ავტორი:

"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

საქართველოში ქუჩის ცხოველების პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. დედაქალაქში ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე რეგიონებში, რადგან თბილისში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მუშაობს. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უწყება ყველაფერს სრულყოფილად ართმევს თავს. გამოწვევები მაინც არსებობს და ამაზე თბილისის მოსახლეობა სულ უფრო ხშირად საუბრობს სოციალური ქსელის მეშვეობით. "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფში მრავლად შეხვდებით ქუჩის ცხოველებით შეწუხებულ და შეშინებულ მოქალაქეთა პოსტებს. ისინი მიუსაფარი, აგრესიული ძაღლების თვალშისაცემ მომრავლებაზე საუბრობენ და პეტიციის შემუშავების ინიციატივას აყენებენ.

"უკვე მუდმივი პრობლემა გახდა მაწანწალა ძაღლების საკითხი ჩვენს უბანში. ზოგს კბენენ, ზოგს აშინებენ, ზოგსაც უბრალოდ არ გვინდა, რომ ბავშვების სათამაშო მოედნებზე ამდენი დაავადების გადამტანი ცხოველი იყოს. ალბათ, ამჩნევთ, რომ სათამაშო მოედნებზე ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე. ისიც გასაგებია, რომ ბევრს უყვარს, არ აწუხებს და მზადაა ცოფის და ექინოკოკის საფრთხე აიღოს საკუთარ თავზე და შვილებზე, მაგრამ რადგან უბნის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პრობლემა არსებობს, იქნებ მოვაბათ თავი პეტიციის შედგენას, რომ გადაიჭრას ეს საკითხი. ცხადია, რომ ამდენი ძაღლი „საოცარი დამთხვევით“ გარეუბნებში გროვდება და ეს უნდა დარეგულირდეს როგორმე. მოსაფიქრებელია ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები", - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი.

"გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე დადიან ხროვად ძაღლები. ლეკვი ჩავიყვანე და 15 ძაღლი გამომენთო. ლამის დამიგლიჯეს ძაღლი. ძალიან ცუდ დღეში ვარ, ვეღარ გამყავს შიშით სასეირნოდ. ძალიან აგრესიულები არიან", - წერს კიდევ ერთი პირი.

ოფიციალური მონაცემები, იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოველი ცხოვრობს ამჟამად თბილისის ქუჩებში, არ არსებობს. ასეთი აღრიცხვა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მაშინ მათი რიცხვი 43 000-ს აღწევდა

ოფიციალური მონაცემები, იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოველი ცხოვრობს ამჟამად თბილისის ქუჩებში, არ არსებობს. ასეთი აღრიცხვა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მაშინ მათი რიცხვი 43 000-ს აღწევდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, სამომავლოდ, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა მასობრივ აღრიცხვას გეგმავენ. უქმნიან თუ არა რეალურად საფრთხეს ქუჩის ძაღლები თბილისის მცხოვრებელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა შემთხვევაში არიან ისინი აგრესიულები? - ამ კითხვებზე გვიპასუხა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ქობულაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის ქუჩაში მცხოვრებ ძაღლთა აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია და შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ცხოველთა მიერ აგრესიის გამოვლენის შემთხვევებში, სააგენტო მყისიერად რეაგირებს და ცდილობს, ეს პრობლემა ორივე მხარისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრას.

„იმის თქმა, რომ ქუჩის ძაღლები აგრესიულები არიან, იგივეა, რაც ვთქვათ, რომ ზოგადად, ადამიანები აგრესიულები არიან. ქუჩის არც ერთი ძაღლი არ არის უმიზეზოდ აგრესიული. ამის უკან ისევ ადამიანები და მათი ცნობიერების დაბალი დონე დგას. საერთოდ, ცნობილია, რომ ძაღლს აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი. თუ მიკედლებულ ძაღლს მუდმივად ერთ ადგილას გამოვკვებავთ, მას უჩნდება ამ ადგილის საკუთრების განცდა და ცდილობს, უცხო ცხოველები, თუ პირები არ მიაკაროს მას. ამ დროის შეიძლება, ეს თავდაცვის პოზიცია ძაღლს აგრესიაში ჩაუთვალონ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ მიკედლებული ცხოველი სხვადასხვა ადგილას გამოვკვებოთ ხოლმე. ასევე, აგრესიის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში განცდილი ძალადობა, რომელიც ცხოველს დამახსოვრებული აქვს. შესაძლოა მიზეზი ფსიქიკური პრობლემებიც იყოს. მინდა დავამშვიდო თბილისის მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ქუჩებში მცხოვრები ძაღლები საშიშები არ არიან. ისინი არანაირ საფრთხეს არ უქმნიან მათი და მათი შვილების სიცოცხლეს, რადგან ძაღლების უმრავლესობა აცრილი და სრულიად უსაფრთხოა. თუმცა ვისაც ეშინია ცხოველების, შესაძლოა ასე ვერ იფიქროს, ჩვენ მათი გვესმის. სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი სააგენტო. ასეთ შემთხვევაში უნდა მოგვმართონ, დაგვირეკონ ცხელ ხაზზე და აგრესიულ ძაღლს აუცილებლად გავარიდებთ იქედან. ჩვენი მიზანია, რომ თბილისში არც ერთი ცხოველი არ იყოს მიუსაფარი და ყველას ჰყავდეს პატრონი. ცხადია, იმას არ ვგულისხმობთ, რომ არც ერთი ცხოველი არ იყოს ქუჩაში, მაგრამ პერსპექტივაში ვაპირებთ, რომ ყოველი მათგანი იყოს ვაქცინირებული და უსაფრთხო", - ამბობს Ambebi.ge-სთან ნიკა ქობულაძე.

