ავტორი:

"სიტუაცია საკმაოდ რთულია... მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა" - თამარ გაბუნია

"სიტუაცია საკმაოდ რთულია... მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა" - თამარ გაბუნია

დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა იყო მაღალი - 3600 შემთხვევა. ბოლო პერიოდში, ჩვენთვის ისედაც ცხადად იკვეთება სურათი, რომელიც მიუთითებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამწვავებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვებინარზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, დღეის მდგომარეობით, 6000-მდე საწოლია მობილიზებული და როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იგეგმება საწოლების რაოდენობის გაზრდა.

"ჰოსპიტლების მობილიზაცია კვლავაც აქტიურად დაიწყო. გასული თვენახევრის განმავლობაში შედარებით მსუბუქი დატვირთვა გვქონდა ჰოსპიტალურ ქსელზე, მაგრამ ბოლო პერიოდში, დატვირთვამ მოიმატა, მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობენ ჰოსპიტლები და ყოველდღიურად ემატება ჰოსპიტალური საწოლები.

დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში საწოლფონდის გაზრდის აუცილებლობა.

ასევე ემატება სასტუმროები, რომლებმაც აქამდეც, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დაავადების მართვაში და ამ მიმდინარე პერიოდშიც, კვლავ აქტიურად ხდება მათი მობილიზება და მადლობა იმისთვის,რომ გვეხმარებიან რთულ პერიოდში. ვფიქრობ, რომ ყველა პაციენტს ექნება ხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.