ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "დელტა" შტამის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ხარჯს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.
გაბუნია გაუგებრობას უწოდებს შემთხვევებს, როცა პაციენტებს საკუთარი ხარჯებით მოუწიათ მედიკამენტების შეძენა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხებს ისინი შეისწავლიან.
"დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება, საბედნიეროდ, შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავაც მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მძიმე და შედარებით გახანგრძლივებულ მიმდინარეობასაც აღწერენ კლინიცისტები "დელტა“ შტამის ცირკულაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამკურნალო მედიკამენტებს, სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ეს იქნება ბინაზე, კოვიდსასტუმროში, თუ ჰოსპიტალში. ბოლო პერიოდში იყო დიდი აქცენტი "ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდებული მედიკამენტია. საქართველოს გაიდლაინშიც არის ეს მედიკამენტი უკვე შეტანილი ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან და ამ მედიკამენტების გამოყენება სპეციალური ჩვენებით ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეს არის ნაჩვენები.
რაც შეეხება მის ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას გამონაკლისის გარეშე, პროგრამა ფარავს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ანაზღაურებას. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობა იყო იმასთან დაკავშირებით, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა შეეძინა მედიკამენტი თავად, პირადი ფინანსური უზრუნველყოფით. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულად მიუღებელია, ამ საკითხებს ცალკე, ბუნებრივია, შევისწავლით. კლინიკებთან გვქონდა ამაზე სპეციალური შეხვედრა, წერილობითაც ინსტრუქცია გაცემულია, "ტოცილიზუმაბი“ გამონაკლისი არ არის სიაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მისი დაფინანსება ხდება ფაქტიური ხარჯის საფუძველზე. ყველა მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ძვირადღირებულია, ამიტომ ამ შემთხვევაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ყველა შემთხვევაში არ ხდება "დელტა" შტამის დადგენა, თუმცა, მისივე თქმით, "ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა თითქმის ნახევარს, "დელტა" შტამი აქვს" -
"საქართველოში 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ "დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნიამ ისაუბრა: დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია.
მისივე თქმით, მალე საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება.
"სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, - განაცხადა გაბუნიამ
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასტუმროებში იმ ინფიცირებული ბავშვებისთვის, ვისი მდგომარეობაც მსუბუქად მიმდინარეობს, შესაფერისი გარემო შეიქმნება, რათა მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ.
"არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში და ასეთ დროს მისი ჰოსპიტალიზაციაც სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო, რომ ექიმის მეთვალყურეობით თავიანთი მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ“, - განაცხადა გაბუნიამ