ავტორი:

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან

"შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანხმდებიან, რომ მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების დაშინების მიზნით გამოიყენოს", - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”ჩვენ ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ ერთად დგომას, რომ დავიცვათ ნატოში ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეები რუსეთის აგრესიისგან ”, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, გერმანიის ლიდერთან შეხვედრაზე "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხზეც ისაუბრეს.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვი შეშფოთება "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, თუმცა კანცლერი მერკელი და მე აბსოლუტურად ერთიანი ვართ იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების წინააღმდეგ იძულების, ან მუქარის იარაღად გამოიყენოს,“- განაცხადა ბაიდენმა.

  • მერკელის განცხადება

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მილსადენი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინული მილსადენები ჩაანაცვლოს.

"ჩვენი იდეა არის და დარჩება ის, რომ უკრაინა ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად რჩება და უკრაინას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლება აქვს,“- აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, გერმანია მზად არის რეაგირება მოახდინოს მოსკოვზე "თუ რუსეთი პატივს არ სცემს უკრაინის ამ უფლებას, რომელიც მას, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აქვს".

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებების საკითხები იყო Nord Stream 2-ი, კლიმატის ცვლილებები, Covid-19-ის ვაქცინები, რუსული კიბერშეტევები, უკრაინა.

შეხვედრამდე ბაიდენმა მერკელს "პირადი მეგობარი და შეერთებული შტატების მეგობარი" უწოდა.