ავტორი:

The Guardian: ბრიტანელი და ირლანდიელი სკაუტი გოგონები - სექსუალური ძალადობის 250 მსხვერპლი

The Guardian: ბრიტანელი და ირლანდიელი სკაუტი გოგონები - სექსუალური ძალადობის 250 მსხვერპლი

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" («The Guardian») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ბრიტანელი და ირლანდიელი გოგონები - სექსუალური ძალადობის 250 მსხვერპლი“, რომლის თანახმად, ქვეყნის სკაუტურ ორგანიზაციაში (რომელიც, თავისი მიზნებით, გარკვეულწილად საბჭოთა პიონერულ ორგანიზაციას შეიძლება შევადაროთ - ს.კ.), 13-15 წლის სკაუტი გოგონების მიმართ მრავალი სექსუალური ძალადობა ხდებოდა - მათ საკუთარი რაზმების ხელმძღვანელები აუპატიურებდნენ. საქმე შეეხება იმ დანაშაულობებს, რომლებიც 1950-იანი წლებიდან მოყოლებულ პერიოდშია ჩადენილი.

როგორც ცნობილია, სკაუტური მოძრაობა მოზარდებს ეხმარება ცხოვრებისეული ჩვევებისა და უნარების შეძენაში, ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას. სკაუტური მოძრაობა - ეს რომანტიკა და თავგადასავლებია: ექსკურსიები, სპორტი, გარესამყაროს შეცნობა და მისი გაცნობიერება, ახალგაზრდული სწრაფვა... მაგრამ. ამასთან ერთად, საკმაოდ ხშირად ხდებოდა არასასურველი ფაქტებიც.

"გარდიანის“ რედაქციის ჟურნალისტებმა იმ საქმეების შესწავლის უფლება მიიღეს, რომლებიც ბრიტანული საზოგადოებისთვის დახურული იყო და რომლებშიც ჩადენილი დანაშაულობებია თავმოყრილი - თუ როგორ აუპატიურებდნენ ინგლისელ და ირლანდიელ გოგონებს, როგორ ხდებოდა სკაუტურ მოძრაობაში პორნოგრაფიული მასალების გავრცელება და ა.შ. თანაც აღმაშფოთებელი ისაა, რომ ბევრი სისხლის სამართლის საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა.

ერთ-ერთი ასეთი საქმე ეხება ლიუსი პინკოტს, რომელიც ამჟამად 27 წლისაა, მაგრამ 13 წლის ასაკში მრავალჯერ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მოძალადე მისი რაზმის ხელმძღვანელი იყო. ლიუსი პინკოტმა ამის შესახებ 2016 წელს განაცხადა, მაგრამ ბრიტანეთის პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ბრალდება მოძალადისათვის არ წარედგინა. რატომ? იმიტომ, რომ თურმე მომხდარა სასამართლოს გარეშე გარიგება - ბრიტანეთის სკაუტურმა ორგანიზაციამ («Scout Association») დაზარალებულ ლიუსი პინკოტს 220 ათასი დოლარი გადაუხადა და გააჩუმა.

საერთოდ, სკაუტური მოძრაობა სექსუალურ დანაშაულობებში არა მარტო დიდ ბრიტანეთშია ბრალდებული, არამედ აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც.

მოამზადა სიმონ კილაძემ