ირმა მთიულიშვილი ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა უფლებების დაცვაზე წლებია მუშაობს. მისი შეფასებით, უმთავრესი გამოწვევა საკანონმდებლო ბაზის არარსებობაა. ახლა ცხოველების უფლებებს სსკ-ის ერთადერთი (259-ე) მუხლი არეგულირებს. ეს რეგულაცია ცხოველთა განზრახ დაზიანებას, წამებასა და მოკვლას კრძალავს, თუმცა უფლებადამცველთა შეფასებით, იგი საკმარისი არ არის.

დიდი სანქციით უნდა ისჯებოდეს ცხოველის გაგდება, მიტოვება. ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ისტორია აქვთ

"ეს პრობლემები ძირითადად მოსახლეობის უპასუხისმგებლობისგან მოდის. ამას, თავის მხრივ, განაპირობებს საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. ფაქტია, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რაც ვითარებას მოაწესრიგებდა. მოქალაქეებს კანონი უნდა ავალდებულებდეს, სათანადოდ იზრუნოს იმ ცხოველებზე, რომლებსაც პატრონობენ. დიდი სანქციით უნდა ისჯებოდეს, ცხოველის გაგდება, მიტოვება. ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ისტორია აქვთ. რაც მთავარია, უპატრონო ცხოველების გამრავლებას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე ჰუმანური მეთოდით - კასტრაცია-სტერილიზაციით და კარგი იქნება, ამასაც კანონი არეგულირებდეს. ახლა კასტრაცია-სტერილიზაციას ქუჩის ძაღლებს სააგენტო უფასოდ უკეთებს. ამიტომ თუ სადმე დაინახავთ უბირკო ძაღლებს, დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე და აცნობეთ. პატრონიანი ძაღლის სტერილიზაციის ხარჯები თავად პატრონებმა უნდა გაიღონ. ზოგი თავს არიდებს ამ პასუხისმგებლობას და შემდეგ გამრავლებულ ძაღლს ქუჩაში აგდებს. თუმცა კარგიც ხდება. უამრავი მიმკედლებელი ადამიანია, რომლებსაც გული შესტკივათ ცხოველებზე და რეალურად ზრუნავენ მათზე. სასურველია, შემუშავდეს გარკვეული ღონისძიებები ასეთი ადამიანების წასახალისებლად, რადგან ისინი მართლა დიდ საქმეს აკეთებენ", - გვეუბნება ირმა მთიულიშვილი.

თუ სადმე დაინახავთ უბირკო ძაღლებს, დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე და აცნობეთ

საკანონმდებლო ბაზის გამოწვევებზე საუბრობენ თავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც. ნიკა ქობულაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. მისი შესაფებით, აუცილებელია არსებობდეს კანონი მსგავსი შინაარსით, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულირდებოდეს ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემური საკითხები.

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი ვრცელდებოდეს მთელ ქვეყანაზე. ანუ კანონად იქცეს. ამაზე ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება. ვცდილობთ, რომ ეფექტურად მოვაგვაროთ ცხოველთა პრობლემები. ვატარებთ სოციალურ, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით მათ ყველა საჭირო ინფორმაციას. მართალია, პანდემიამ ეს ტემპი შეამცირა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ვცდილობთ, ადამიანებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ცხოველებზე, რომლებიც მოვიშინაურეთ. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ბოლო დროს, სულ უფრო მაღლდება მოსახლეობის ცნობიერება ამ კუთხით და თბილისში უკვე უამრავი მიმკედლებელი ოჯახია, რომელიც ცხოველებზე სათანადოდ ზრუნავს", - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

კანონმდებლობის არარსებობას მიიჩნევს უმთავრეს პრობლემად "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძეც. მისი შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით ვითარება ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ხარვეზები კვლავ არსებობს. სპეციალისტი კერძო თავშესაფრების გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"თუ არსებულ მდგომარეობას უახლოეს წარსულს შევადარებთ, ცხადია, უკეთესობა არის. ქუჩის ძაღლების საკითხი 2007 წლამდე მერიის დასუფთავების სამსახურს ებარა. ისინი დასუფთავების მანქანაში სვამდნენ ძაღლებს და ე.წ. ბეიკერის ორმოში ყრიდნენ, სადაც დენით ხოცავდნენ. წარმოუდგენელი სისასტიკე იყო... მაშინ ჩვენ ავტეხეთ დიდი ამბები და თანდათან ეს ვითარება შეიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, 2007-2012 წლებში, შპს "დებიუტის" ორგანიზებით, თბილისში სულ 85 000 ძაღლი დაიჭირეს და ყველა მოკლეს.

ახლა ბევრი კარგი რამ კეთდება სააგენტოს მიერ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები შეინიშნება. გარდა ამისა, ერთი თავშესაფარი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. მინიმუმ კიდევ ორი მაინც უნდა იყოს ქალაქში, რომ ასე თუ ისე მოგვარდეს პრობლემა. ჩვენ თავშესაფარი დავხურეთ გასული წლის მარტში, ვერ ვიტევთ ახალ ცხოველებს. მის მაგივრად დავაარსეთ ტრავმირებული ძაღლების სახლი, ეს არის ერთგვარი პანსიონატი ძაღლებისთვის. როდესაც ქვეყანაში კანონი არ არსებობს, თავშესაფრების არსებობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წარმოდგენა არ აქვს ხალხს, რა ხარჯებია ამისთვის საჭირო. თუ არ გყავს პროფესიონალი კადრები, მუდმივი ბიუჯეტი, ვერ იარსებებ. საქართველოში, არც სახელმწიფო, არც ბიზნესი კერძო თავშესაფრებს არ ეხმარება. ერთადერთი, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ვართ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობა, ისინიც თავს იკავებენ დაფინანსებისგან", - გვეუბნება თეიმურაზ წიქორიძე.