ავტორი:

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას.

„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ საქართველოში გმასპინძლობთ შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

დღეს აქ უამრავი მეგობარი შემოგვიერთდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას და მისი მნიშვნელობის შეფასებას საქართველოსა და რეგიონისთვის.

მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტურად გავიკვლიეთ გზას საერთო გლობალურ გამოწვევებში. ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვამყოფოთ.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ პანდემიის გარდა სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული - ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი. შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში.

„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს.

საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება.

გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კავშირების დამყარება ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

„ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს