ავტორი:

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

თუ გული არასტაბილურად გიცემთ, ალბათ, დიაგნოზის დასმა თავადაც არ გაგიჭირდებათ. ეს არითმიაა, თუმცა საკუთარი თავისთვის დასმული დიაგნოზი საკმარისი არაა და ამ პრობლემას მაღალკვალიფიციური არითმოლოგის ჩარევა სჭირდება. არითმია გულის რიტმის სიხშირის ან რეგულარობის ნებისმიერი სახის დარღვევას გულისხმობს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა ტიპის არითმია, მაგალითად, როდესაც გული შედარებით ჩქარა ან ნელა ცემს, ან გულისცემა არარეგულარულია. თანამედროვე მედიცინაში არითმიის მკურნალობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ წლების წინ დაავადებას მხოლოდ მედიკამენტურად მკურნალობდნენ, დღეს ინვაზიური მეთოდებიც არსებობს. კათეტერული აბლაცია საქართველოში უკვე 15 წელია კეთდება. ერთ-ერთი პირველი არითმოლოგი საქართველოში, ვინც აბლაცია ჩაატარა გიორგი პაპიაშვილია. ის კლინიკა „ჰელსიკორში“ საქმიანობს და არითმიით შეწუხებულ არაერთ ადამიანს ეხმარება როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური მეთოდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი პაპიაშვილი პირველი იყო საქართველოში, ვინც აბლაცია რენტგენოდასხივების გარეშე ჩაატარა. ეს კი მკურნალობის უახლესი სტანდარტია.

არითმიასა და აბლაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე კლინიკა ჰელსიკორის, არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი პასუხობს.

რა იწვევს არითმიას?

სხვადასხვა არითმიას სხვადასხვა მიზეზი აქვს. არსებობს არითმიები, რომლებიც დამოკიდებულია სხვა თანმხლებ დაავადებებზე. მაგალითად, გულის იშემიური დაავადება ან შაქრიანი დიაბეტი არითმიის განვითარების გარკვეულ საფუძველს ქმნის. არის ისეთი არითმიებიც, რომელთა მიზეზი გენეტიკურად განპირობებული მიდრეკილებაა. მეორე მხრივ, არსებობს ისეთი ტიპის არითმიებიც, რომელსაც ხელშესახები გამომწვევი მიზეზი არ გააჩნია და მათ იდიოპათიური არითმიები ჰქვია.

ვინ არიან არითმიის რისკჯგუფის წარმომადგენლები?

არითმია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ეს ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დაავადება არ არის. ასევე, არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს თანხმლები სხვა დაავადებები ჰქონდეს. არითმია არც რომელიმე კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებაა. თუმცა სხვადასხვა ასაკს სხვადასხვა ტიპის არითმია უფრო მეტად ახასიათებს. მაგალითად, მოციმციმე არითმია ძალიან იშვიათია ბავშვთა ასაკში და საკმაოდ გავრცელებულია 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. ასევე, შუა ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, რომლებიც ხშირად, გადატანილი ინფარქტის შემდეგ ჩნდება. არსებობს პაროქსიზმული ტაქიკარდები, რომელიც უფრო ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკშია დამახასიათებელი.

როგორია არითმიის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები?

მედიცინაში ყველაფრის საფუძველი მედიკამენტური მკურნალობაა. ის არითმიების მკურნალობაშიც თავის როლს ინარჩუნებს. თუმცა სულ უფრო ვითარდება არამედიკამენტური, ანუ ინვაზიური მეთოდები. არითმიის შემთხვევაში ეს კათეტერული აბლაციაა. აბლაციის დროს გულში არსებული არითმიის გამომწვევი მიზეზის დათრგუნვა ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, „დამნაშავე“ უბანს ვაზიანებთ. გულში კათეტერების შეყვანა სხვადასხვა სისხლძარღვიდან, უმეტესად, ბარძაყის ვენიდან ხდება. სწორედ ამ კათეტერებით ჯერ ვიკვლევთ არითმიის გამომწვევ მიზეზს და შემდეგ აღნიშნულ უბანზე კარგად კონტროლირებული, მცირე დაზიანების მიყენება ხდება. ჩვენი მიზანია, რომ ამ უბანმა არითმიის გამოწვევის უნარი დაკარგოს.

დათრგუნვა ანუ დაზიანება ძირითადად ორი გზით ხდება: რადიოსიხშირული ენერგიით ანუ გაცხელებით და კრიოენერგიით ანუ მოყინვით. ორივე მეთოდი კარგად ნაცადი და აპრობირებულია. „ჰელსიკორში“ აბლაციის ორივე მეთოდს წარმატებით ვიყენებთ.

აბლაცია ნებისმიერი ტიპის არითმიაზე კეთდება?

აბლაცია უფრო ხშირად ტაქიარითმიების დროს კეთდება. ეს არის არითმიის ტიპები, რომლებიც აჩქარებული გულისცემით გამოიხატება. არითმიის დროს, რომელიც შენელებული გულისცემით გამოიხატება, სხვა ტიპის ინვაზიური ჩარევა ხდება.

ტაქიარითმიების დროს ჩატარებული აბლაციის სირთულე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. რიგ შემთხვევაში მხოლოდ ერთი წერტილის აბლაცია საკმარისია, თუმცა რთული, კომპლექსური მექანიზმის მქონე არითმიების შემთხვევაში უფრო ფართო ჩარევაა საჭირო.

კათეტერული დიაგნოსტიკა და უკვე დადგენილ მიზეზზე ზემოქმედება ერთდროულად ხდება?

დიახ, როგორც წესი ერთდროულად ხდება ხოლმე. აბლაციამდე ჩვენ გარკვეული დიაგნოსტიკა უკვე ჩატარებული გვაქვს ხოლმე. ვიცით, რა ტიპის არითმიაა და რა ვითარება შეიძლება დაგვხვდეს გულში. უშუალოდ გულში კათეტერებით შესვლის დროს წინასწარი დიაგნოზის გადამოწმება, დაზუსტება ხდება და ვაკეთებთ აბლაციასაც.

რა დრო სჭირდება აბლაციის ჩატარებას?

ეს დამოკიდებულია არითმიის სირთულეზე. არის შემთხვევები, როდესაც ნახევარი საათი სრულიად საკმარისია. თუმცა რთული არითმიის დროს, როდესაც ერთზე მეტ წერტილზე გვიწევს ზემოქმედება, რამდენიმე საათია საჭირო.

აბლაციის ჩატარებამდე მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია თუ დიაგნოზის დასმისთანავე შეიძლება აბლაციის გაკეთება?

აბლაცია საჭიროა მათთვის, ვისაც არითმიის სიმპტომური და განმეორებითი ეპიზოდები აწუხებს. აბლაცია მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით ბევრად ეფექტურია და სხვადასხვა არითმიის დროს მისი სრულად განკურნება შეუძლია. ამიტომ არითმიის ტიპის მიხედვით ზოგჯერ მედიკამენტურ მკურნალობას არ ვნიშნავთ და პირდაპირ აბლაციას ვატარებთ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც მკურნალობა იწყება მედიკამენტებით და შემდეგ, მეორე ეტაპზე ვაკეთებთ ინვაზიურ ჩარევას.

აბლაციით მიღებული შედეგი გარანტირებული და მუდმივია?

ეს პირველ რიგში დამოკიდებულია არითმიის ტიპზე. ზოგიერთი არითმიის შემთხვევაში მისი სრულად მოცილება ხდება აბლაციით. ზოგიერთი რთული და ქრონიკული არითმიის შემთხვევაში აბლაციის მიზანი არა სრული განკურნება, არამედ სიმპტომების შემსუბუქება, არითმიის ეპიზოდების შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს მოციმციმე არითმია ან გულის ორგანული დაზიანების ფონზე აღმოცენებული პარკუჭოვანი ტაქიარითმია.

შემთხვევათა დიდ პროცენტში შედეგი პირველივე აბლაციით მიიღწევა. მაგრამ პრაქტიკაში არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სრულყოფილი შედეგის მისაღებად განმეორებითი ჩარევებიც საჭიროა.

ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია აბლაცია ფართო საზოგადოებისთვის? ფინანსდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში?

სამწუხაროდ, ამ მხრივ რთული ვითარება გვაქვს. საყოველთაო ჯანდაცვას პირდაპირ გამონაკლისებში აქვს კათეტერული აბლაცია პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების გარდა.

