ავტორი:

"ცრემლებს ვერ ვიკავებდი... როგორ შეუნახავს მედალიონი, როგორ სდომებია შინ დაბრუნება" - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი სია ქერჩიდან

"ცრემლებს ვერ ვიკავებდი... როგორ შეუნახავს მედალიონი, როგორ სდომებია შინ დაბრუნება" - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი სია ქერჩიდან

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გამოქვეყნებას. ახლახან ქერჩის საძიებო კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი დაგვიკავშირდა, რომელმაც იმ ადამიანების გვარ-სახელები მოგვაწოდა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ.

"რამდენიმე დღის წინ, ქერჩში გათხრების დროს აღმოვაჩინე მედალიონი, რომლის შესახებ მონაცემები ქერჩის კომისიის ხელმძღვანელმა, ნატალია ძიუბამ მომაწოდა... ამდენი ხანია ჩართული ვარ ამ საქმეში და ასეთი რამ ძალიან იშვიათია - ცრემლებს ვერ ვიკავებდი... როგორ სკრუპულოზულად, ყურადღებით შეუნახავს მედალიონი. როგორ გულით სდომებია შინ დაბრუნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლობლები გამოუჩნდებიან და მის ნეშტს სამშობლოში დააბრუნებენ...

"მისი მონაცემები ასეთია - ივანე პორფირეს ძე ბერიძე, დაბადებული 1914 წელს, საქართველოს სსრ, ჩოხატაურის რაიონის სოფელი იანეული. სახლის მისამართი; თბილისი, დასავლეთის ქუჩა, #13, მეუღლე ქეთო ბერიძე (კვიცარიძე). გაიწვიეს ლენინის რაიონიდან. დასაფლავებულია, ქერჩში, ყირიმის საზღვართან. მისი ვინაობის იდენტიფიცირება მოხდა მედალიონის მიხედვით. მისი ნეშტის გადასვენება შესაძლებელია, რაც ასევე ძალიან იშვიათია" - ამბობს სუსანა კირაკოზიანი.

ის ასევე იმყოფება ნოვოროსიისკში, სადაც აღმოაჩინა იმ ქართველების გვარ-სახელები, რომელთა შესახებაც ოჯახებსა და ახლობლებს აქამდე ერთი ინფორმაცია ჰქონდათ - "დაკარგულია უგზო-უკვლოდ!"

არადა, ზოგი მათგანი, თუ საიდუმლო არქივებს ან ტყვეთა ბანაკებში დახურულ ინფორმაციებს არ ჩავთვლით, რუსეთის ან სხვა პოსტსაბჭოთა ქალაქების საერთო სასაფლაოებზე იყო დაკრძალული, ზედ წარწერით. თუმცა, ოჯახებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"უამრავი ქართველის გვარ-სახელს გადავაწყდი დაფებზე და ამოვიწერე. ვიცი, რომ ისინი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან" - ამბობს ქერჩის კომისიის წევრი ჩვენთან საუბარში.

მკითხველს ვთავაზობთ მათ გვარ-სახელებს და აქვე აღვნიშნავთ, რომ მათი ნეშტის გადასვენება შეუძლებელია, რადგან საერთო საფლავი ჰქონდათ.

მიხეილ ივანეს ძე ჩეხნოშვილი (ან ჭეხნოშვილი), დაბადებული 1913 წელს, ხოდისტოვკის ჩიხში, #10. პროფესიით მძღოლი. შემდეგი მისამართი, 21 ბაქოელი კომისრის ქუჩა, მეუღლე - გენია ავაკუმის ასული. დაიღუპა ომში.

თეოდორე პარმენის ძე მამფორია, დაბადებული 1893 წელს, წულუკიძის (ხონი) რაიონში, ენგელსის ქუჩა #5, დაიღუპა 1943 წლის 18 ივლისს ნოვორისიისკში. მეუღლე - სოფია გიორგის ასული.

ევგენის პავლეს ძე ყელაშვილი (ან ხელაშვილი), დაბადებული 1911 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში. გვარდიის სერჟანტი. მსახურობდა 55 შტაბში.

სტეფანე ვახტანგის ძე ჯავახიშვილი, დაბადებული 1909 წელს წელს, ხაშურში, ბერიას ქუჩის #9-ში, მეუღლე - ნინა ვლადიმირის ძე ბუხნიკაშვილი, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანიდან.

კონსტატინე ეგნატეს ძე ბაკურაძე, დაბადებული 1898 წელს, სოხუმში. ბატარეის დასახლება, # 198. მეუღლე - იულია სემიონოვა.

იაშა ანტონის ძე აბულაძე, დაბადებული 1918 წელს, ქუთაისში, სოფელ კუახრიში. 1938 წლიდან იყო, უმცროსი სერჟანტი, ნაწილის მეთაური. დაიღუპა 1943 წლის 17 სექტემბერს.

რაშიდ ვახრიმანის ძე პეტრაძე, დაბადებული 1912 წელს, ბათუმში, ხულოს ქუჩა # 7. მეუღლე ბაბილიკა ივანეს ასული. დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს.

სემიონ სპირიდონის ძე ტურძელაძე, დაბადებული 1893 წელს. ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში. მეუღლე ვალენტინა ლუკას ასული. დაიღუპა 1943 წლის 19 ივლისს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა - განახლებული მონაცემები

"ბადე ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“ - რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება: საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი