კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოდის, ყველამ ვიცით, ვინ არის კანდიდატი, მაგრამ მაინც “სავარაუდოდ” საუბარი გვიწევს. ასეთი რაღაცები სოლიდურ პოლიტიკოსს ისეთი, როგორიც კახა კალაძეა, არ უხდება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ, სწორედ კახა კალაძის კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" კამპანია, რომელმაც მერობის კანდიდატის სილუეტიანი პოსტერი შესთავაზა გუშინ საზოგადოებას, ღიმილის მომგვრელია.
„მათი კამპანია ცოტა ღიმილის მომგვრელია. აი, კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოსდის, ყველამ ვიცით, ვინ არის კანდიდატი, მაგრამ მაინც გვიწევს საუბარი, „სავარაუდოდ“ ვინ იქნება. ყველამ ვიცით, კახა კალაძეა და მაინც ინტრიგას ქმნიან. ასეთი რაღაცები სოლიდურ პოლიტიკოსს ისეთი, როგორიც კახა კალაძეა, არ უხდება.
რაც შეეხება კალაძის ფიგურას, ის ერთადერთი სერიოზული კანდიდატია. პოლიტიკური კაპიტალი აქვს, შექმნა საკუთარი სახე საქართველოში, თბილისში და მისი შანსები საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ ავიღოთ, ამას პლუს რაღაცაა კახა კალაძე, თუმცა მაღალი ალბათობით, ჩვენ მეორე ტური გვექნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შუას გაკრეფა არ მოხდა. ორპოლუსიანობაში კალაძის შანსები უფრო მაღალია. გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მაინც „ნაციონალურ მოძრაობად“ აღიქმება. რაც არ უნდა უნდოდეს მთვარეს დედამიწის ორბიტიდან შორს წავიდეს, ვერ მიდის... ასე არიან ეს პარტიებიც“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის შეფასებით, კალაძე „ქართულ ოცნებაში“ დარჩენით გალიაშია მოქცეული და მანევრის საშუალება არ აქვს.
„კალაძეს პოლიტიკაში დარჩენა თუ უნდოდა, მას გახარიასთან ტანდემი უნდა გაეკეთებინა და ბიძინასთვისაც კი ხელშეუხებელი გახდებოდა. ამ ორ ადამიანს „ქართული ოცნების“ მთელი ელექტორატი მისცემდა ხმას. როგორც ჩანს, კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს. ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივ არჩევნებს, მისივე აზრით, ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ფაქტორი გიორგი გახარია იქნება.
„გახარიას ფაქტორი ადგილობრივ და რიგგარეშე არჩევნებზე მთავარი ფაქტორია. თვითონ გახარიამ, რა თქმა უნდა, კენჭი არ უნდა იყაროს. თბილისის მერობა ახლა მისთვის დაკნინებაა. მის გარეშეც მეორე ტური მაინც იქნება. სტერილური ორპოლუსიანობა ახლა არ გამოვა, მაგრამ თუ გახარია შემოდის თამაშში, ამ შემთხვევაში გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტური ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ხუხაშვილი ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის შექმნისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და იდეის ავტორები გააკრიტიკა იმ პოზიციის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიციურ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების პოსტები არ უნდა ეკავოთ. რაც შეეხება „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე საუბარი შეიძლება იყოს, ხუხაშვილი აღნიშნულს იმ დათვის ტყავის გაყოფად აფასებს, რომელსაც ვერ მოკლავენ.
„იყოფენ დათვის ტყავს, რომელსაც თეორიულადაც ვერ მოკლავენ. ეს კომიკურად გამოიყურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოლოგის რეჟიმში ელაპარაკებიან. არავინაა ამ ქვეყანაში ისეთი მიამიტი, რომ სტრიქონებს შორის კითხვა არ იცოდნენ. რანაირად უნდა „გეძმაკაცოს“ კაცი, თუ საჯაროდ მის დისკრედიტაციას ეწევი?“, - განაცხადა ხუხაშვილმა.