ავტორი:

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩართულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ, ფაქტობრივად, აღნიშნული გეგმა. ასევე, გამოცემულია საშუალოვადიანი გეგმები, რომლებიც პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს და მინისტრის ყოველწლიური დირექტივები, რომლებიც უპასუხებს მომდინარე გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საჰაერო თავდაცვა, საინჟინრო და სადაზვერვო. ეს გაზრდის ჩვენს მობილობას, კონტრმობილობას, შესაძლებლობებს და ჩვენი თავდაცვის ძალებს არსებითად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის როგორც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება, ასევე, სადაზვერვო საშუალებების გამოყენება. უნდა ვიყოთ ყოველთვის ფხიზლად და მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“.

„ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. ასევე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების ფორმალური საერთაშორისო გარანტიების არარსებობა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით.

ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევაა რუსეთის მცდელობები დააბრუნოს მეზობლები და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე ან სულ მცირე, აღკვეთოს მათი დასავლეთთან ინტეგრაცია. გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და მცდელობები შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა რეგიონში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ძალები მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე გადავიდა.

„ეს მომავლის განვითარების გეგმაა, რომლის განხორციელება თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და მისი განვითარება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა.

წელს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის უმთავრესი უწყებრივი დოკუმენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაა, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს საშუალოვადიან გეგმაში და პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს. ყოველწლიურად ასევე გამოვცემთ მინისტრის დირექტივებს, რომელიც სინქრონში იქნება იმ მიმდინარე გამოწვევებთან, რაც დღეს თავდაცვის ძალებს გააჩნიათ. ამ დოკუმენტებით, თავდაცვის ძალები გადავიდა მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უნარი.

„თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ში განსაზღვრულ საფრთხეებსა და მიდგომებზე დაფუძნებით მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების შესაბამისი განვითარება. აქედან გამომდინარე თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტიანად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავე დროს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობის განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე გრძელვადიან პერიოდში განვითარებისთვის საჭირო რესურსებს.

დოკუმენტში მოცემულია, თუ რა შესაძლებლობების განვითარებაა საჭირო, რომ შევძლოთ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეფექტიანი გამკლავება. ასევე დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საბრძოლო შესაძლებლობა და სტრუქტურა, რომლის შესყიდვა, შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. ჩვენი გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ უნარი ოპერატიულ გარემოში აწარმოონ სრული სპექტრის ოპერაციები, ეფექტიანად მოახდინონ საფრთხეებზე რეაგირება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს.

ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს - ცენტრალიზებული დაგეგმვა და დეცენტრალიზებული აღსრულება; ამოცანით მართვის მიდგომა; მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა; ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზება. სწორედ მსგავსი მიდგომები გახლავთ თანამედროვე ინოვაციური ბრძოლის წარმოების კონცეფციის უმთავრესი ფუნდამენტი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, შემუშავებულია 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, ესენია: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებების გაუმჯობესება მობილობისა და კონტრმობილობის შესაძლებლობებს გაზრდის.

„ცხადია, მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენება, შესაბამისად, ჩვენ ყველა ამ პრიორიტეტული მიმართულებით გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოხდება რესურსების ფოკუსირება, წლების მიხედვით თითოეულ ძირითად და ზოგად პრიორიტეტებზე. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების 2030 წლის პრიორიტეტების მხარდაჭერის დროის გრაფიკიც. საერთო ჯამში ჩვენ შევძლებთ, რომ არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების ჩანაცვლება თანამედროვე შეიარაღების სისტემებით მოხდეს, რაც თავდაცვის ძალების მოთხოვნებს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა.

ჯავშანსაწინააღმდეგო მიმართულებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ჯაველინების“ შესყიდვა იგეგმება, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, შესყიდვების და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლიდან 6 წლის განმავლობაში განხორციელდება. სადაზვერვო შესაძლებლობის განვითარებისთვის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობის განვითარებაა.

ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ ადგილობრივ წარმოებას ვიწყებთ, შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ აფრიკულ - პოლონურ კომპანიებთან, მათთან წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომავალი წლიდან დავიწყებთ გამოშვებას. არტილერიის განვითარების მიმართულებით, 2024 წლიდან იგეგმება როგორც ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების განვითარება, ასევე უცხოური წარმოების საარტილერიო დანადგარების შესყიდვა. ჩვენს მეხუთე ძირითად პრიორიტეტს საინჟინრო მობილობის და კონტრმობილობის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით თავდაცვის ძალები ყურადღებას გაამახვილებს სპეციალური ოპერაციების მიმართულებების გაძლიერებაზე და ასევე მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების გაძლიერებაზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.