20 ივლისი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, რადგან პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.
5 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მმართველ პარტიას ბედნიერი დღეები არ უდგას და ამიტომ მთაწმინდაზე გამართულ მერის წარდგენის ცერემონიაზე მისულ ცნობილ სახეებს ჟურნალისტების არმია დახვდათ.
გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას მომხდარის გამო? - 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე კითხვებს ჟურნალისტები ცნობილ სახეებს უსვამდნენ. ღონისძიებაზე მისულმა ზალიკო ბერგერმა თავისი უცნაური პასუხებით კახა კალაძეს ლამის საღამო "მოპარა".
როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ტელევიზორი არ აქვს და ადგილზე გაიგო, რომ იმ დღეს აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს.
მოგვიანებით, ინსტაგრამზე ზალიკო ბერგერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ნინა წკრიალაშვილი, რომლის კომენტარმა - "კაი ხალხი", პროდიუსერი დათო იმედაშვილი გააღიზიანა.
"ეს კომენტარი ჩაგიდეს?" - ჰკითხა მომღერალს.
გარდა ბერგერისა, კახა კალაძეს გზა დაულოცეს სალომე ბაკურაძემ და მისმა პროდიუსერმა მეუღლემ ლაშა ბასლანძემ.
საღამოზე დასასწრებად სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა მომღერალი და საჯარო მოხელე სოფო ხალვაში, ღონისძიებას ის სპორტსმენ მამამთილთან, რეზო ძოძუაშვილთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძის მხარდამჭერებიდან საღამოს ცოლის დაქალი, დიზაინერი ბაია კვიციანიც ესწრებოდა. მთაწმინდაზე იყვნენ მსახიობი გუჯა ბურდული, იმედო კახიანი მეუღლესთან და შვილიშვილთან, ქეთო თოფურიძესთან ერთად, პროდუსერი ნატო დუმბაძე, მომღერალი აჩი ფურცელაძე და აჩიკო მეფარიძე.