რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ, - ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს სხდომაზე მიმართა.
მისი თქმით, ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებენ, რაც ავტოკრატიული რეჟიმების გარდა არსად არ ხდება.
„ბატონო კახა, თქვენ დილიდან გირეკავენ ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი გირეკავთ და თქვენ არ იღებთ ტელეფონს. მათ შორის უმრავლესობის წევრები ემალებიან ჟურნალისტებს. ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში. ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ.
რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ ამ შენობაში არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები. არ აქვს უფლება, შემოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაკარგა კოლეგა, ვისაც მოუკლეს კოლეგა, რატომ აკეთებთ ამას. არც წინა სხდომაზე არ შემოუშვით ჟურნალისტები. მიეცით ჟურნალისტებს პირობა, რომ ყველას შემოუშვებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეპუტატის კითხვაზე კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა ჟურნალისტზე, ვისზეც მოთხოვნა შემოვიდა, საშვი დაშვებულია, ხოლო სტუმრებზე საშვის დაშვება არ იქნება.
“კომუნიკაცია პარლამენტის მხრიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან, იყო ყველა მედიასაშუალებასთან. მათ მიეცათ საშუალება, რომ წარმოედგინათ სია ვისზე სურდათ საშვის დაშვება. ეს არის ფაქტი და ვერ გაექცევით, ნებისმიერი ჟურნალისტი თუ ჯგუფის წევრი, ვისზეც მოვიდა მოთხოვნა ყველაზეა საშვი დაშვებული. საშვის დაშვება არ იქნება სტუმრებზე რომ არ განმეორდეს იგივე, რაც თქვენ მათ შორის, დეპუტატები შეეცადეთ 12 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, რომ სხდომა ჩაშლილიყო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.