ავტორი:

"ვაჩვენე დედოფალი, რომელიც სიყვარულის გამო ყველაფერზე წავიდა" -  ბრიტანეთში საკოლექციო 2-დოლარიანზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, კოლხი მედეა გამოსახეს

"ვაჩვენე დედოფალი, რომელიც სიყვარულის გამო ყველაფერზე წავიდა" -  ბრიტანეთში საკოლექციო 2-დოლარიანზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, კოლხი მედეა გამოსახეს

"მეგობრებო, სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ სასიხარულო ფაქტს - გამოვიდა ლიმიტირებული 2-დოლარიანი მონეტა, რომელზეც კოლხი მედეაა გამოსახული და რომლის ავტორი ქართველი მხატვარი, კახაბერ თოფჩიშვილია (ფსევდონიმი - გორელი).

კახაბერი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა, კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც დღეს ჩვენი მუზეუმის ფერწერული ფონდის მშვენებაა. ვამაყობ იმითაც, რომ კახაბერი ჩემი მრავალტომეულის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მხატვარიცაა,“ - ეს ინფორმაცია ხელონვების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა.

AMBEBI.ge დაინტერესდა კახაბერ თოფჩიშვილის ხელოვნებით, ამასთან, მის მიერ შექმნილი ლიმიტირებული 2-დოლარიანის ამბით და შეეხმიანა კიდეც მას.

კახაბერ თოფჩიშვილი:

- ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ლიტვის სახელმწიფო ზარაფხანამ მიიღო დაკვეთა, შეესრულებინა ლიმიტირებული 2-დოლარიანი, რომელიც კოლხი მედეას გამოსახულებით უნდა გამოსულიყო. მონეტა გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი რეგიონისთვის გაკეთდა, რათა შეეხსენებინათ, რომ ისიც მისი წევრია. ამიტომ, მონეტას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ნომინალს დოლარი დაარქვეს. მონეტაზე ცალ მხარეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი - ელისაბედ მეორეა გამოსახული და მეორე მხარეს - კოლხი მედეა. ამის შექმნაში კი მონაწილეობა მე მივიღე.

- ე.ი. კონკურსში გაიმარჯვეთ?

- კი. ჩემი ესკიზები გავაგზავნე, რომლებიც ერთხმად მიიღეს და მათთვის საუკეთესო შეარჩიეს. ამ სამუშაოში ჯერჯერობით ჰონორარის ნაწილი გადამიხადეს. ამის გარდა, მონეტა რომ გამოვა, ასეთი წესია, თუ ავტორი ისურვებს, თანხის სანაცვლოდ შეიძენს. ასე რომ, ვაპირებ, შევიძინო... ამ პროექტის შემდეგ, უცხოელების მხრიდან გარკვეულ პროექტებზე შემოთავზება მივიღე, საუბარია გრძელვადიან ხელშეკრულებებზე. შემდეგში არგონავტების თემაზე უნდათ მონეტების მოჭრა. ისინიც 2-დოლარიანი იქნება.

- ე.ი. მედეას გამოსახულებით 2-დოლარიანი საკოლექციოა და მიმოქცევაში არ იქნება...

- კი. დიდი მოცულობის მონეტაა, 62 გრამზე მეტი, სვაროვსკის ქვებითაა მოოჭვილი და მოოქროვილია. ამასთან, სულ 500 ცალია, აგვისტოში გამოვა და ჩემი ინფორმაციით, უკვე მთლიანად დარეზერვებულია.

- მაინცდამაინც კოლხი მედეას თემა რატომ აირჩიეთ?

- 30 თემა გამომიგზავნეს და მითხრეს, იქიდან ამერჩია. თემებს რომ გადავხედე, გემოვნება გამეხსნა, ბევრი რამის დახატვა მომინდა, მაგრამ ძველი ბერძნული მითოლოგია შეგნებულად შევარჩიე. ეს იმის გამო, რომ ქართული ინტერესიც გამეტარებინა. ადრე მედეას თემას ფერწერაში, გრაფიკაში ვაკეთებდი, რასაც საფუძვლად ედო ჩემი მეუღლის პროფილი (ძველი კოლხური გარეგნობის ქალბატონია). ეს თვითონ არც იცოდა, მოგვიანებით ტელევიზიიდან გავუმჟღავნე. ისე კი აბობდა, მონეტის მედეა როგორ მგავსო...

