ავტორი:

"შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

"შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი იმყოფება.

"პირველი გზავნილი, რაც მინდა გადმოგცეთ, არის ის, რომ ეცადოთ, არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ გააკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ხალხს, ვინაიდან პოლიტიკა არის შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ ხალხისთვის", - განაცხადა მან პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.

„საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. ნორმალურია, რომ საქართველოს ჰყავს უმრავლესობა, რომელიც არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ეს არის დემოკრატია,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და ამ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება.

"მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რიკ დემსმა.