ავტორი:

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

7 წლის ნიკოლოზ დიდებაშვილი, დაბადების პირველივე თვიდან დღემდე, კომაშია. ამ ხნის განმავლობაში ის გონს არ მოსულა. წლების მატებასთან ერთად, მოიმატა მისი დაავადებების რიცხვმაც. ახლა ბავშვს თავის ტვინის ატროფია, ჰიდროცეფალია, რაქიტი, სახსრების ჩახორცება და სხვა უამრავი პრობლემა აქვს. ექიმები ამბობენ, რომ მისი გონზე მოსვლის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. მშობლები, იაშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად, ნიკოლოზს წლებია პალიატიურ მზრუნველობას უწევენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნიკოლოზ დიდებაშვილი 2015 წლის 5 იანვარს, ახალ სამშობიარო ცენტრში დაიბადა. სამშობიაროდან გაწერის დროს ბავშვს ანალიზებით ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჰქონდა. ერთადერთი დარღვევა, რაც დოკუმენტებში ჩაიწერა, მორფო ფუნქციური უმწიფრობის დიაგნოზი იყო, თუმცა ექიმების თქმით, ეს მდგომარეობა საგანგაშოდ არ ითვლებოდა. ახალშობილი კლინიკიდან ერთადერთი რეკომენდაციით გაწერეს - პერიოდულად ყოფილიყო პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.

დედამ პირველივე დღეებში შენიშნა, რომ ჩვილი ჭამის დროს იღლებოდა, სუნთქვა უჭირდა და საკვების გადაყლაპვას ვერ ახერხებდა. მშობლებმა ნიკოლოზი უბნის პედიატრთან მიიყვანეს. ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ ბავშვს არანაირი სერიოზული პრობლემა არ გააჩნდა.

"გვითხრა, - ტყუილად ნუ ტეხთ განგაშს, წაიყვანეთ შინ, მოძლიერდება და უპრობლემოდ დაიწყებს ჭამასო. დავუჯერეთ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბავშვი სულ უფრო უარესად ხდებოდა. ლურჯდებოდა და სუნთქვა უჭირდა. რამდენჯერმე გულიც შეუწუხდა. სასწრაფომ ციციშვილის კლინიკაში გადაგვიყვანა. მაშინ ჩვენი შვილი 24 დღის იყო. იქ ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იყო საჭირო. დასვეს დიაგნოზი: ახალშობილთა კვების დარღვევა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაუზუსტებელი დაზიანება. ამასობაში ნიკოლოზმა კვება საერთოდ შეწყვიტა და ზონდით კვებაზე გადაიყვანეს. ერთ დღესაც კლინიკაში გვითხრეს, რომ დაფინანსება არ გვყოფნიდა, ჩვენი ლიმიტი ამოწურული იყო და სახლში უნდა წავსულიყავით. რას გავხდებოდით, ზონდიანი ბავშვი სახლში წამოვიყვანეთ", - იხსენებს ბავშვის მამა გელა დიდებაშვილი.

გაწერიდან ერთ კვირაში, ნიკოლოზი ისევ დამძიმდა, სასწრაფომ პაციენტი ისევ ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ისევ ჩაუტარეს ხელახალი გამოკვლევები და პაციენტი ისევ იმავე დიაგნოზით გაუშვეს სახლში. ჩვილის მდგომარეობა ყოველი გაწერისას სულ უფრო მძიმდებოდა. ბავშვი ხშირად კარგავდა გონებას და ყოველ ჯერზე სასწრაფოს გამოძახება ხდებოდა საჭირო. მესამედ ნიკოლოზი სასწრაფომ თემქაზე მდებარე პრივატკლინიკაში გადაიყვანა. მაშინ ის 2 თვენახევრის იყო.

"იქ უკიდურესად დამძიმდა მდგომარეობა და იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გაგვიშვეს. მიყვანიდან მალევე, ბავშვს გული გაუჩერდა. აუცილებელი გახდა სასწრაფო მანიპულაციის ჩატარება. ინტუბირება მოხდა არა საოპერაციოში, არამედ ჩვეულებრივ პალატაში. მანიპულაციისას სასუნთქი გზები, ტრაქეა და საყლაპავი მილი დაზიანდა. ამის შემდეგ ნიკოლოზი ისევ მოვიდა გონზე, თუმცა აპარატზე შეერთება გახდა საჭირო, გარკვეული პერიოდის შემდეგ საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა და 24 საათის განმავლობაში აპარატი გამოურთო. ამის შემდეგ ნიკოლოზი კომაში ჩავარდა და დღემდე ასეა", - ყვება გელა დიდებაშვილი.

  • ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

2016 წელს ნიკოლოზ დიდებაშვილის ოჯახმა საჩივრით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. უწყებამ საქმეში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რის საფუძველზეც პროფესიულმა საბჭომ 5 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ზოგიერთ მათგანს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ზოგიერთს კი რამდენიმე თვით შეუჩერდა საექიმო საქმიანობის ლიცენზია.