თავად აბლაცია საკმაოდ ძვირადღირებული ჩარევაა, რადგან ძვირადღირებული მასალები და აპარატურა სჭირდება. სწორედ ამიტომ დღეს საჭირო ფინანსების არ ქონა ბევრი ადამიანისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ აბლაცია გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საყოველთაო დაზღვევაში მისი ჩართვა სრულად მოხდეს.

საქართველოში პირველად სწორედ კლინიკა „ჰელსიკორში“ ჩატარადა აბლაცია სრულად რენტგენოდასხივების გარეშე. მოგვიყევით ამის შესახებ, რატომ არის ეს ეფექტური მეთოდი და რა უპირატესობები აქვს ტრადიციულ აბლაციასთან შედარებით?

აბლაციის დროს, როდესაც გულში კათეტერები შეგვყავს, მას რენტგენის სხივებით ვაკვირდებით. ეს არ არის დიდი დასხივება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, დასხივება კარგი არ არის. მეორე მხრივ, არსებობენ პაციენტები ვისთვისაც დასხივების არარსებობა გადამწყვეტია, მაგალითად, ბავშვები და ონკოლოგიური დაავადების რისკჯგუფის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ აბლაციის ჩატარების ტექნოლოგია დაიხვეწა და დღეს მისი გაკეთება რენტგენოდასხივების გარეშეც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში გულის სამგანზომილებიანი მოდელის აგება ხდება, რაც გულში კათეტერების განლაგებას რენტგენოდასხივების გარეშე გვიჩვენებს. ეს კი რთული აბლაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში რენტგენოდასხივების გარეშე აბლაცია პირველად კლინიკა „ჰელსიკორში“ ჩავატარე და ამ პროცედურებს დღემდე წარმატებით ვაგრძელებთ.

თქვენ ხართ ევროპის არითმოლოგების ასოციაციის სერტიფიცრებულ წევრი. გარდა ამისა, საქართველოში არითმოლოგების სუბსპეციალიზაციის პროგრამა შექმენით. მოგვიყევით თქვენს შესახებ, თავად სად მიიღეთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ქართულ სამედიცინო სფეროს წარმატებით ახმართ?

როდესაც მე ინვაზიური არითმოლოგიით დავინტერესდი, საქართველოში ამ სპეციალობის შესაწავლის საშუალება არ არსებობდა. 2005 წელს გამიმართლა და მოვახერხე სასწავლებლად წასვლა ესპანეთში, სადაც ბარსელონას საუნივერსიტეტო კლინიკაში ვსწავლობდი და მსოფლიოში სახელგანთქმული არითმოლოგი ჯოზეფ ბრუგადა იყო ჩემი მასწავლებელი. 2006 წელს სამშობლოში დავბრუნდი და ჩამოვაყალიბე არითმოლოგიური სერვისი და დავიწყე კათეტერული აბლაციების ჩატარება. შემდგომში კიდევ უფრო რთული არითმიების აბლაციებში დასახელოვნებლად კიდევ წავედი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის პროგრამით ერთი წლით ბელგიაში, სადაც ასევე ძალიან ცნობილ და დიდი გამოცდილების მქონე ცენტრში გავიარე შესაბამისი ტრენინგი. მას შემდეგ საქართველოში ვატარებ ყველა ტიპის აბლაციას, რაც დღეს მსოფლიოში ტარდება.

ჯერ კიდევ 2007 წელს ჩავაბარე ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდა კათეტერულ აბლაციებში. მე ვიყავი პირველი ექიმი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვინც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

მუდმივად მაქვს კავშირი უცხოელ კოლეგებსა და ჩემს მასწავლებლებთან. ასევე სისტემატურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში. ამის დამსახურებაა, რომ ინოვაციები, რაც აბლაციის მიმართულებით იქმნება, სწრაფადვე ჩამოგვაქვს საქართველოში. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არითმოლოგია საქართველოში ევროპის ქვეყნების დონეზეა და აბლაციის ჩასატარებლად ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ წასვლა არ სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ვზრდით ახალგაზრდა თაობასაც. ჩემი ავტორობით შეიქმნა სუბსპეციალიზაციის პროგრამა, რომელიც სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ახლგაზრდა ექიმმა არითმოლოგის ლიცენზია უკვე მიიღო.

პირველად საქართველოში -დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა