ავტორი:

შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ

შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა“.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლები აეროპორტში გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. მათი მოთხოვნაა, დაისაჯონ ჟურნალისტებზე, მოძალადე პირები და ასევე, ორგანიზატორები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათი მთავარი სათქმელი ყველასთან მივიდეს, მათ შორის დიპლომატებთან.

"ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის. ეს აქციები მიზნად ისახავს, რომ ევროპას და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არავის არ დავუთმობთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.