ავტორი:

"გონების დაკარგვამდე მთვრალი ხალხი, 90-იანი წლების მსგავსი დისკოთეკები და დაჭაობებული რიწა..." - რას წერს რუსი ბლოგერი აფხაზურ ტურიზმზე?

"გონების დაკარგვამდე მთვრალი ხალხი, 90-იანი წლების მსგავსი დისკოთეკები და დაჭაობებული რიწა..." - რას წერს რუსი ბლოგერი აფხაზურ ტურიზმზე?

ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული უკმაყოფილო რუსების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. კრემლისტური გამოცემა lenta.ru აქვეყნებს yandex.ru-ს ბლოგერის რეპორტაჟის შემოკლებულ ვარიანტს, სადაც ავტორი რეგიონის 4 ძირითად უარყოფით მხარეზე წერს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის, რომ "აფხაზეთში ახალგაზრდებისთვის საინტერესო არაფერია".

"არადა, აქ ადრეც ვიყავი და მაშინ სხვებსაც ვუწევდი რეკომენდაციას... ახლა კი, ყველაფერი უარესობისკენ შეცვლილა".

გამოცემის ბლოგერთან საუბარში რუსი დამსვენებლები აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას აღწერენ.

ისინი 45-წლამდე ადამიანებს აფხაზეთში დასასვენებლად წასვლას არ ურჩევენ, ოღონდ ეს იმათ ეხებათ, ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს.

"რაც შეეხება ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსუბუქი იქნება თუ "მძიმე", მათთვის დიდი არჩევანია, ისევე, როგორც ალკოჰოლის მოყვარულებისთვის. აქ არის ჭაჭა, ღვინო, სომხური კონიაკი" - ჰყვებიან რუსი ტურისტები.

"უკვე მეორედ ვწერ აფხაზეთში დასვენებაზე და იმ ოთხ არასასიამოვნო მხარეზე უნდა ვისაუბრო, რომელსაც 2021 წელს აფხაზეთში გადავაწყდი - როგორ გატყუებენ საცხოვრებელ სახლებზე; ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც გამოუცდელ ტურისტებს ძალიან მარტივად ატყუებენ. სანამ თავად არ გადავაწყდი ამ პრობლემას, მანამდე მეც ყველას ვენდობოდი. "ბუკინგზე" ულამაზესი სახლები და ბინები ძალიან იაფად არის, თუმცა ჩახვალ და სხვა რეალობა გხვდება...

იმდენად შეუსაბამო ოთახი დამხვდა, წასვლა მინდოდა, მაგრამ როდესაც მე მკბენარებთან ერთად ცხოვრებაზე უარი ვთქვი და წასვლა დავაპირე, ფულიც არავინ დამიბრუნა. ადგილობრივებს ჯავშანი და მომსახურების წესები, საერთოდ არ აღელვებთ. პერსონალთან ვრეკავდი და არც ეგ აინტერესებდათ. მნიშვნელობა არ აქვს, იაფიან სასტუმროში ხარ თუ ძვირიანში" - წერს ავტორი.

მისივე თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ადგილობრივები სრულებითაც არ არიან კეთილგანწყობილი ტურისტების მიმართ, რაც ბოლოს ტურისტებზე თავდასხმით გამოიხატა.

"ადგილობრივების კვალდაკვალ, არაერთი კონფლიქტი მქონდა ტურისტებთანაც. ასეთი უამრავი შემთხვევა ვნახე - ჩამოვლენ, თავი იქაურობის ბატონ-პატრონი ჰგონიათ და მერე დებოშს აწყობენ. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ისინი აფხაზეთში ფულს "ადგილობრივების დასასჯელად" ხარჯავენ და ამიტომ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მოესურვებათ.

იაფფასიანი ღვინო სწრაფად ათრობთ. ამიტომ, ხშირად ნახავთ ქუჩაში გონის დაკარგვამდე მთვრალ და არაადეკვატურ ტურისტებს... ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვურჩევ ახალგაზრდებს ის ჩასვლას, ესეც არის, რომ იქ მთვრალ ტურისტებს შორის მუდმივად არის ჩხუბი. გოგონებსაც კი არ ინდობენ, ერთადერთი, პენსიონერებს არ ეხებიან..." - წერს რუსი ბლოგერი.

ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მოსკოვი და სოჭი კი არა, მიყრუებული ლაზარევსკის მსგავსიც კი არ არის.

"გართობა ნული. ზიხარ ნომერში, ცუდი ვაი-ფაის იმედად და მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთო, არის საღამოს სანაპიროზე სეირნობა და სადმე რესტორანში წახემსება. ახალგაზრდებისთვის არავითარი გასართობი არ არსებობს, ექსკურსიებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ამ სიცარიელეს ვერ ავსებს. სასტუმროებში საღამოობით წვეულებები, ძალიან ჰგავს 90-იანი წლების დისკოთეკებს, ისევ და ისევ მთვრალი ტურისტებით და აგრესიული ადგილობრივებით" - წერს ის.

რუსი ბლოგერი წერს, რომ ექსკურსიაზე ან ჯიპებით დაჰყავთ, ან ავტობუსებით, ახალ ათონსა და რიწაზე, რომელიც ყოველთვის დაბალი ორგანიზებულობით გამოირჩევა და შთაბეჭდილებას მაშინვე აფუჭებს.

"ფოტოებს ათვალიერებ და ფიქრობ, რომ იქ ველური ბუნება და სილამაზე დაგხვდება, მაგრამ ადგილზე ბინძური, დანგრეული და გაოხრებული რეალობა გხვდება... ამიტომაც უწოდებდა უამრავი ბლოგერი რიწას ჭაობს, ასეც არის. ახალგაზრდებმა იქ რა უნდა გააკეთონ - სმა-ჭამა ხომ სახლშიც შეიძლება. ამ განწყობის კომპენსირებას ზღვა ვერ ახერხებს", - წერს ავტორი.

მის ინტერნეტ-პორტალს 40 ათასამდე გამომწერი ჰყავს. აფხაზები, რომლებიც აღნიშნულ პუბლიკაციას გაეცვნენ, წერენ, რომ "სინამდვილეში რუსი ტურისტები თურმე იმაზე მეტ არაკეთილგანწყობას იმსახურებენ, ვიდრე ადგილობრივებისგან იღებენ, რადგან ძალიან უმადურები არიან".

სხვების თქმით, რუსი ტურისტი რეალობას აღწერს, რადგან "რეგიონში ვითარება ყოველწლიურად უარესობისკენ მიდის და დამსვენებელთა რაოდენობა მუდმივად იკლებს".

მთავარი ფოტო: yandex.ru