ამავე წელს ოჯახმა საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა პროკურატურასაც. უწყებამ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის ბიუროს დაავალა. წლებია, არცერთ უწყებას აქვს პასუხი იმ შეკითხვებზე, რაც ნიკოლოზ დიდებაშვილის საქმეში მის უფლებადამცველებს უჩნდებათ.

"არცერთი უწყება არ არის ეფექტური, რომ მოხდეს სათანადო რეაგირება და ბოლომდე მიჰყვნენ საქმეს. ძირითადად მაშინ მიმართავენ გარკვეულ ძალისხმევას, როდესაც საქმე გარდაცვალების ფაქტს შეეხება. თუმცა ეს შემთხვევა დიდად არ განსხვავდება ფატალური შედეგისგან, ბავშვი 7 წელია კომაშია და პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, რომ ის ოდესმე მოვა გონს. ამ ყველაფრის უკან, ფაქტია, ექიმების დაუდევრობა და არაკვალიფიციური მიდგომა დგას. თავიდანვე რომ სათანადოდ შეეფასებინათ პაციენტის მდგომარეობა, გარწმუნებთ, ეს შედეგი არ დადგებოდა.

ინტუბაციის დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვს შევიწროებული ჰქონდა საყლაპავი მილი, რის გამოც ვერ ახერხებდა საკვების გადაყლაპვას. როდესაც პრობლემები დაიწყო, ერთი ჩვეულებრივი კვლევა, ბრონქოსკოპია რომ ჩაეტარებინათ, ექიმები მიხვდებოდნენ რეალურ მიზეზს, ბავშვს საშუალო სიმძიმის ოპერაცია ჩაუტარდებოდა და ახლა, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებდა. მედიკოსებმა დააშავეს, ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ გვაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ სახეზეა დანაშაული, პროკურატურას რატომღაც უჭირს საქმის დროული გამოძიება. ვფიქრობთ, რომ უწყებაში უნდა იყოს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ასეთი ტიპის საქმეებზე იმუშავებს, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს რეაგირება. ამასთანავე, საჭიროა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაკომპლექტება კვალიფიციური ექსპერტებით, რათა დასკვნები დროში არ ჭიანურდებოდეს, როგორც ახლა ხდება. თითქმის 2 წელია, რაც დანიშნულია ექსპერტიზა, რომელსაც შეუძლია ყველა კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ დასკვნა დღემდე არ არსებობს. საერთო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში, სამედიცინო სფეროში, არსებობს დაუსჯელობის განცდა. ექიმებმა იციან, რომ ისინი მაინც არ აგებენ პასუხს დაშვებული შეცდომების გამო. და თუ მაინც და მაინც რამე სანქციას შეუფარდებენ, ეს იმდენად ფორმალური ხასიათისაა, რომ, ფაქტობრივად, მათ არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ. ეს მოცემულობა კი, სამომავლოდ ასეთი შემთხვევების მატების რისკს აჩენს“ - ეუბნება ambebi.ge - ს "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ეკა ქობესაშვილი.

  • რას ამბობენ ნიკოლოზის მკურნალი ექიმები

საკითხზე პოზიციების სრულყოფილი წარმოდგენისთვის, ვეცადეთ, დავკავშირებოდით იაშვილის კლინიკის მთავარ ექიმს, ივანე ჩხაიძეს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ნიკოლოზის მკურნალობაში. ის მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა:

"კომენტარი უკვე გაკეთებულია. კომენტარია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა“.

ჩვენ ასევე კითხვებით მივმართეთ საქმის გამომძიებელს კობა გაბოძეს. საუბარი არც მან ისურვა.

  • რას ამბობს ექსპერტიზა

დავუკავშირდით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც, რომელსაც ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მომზადებულიყო დასკვნა. უწყებაში გვითხრეს, რომ მოსაძიებელი იყო იმ სფეროს ექსპერტი, რომელიც მათ არ ჰყავთ. ბიუროს ცნობით, ექსპერტის მოძებნა და ბიუროში მიყვანა პროკურატურას ევალებოდა, თუმცა "პროკურატურის მხრიდან არ მოხდა სპეციალისტების წარმოდგენა, შესაბამისად, 2020 წლის 13 დეკემბერს ექსპერტიზა დამნიშნავთან დაბრუნდა შეუსრულებლად.“ (ამონარიდი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილიდან)

შვიდი წელია, გელა დიდებაშვილი და მისი მეუღლე, იაშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად, პალიატიურ მზრუნველობას უწევენ 7 წლის ნიკოლოზს. ექიმების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უიმედოა. მშობლები კი ფიქრობენ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი არსებობს და იარსებებს მანამ, ვიდრე ნიკოლოზს გული უცემს, ვიდრე ის ცოცხალია.

წვიმა, ელჭექი, ქარი - სინოპტიკოსები 21 ივლისის საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე

"სერიოზულ ტალღაში შევდივართ... თუ ასე გაგრძელდა, საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევალთ" - ამირან გამყრელიძე