ავტორი:

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ  - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 200-ზე მეტ ადამიანს იშვიათ დაავადებაზე ამოწმებენ. მედიკოსები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, საქმე აქვთ მაიმუნის ყვავილთან. ექიმების ინფორმაციით, დაავადება აღმოაჩნდა ტეხასელ მამაკაცს, რომელიც ივლისის დასაწყისში ამერიკაში ნიგერიიდან ჩავიდა.

მიიჩნევენ, რომ 2003 წლის შემდეგ ის არის პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელიც მაიმუნის ყვავილით დაინფიცირიდა. ამ დროისთვის ინფიცირებული კლინიკაშია მოთავსებული და სპეციალისტები მის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებენ.

ჯერჯერობით მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შესაძლო საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტეხასელ მამაკაცთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობდნენ - საუბარია ორი ავიარეისის მგზავრებზე.

მამაკაცი ჯერ ნიგერიიდან, ლაგოსიდან ჯორჯიაში ჩაფრინდა, საიდანაც დალასში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენის დაწყებამდე ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ცნობით, რისკი იმისა, რომ ვინმეს ვირუსი გადასდებოდა, ძალიან მცირეა, რადგანაც ყველა მგზავრს პირბადე ეკეთა. ამ დროისთვის აკვირდებიან 200 ადამიანს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ, რომ არც ერთი მათგანი არ არის მაღალი რისკის ქვეშ.

  • რა არის მაიმუნის ყვავილი?

აღნიშნული ვირუსი არის ძალიან იშვიათი გადამდები დაავადება, რომელიც უმეტესად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.

გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც.

ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა ხასიათდება საშუალო სიმძიმით, ისევე როგორც ჩუტყვავილა და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება. თუმცა ამასთან, შესაძლოა იყოს უფრო მძიმე შემთხვევებიც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის 100-დან 1 შემთხვევა არის მომაკვდინებელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მაიმუნის ყვავილი ბოლოს 2003 წელს გავრცელდა. მაშინ ქვეყანში 47 შემთხვევა აღწერეს.

წყარო: BBC.com