჩემზე არის დამოკიდებული. ჩემ წარსულს თუ გადახედავთ, მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი. ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა არ განმიხორციელებია" , - განაცხადა ბრალდებულმა.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს. კერძოდ, ბრალდებულები ოპერატორს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

გიორგი მაღრაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ტვ "პირველის“ ოპერატორის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი