ავტორი:

დაზიანებული გზები, ადიდებული მდინარეები, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი - მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან (+ ფოტოები)

დაზიანებული გზები, ადიდებული მდინარეები, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი - მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან (+ ფოტოები)

მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მესტიის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი სრულად განადგურდა, რის გამოც სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს, დაზიანებულია გზა.

მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა "ხერაშის" ღელე.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.

ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს. სოფელ იფარში, მდინარე "ლასილურამ" წაიღო სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც დატოვებული ჰყავთ მერძეული საქონელი. ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.