მოკლედ, ასე გამოვიდა - ქართული საქმეც გავაკეთე და ზოგადსაკაცობრიო საქმესაც მედეას სახელი კიდევ ერთხელ შევმატე - ის მსოფლიო დონის მონეტაზე აისახა.

კახაბერ თოფჩიშვილი

- თქვენი ნამუშევრით რისი თქმა და წარმოჩენა გინდოდათ?

- ელისაბედ დედოფალთან ერთად, ქართველი ქალბატონი წარმოვაჩინე და ვაჩვენე ამ ადამიანის იდუმალება, მისი გრძნეულობა. დედოფალი, რომელიც სიყვარულის გამო ყველაფერზე წავიდა, სამშობლოც კი დატოვა და ოქროს საწმისიც კი გასცა... ნამუშევარში მინიშნებულია 2 ფრინველი, რომელიც მედეას ხელზე ეთამაშება. ამ ჩიტებში მოვიაზრე მისი შვილები. არ მინდოდა, ბანალურად ბავშვები ყოფილიყო გამოსახული და სიმბოლოებით გადმოვეცი.

- ფერებია საოცარი. ამასთან, თქვენი გემოვნება კარგად ჩანს, ნამუშევარი გიზიდავს და შენც სიამოვნებით იღებ მას - ასეთი ემოცია მქონდა მონეტის ნახვისას...

- საზოგადოებას მოენატრა ესთეტიკა, რომანტიზმი, ჭეშმარიტი სიყვარული და საერთოდ, ჭეშმარიტება მოენატრა. თანამედროვე ხელოვნებიდან ძალიან ბევრი რამ მომწონს, ბევრი მიმდინარეობა ესთეტიკურად გაწონასწორებულია, მათი ხილვა მსიამოვნებს. თუმცა არის ისეთიც (შეიძლება, ვცდები, ყველამ მაპატიოს), რომელსაც ბოდვით ხელოვნებას მივაკუთვნებ. სამწუხაროდ, ეს ზოგადსაკაცობრიო საკითხია, მსოფლიოს მასშტაბის. მიმაჩნია, რომ ხელოვნება გააპრიმიტიულეს. ეს ესთეტიკურად საშინელებაა, - რაც მოსაწონი არ არის, იმას იწონებენ და გიმტკიცებენ, რომ დიდი ხელოვნებაა. არადა, რეალურად აფერაა.

რაც დავიბადე, მას მერე მთელი გულით და სულით ვხატავ. ჩემი წინაპრებიც ხატავდნენ. მამა, პაპა, დიდი პაპა მხატვრები იყვნენ. ჩემი შვილებიც ხატავენ, ისე, რომ მე არც არაფერი მითქვამს და მიმითითებია.

- ხართ ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე და როგორც გავიგე, ადრეული პერიოდიდან ყიდით საკუთარ ნამუშევრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე მიგიღოთ საზოგადოებამ...

- კი, სტუდენტობის პერიოდიდან იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები... მესამე კურსზე ვიყავი, რომის ნატიფი ხელოვნების აკადემიამ მასწავლებლად რომ მიმიწვია.

რექტორი იყო ჩამოსული, რომელმაც შემარჩია, მაგრამ 1991 წელი იყო, რთული პერიოდი, თან, რიგი სამწუხარო ფაქტორის გამოც, მე და ჩემი პედაგოგი, უფროსი მეგობარი, მხატვარი გივი მიზანდარი (აკადემიაში ჩვენი დეკანი იყო) ვერ გავემგზავრეთ. გასამგზავრებელი ლიმიტირებული თანხები გააქრეს, როგორც გაირკვა, გაფლანგეს და ვერ წავედით...

