ავტორი:

"ვაქცინაციაში სატანურს ვერაფერს ვხედავ" - რას ამბობს მამა ილია თოლორაია, რომელიც სამების სხვა მოძღვრებთან ერთად, ვაქცინის მე-2 დოზით აიცრა

"ვაქცინაციაში სატანურს ვერაფერს ვხედავ" - რას ამბობს მამა ილია თოლორაია, რომელიც სამების სხვა მოძღვრებთან ერთად, ვაქცინის მე-2 დოზით აიცრა

სამების ტაძრის არქიმანდრიტმა მამა ილია თოლორაიამ სოციალურ ქსელში ვაქცინაციის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

მამა ილიასთან ერთად ფოტოზე სამების ტაძრის სხვა მოძღვრები: მამა შიო, მამა დოროთე და მამა ანდრია არიან. ისინი სინოფარმის მეორე დოზით აიცრნენ. ანტივაქსერული განწყობები ქვეყანაში ახალი არ არის, მოძღვრების გარკვეული ნაწილი ანტივაქსერულ განწყობაზეა და მრევლს ღიად მოუწოდებენ, რომ არ აიცრან. ამიტომ სასულიერო პირების აცრას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. იყო ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება, თუმცა სასულიერო პირების მიმართ კრიტიკული კომენტარებიც არ დაიშურეს... მამა ილია თოლორაია AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის დროს ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაშია.

მამა ილია თოლორაია:

- მოძღვრებმა ჩვეულებრივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავცრილიყავით, აცრა ხომ სამედიცინო სფეროში შედის და ეს არ არის საღვთისმეტყველო რამ. ასეთ დროს ექიმებს უნდა დავუჯეროთ, მე ასე ვფიქრობ.

- არ შეგხვედრიათ წინააღმდეგობა, თუნდაც სხვა სასულიერო პირების მხრიდან?

- ზოგიერთები ხომ იცით... მაგრამ პირადად ისეთი არაფერი ყოფილა. განწყობები კომენტარებში კი ჩანდა, ზოგმა უარყოფითად დაწერა, მაგრამ არა უშავს, ხომ იცით, სამყაროს ახალი მოვლენა აშინებს ხოლმე, რა ვქნათ ახლა. ერთადერთი გადარჩენის გზა ვაქცინაა და ეს აუცილებელია, ჩვენ ასე ვფიქრობთ.

- გვერდითი მოვლენები ხომ არ გქონიათ აცრის შემდგომ?

- არანაირი, ჩვენ ახლა ოთხივე მოძღვარმა მეორე დოზა გავიკეთეთ, პირველი დოზით 21 დღის წინ ავიცერით. არც მაშინ გვიგრძვნია რამე და არც დღეს.

- მრევლს თუ მოუწოდებთ, რომ აიცრან და ვაქცინაციაში არაფერია სატანური?

- რა თქმა უნდა, ვაქცინაციაში სატანურს ვერაფერს ვხედავ, ეს ხომ არ არის საღვთისმეტყველო სფერო.

- რიგი სასულიერო პირები მაინც მოუწოდებენ მრევლს, რომ არ აიცრას.

- რა ვქნათ, ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე, ჩვენ ასე ვფიქრობთ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და ღმერთი შეგეწიოთ.