იმის მერე ბევრი გამარჯვებაც იყო, უმოქმედობაც, სხვადასხვა პერიოდი გამოვიარეთ.

კახაბერ თოფჩიშვილის ერთ-ერთი ნამუშევარი

- როდესაც ნამუშევარი თქვენგან მიდის, ამ დროს რას განიცდით?

- ამ წუთისთვის წარმოიდგინეთ, არც ერთი ფერწერული ტილო არ მაქვს, გრაფიკული - კი. არის მომენტი, როცა 70 ნახატს დიდი მოთმინებით ვაგროვებ და მერე გამოფენა ეწყობა.. ახალი ეპოქა უნდა დავიწყო - მინდა, გადავდო რამდენიმე ნამუშევარი, რომ შემდეგ საზოგადოებას წარვუდგინო. რაც შეეხება იმას, განვიცდი თუ არა, ნამუშევარი ჩემგან რომ მიდის, არა, რადგანაც მას ისეთ ადამიანს არ მივყიდი, ვისაც მისი ფასი არ ეცოდინება.

- გამომცემლობა "პალიტრა L“ გამოსცემს წიგნების სერიას, "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. უკვე მეათე ტომი გამოვიდა. თქვენ ხართ ამ წიგნების მხატვარი. მოგვიყევით ამაზეც...

- კი, ასეა. სულ 15 ტომი უნდა გამოვიდეს. ავტორი გახლავთ გიორგი კალანდია. ამ წიგნზე მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და საერთოდაც, ისტორიული თემატიკა ყოველთვის მიზიდავდა. ამიტომ, მინდა, ახლო მომავალში გამოფენა მოვაწყო, ამისთვის კი შევქმნა ისტორიული, მასშტაბური ტილო, რომელიც მომავალ თაობას ვიზუალურ გამოსახულებას დაუტოვებს, მაგალითად, იმის შესახებ, ფარნავაზი და ქუჯი ერისთავი საქართველოს გამთლიანებას როგორ უქმნიდა საფუძველს... ხომ ვამბობ, ბავშვობიდან მიყვარდა ისტორია. მინდოდა, არქეოლოგებს აღმოეჩინათ საამაყო მეფის სასახლეები...

- ახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას, რომელ პროფესიას აირჩევდით?

- თუ ხარ მხატვარი, უნდა იყო და ბევრი რამ შესწირო ამ საქმეს. რთული საქმეა, მაგრამ ჩემთვის განუმეორებელი. მეორედ რომ დავიბადო, ისევ მხატვარი გამოვალ. ჩემი შინაგანი მოთხოვნილება სულიდან, გულიდან გამომდინარე იყო და არის, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ! ადამიანი რაც მეტს მუშაობ, ხვდები, რომ მეტი და მეტი არ იცი!

კიდევ ცოტა რამ მხატვარზე

თანამედროვე ილუსტრატორის, ფერმწერისა და გრაფიკოსის კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმშია განთავსებული. 2003 წელს კი მისი ნახატები, მუდმივ ექსპოზიციაში, ზიმერლის და ჰარვარდის მუზეუმების გალერეებში გამოიფინა. მხატვარი სისტემატურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. პერსონალური გამოფენა ჰქონდა ზურაბ წერეთლის გალერეაში. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, თოფჩიშვილის სტილი სრულიად განსხვავებული და განუმეორებელია. მხატვარი სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში. ბატონი კახაბერი ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა - "ქართული ფერწერის თავისებურებანი."

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მის ნამუშვრებში შუა საუკუნეების ევროპული ჩანახატების სტილი იგრძნობა და კარგია, რომ ისტორიულ თემატიკაზე ასე აქტიურად მუშაობს, რადგანაც ამის დეფიციტი ნამდვილად არის ქართულ ხელოვნებაში...

"კახაბერ თოფჩიშვილი ყველა სხვა თანამედროვე მხატვრისგან განსხვავებით ერთადერთია, რომელიც ხატავს მე-19 საუკუნეში დამკვიდრებული კლასიკური ილუსტრაციული წესით“, - ასე აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები მხატვარს.